ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. ობამას გამოსვლის სრული ტექსტი


თეთრი სახლიპრეს-მდივნის ოფისი_____________________________________________________________________________________დაუყოვნებლივ გასავრცელებლად 1 დეკემბერი, 2009 წ.პრეზიდენტის მიმართვა ხალხს

სამომავლო ღონისძიებათა მიმართულება ავღანეთსა და პაკისტანში ეიზენჰაუერის სახელობის შენობის თეატრიამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია ვესტ პოინტში ვესტ პოინტი, ნიუ იორკი

8:01 P.M. ESTპრეზიდენტი: საღამო მშვიდობისა. ამერიკის შეერთებული შტატების კადეტთა კორპუსს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე მამაკაცებსა და ქალებს და ამერიკელ თანამოქალაქეებს: ამ საღამოს, მე მინდა გესაუბროთ ჩვენი მცდელობების შესახებ ავღანეთში -- ამ ქვეყანაში ჩვენს მიერ დასახული მიზანმიმართებისა და ამოცანების სახეზე, ჩვენი ინტერესების სფეროებსა და სტრატეგიაზე, რომელიც ჩემს ადმინისტრაციას დასახული აქვს ამ ომის წარმატებით დასამთავრებლად. ჩემთვის დიდი პატივია აქ, ვესტ პოინტში ამ სიტყვის წარმოთქმა, სადაც ამდენი მამაკაცი და ქალი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში დგას და ჩვენი ქვეყნის ყოველივე საუკეთესოს წარმოაჩენს.ამ საკითხთა განხილვისას, აუცილებელია გავიხსენოთ, თუ პირველ რიგში რა მიზეზით არის განპირობებული ის, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები იძლებულნი არიან ავღანეთში იომონ. ეს ომი ჩვენ არ გამოგვიწვევია. 2001 წლის 11 სექტემბერს, 11-მა კაცმა გაიტაცა ოთხი თვითმფრინავი და ისინი 3,000 ადამიანის დასახოცად გამოიყენა. მათ შეტევა მიიტანეს ჩვენს სამხედროებზე და ეკონომიკურად უმნიშვნელოვანეს ცენტრებზე. მათ შეიწირეს უდანაშაულო მამაკაცების, ქალების და ბავშვების სიცოცხლე განურჩევლად რელიგიისა, რასისა თუ მდგომარეობისა. ამ თვითმფრინავებიდან ერთ-ერთის მგზავრებს რომ გმირულად არ ემოქმედათ, გამტაცებლები ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთ უდიდეს სიმბოლოზე მიიტანდნენ შეტევას ვაშინგტონში და კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდნენ.როგორც ვიცით, ეს ადამიანები ეკუთვნოდნენ ალ-ქაიდას -- ექსტრემისტულ ჯგუფს, რომლებმაც დაამახინჯეს და შეურაცხყოფა მიაყენეს ისლამს, მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ რელიგიას, იმისათვის, რომ უდანაშაულო ადამიანთა დახოცვა გაემართლებინათ. ალ-ქაიდას საოპერაციო ბაზა იყო ავღანეთში, სადაც ისინი 1იფარავდნენ თალიბანს -- უმოწყალო და რეპრესიულ რადიკალურ მოძრაობას, რომელმაც ამ ქვეყნის კონტროლი აიღო ხელში მას შემდეგ, რაც ქვეყანა დანგრეული და განადგურებული იქნა საბჭოთა მრავალწლიანი ოკუპაციისა და სამოქალაქო ომის შედეგად და მას შემდეგ რაც ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების ყურადღებამ სხვაგან გადაინაცვლა.სულ მალე, 11 სექტემბრის შემდეგ, კონგრესმა ალ-ქაიდასა და მათი მფარველების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ოფიციალური უფლება გასცა -- უფლება, რომელიც დღესაც ძალაშია.

სენატში მიცემული ხმების რაოდენობა 98 – 0-ზე იყო. წარმომადგენელთა პალატაში მიცემული ხმების რაოდენობა იყო 420 – 1-ზე. პირველად, თავისი ისტორიის განმავლობაში, ნატომ მოქმედებაში მოიყვანა მე-5 მუხლი -- უფლება-მოვალეობა, რომლის მიხედვითაც ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა მის ყველა წევრზე თავდასხმად ითვლება.

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ხელი მოაწერა ყველა ძირითად საფეხურს 11 სექტემბრის თავდასხმებისადმი პასუხის გაცემის საქმეში. ამერიკა და ჩვენი მოკავშირეები მოქმედებდნენ როგორც ერთი, რომ ალ-ქაიდას ტერორისტული ქსელი გაენადგურებინათ და ჩვენი საერთო უსაფრთხოება დაეცვათ.ასეთი შიდა სახელმწიფოებრივი ერთიანობისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დროშის ქვეშ -- და მხოლოდ მას შემდეგ რაც თალიბანმა უარი თქვა ოსამა ბინ ლადენის გადაცემაზე -- ჩვენ ავღანეთში ჯარები გავგზავნეთ. სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში, ალ-ქაიდა დაიქსაქსა და მისი ბევრი მებრძოლი მოკლული იქნა. თალიბანი ხელისუფლებიდან განდევნილი და უკუგდებული იქნა.


ადგილს, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ შიშით გარემოცული იყო, ახლა იმედის საფუძველი მიეცა. გაეროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაის მეთაურობით, დროებითი მთავრობა შეიქმნა. ამასთან, ჩამოყალიბდა საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალები, რომელმაც დახმარება უნდა გაუწიოს ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანაში მშვიდობის დამყარების საქმეს.ამის შემდეგ, 2003 წლის დასაწყისში, ერაყში მეორედ ომის დაწყების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ერაყის ომის გარშემო წარმოებული მწვავე დებატები ყველასათვის კარგად არის ცნობილი და ამის გამეორების საჭიროება აქ არ არის. საკმარისია ითქვას, რომ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, ერაყის ომმა ჩვენი ჯარების, ჩვენი რესურსების, ჩვენი დიპლომატიისა და ჩვენი ერის ყურადღების უდიდესი ნაწილი მიიზიდა.

ამასთან, ერაყში შესვლის გადაწყვეტილების მიღებამ ამერიკასა და მსოფლიოს უმეტეს ნაწილს შორის მნიშვნელოვანი ბზარი გააჩინა.დღეს განსაკუთრებულად დიდი დანაკარგების შემდეგ, ჩვენ მოვნახეთ ერაყში სამომავლო ღონისძიებეთა მიმართულება. ჩემი განცხადებისამებრ, პრეზიდენტად გახდომამდე და პრეზიდანტად გახდომის შემდეგ, ჩვენ ერაყის ომი 2საპასუხისმგებლო დასასრულამდე მიგვყავს. ჩვენ საბრძოლო შენაერთებს ერაყიდან მომავალი ზაფხულის დასასრულისათვის გამოვიყვანთ, ხოლო ყველა ჩვენს შეიარაღებულ ძალას კი 2011 წლის დასასრულისათვის. ჩვენი ამგვარი ქმედება არის პატივისცემის გამოხატვაა ყველა მამაკაცისა და ქალისადმი, რომელიც სამხედრო ფორმას ატარებს. (აპლოდისმენტები). მათი გამბედაობის, სიმტკიცისა და უდრეკელობის წყალობით, ჩვენ ერაყელებს მათი მომავლის განსაზღვრისა და ჩამოყალიბების საშუალება მივეცით და ჩვენ წარმატებით ვუტოვებთ ერაყს თავის ხალხს.მაგრამ მაშინ, როცა ჩვენ მძიმე გარჯის შედეგად ერაყში უმნიშვნელოვანეს მიზნებს მივაღწიეთ, ავღანეთში სიტუაცია გაუარესდა. 2001 და 2002 წლებში, ალ-ქაიდას ხელმძღვანელობამ საზღვარი გადაკვეთა, პაკისტანში გადავიდა და იქ თავისთვის უსაფრთხო თავშესაფარი შეიქმნა. თუმცა ავღანელი ხალხის მიერ ლეგიტიმური მთავრობა იქნა არჩეული, მისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები აღმოჩნდა კორუფცია, ნარკოტიკებით ვაჭრობა, განუვითარებელი ეკონომიკა და უსაფრთხოების ძალების უკმარისობა.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, თალიბანი ალ-ქაიდასთან საერთო მიზნებს ინარჩუნებს, ორივე მათგანი ცდილობს რა ავღანეთის მთავრობის ჩამოგდებას. თანდათანობით, თალიბანმა ავღანეთის მიწებზე კონტროლის დამყარება დაიწყო, მაშინ როცა იმავდროულად თალიბანი პაკისტანელი ხალხის წინააღმდეგ ტერორიზმის სულ უფრო და უფრო აღვირახსნილ და გამანადგურებელ აქტებს ახორციელებს.

ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი ჯარების რაოდენობა ავღანეთში უმნიშვნელო იყო იმასთან შედარებით, რაც იყო ერაყში. როდესაც მე საპრეზიდენტო უფლება-მოვალეობების შესრულებას შევუდექი, ავღანეთში მხოლოდ 32,000 ამერიკელი მსახურობდა, მაშინ როცა ერაყის ომის პიკის პერიოდში იქ 160,000 ამერიკელი ჯარისკაცი იყო. ავღანეთის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა, თალიბანის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, არაერთხელ მოითხოვდა დამატებითი ძალებით უზრუნველყოფას, მაგრამ, ასეთ დახმარებას ადგილი არ ჰქონია. სწორედ ამ მიზეზით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შევუდექი, არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, მხარი დავუჭირე დიდი ხნის განმავლობაში არსებულ მოთხოვნას ავღანეთში მეტი ჯარების გაგზავნის შესახებ. ჩვენს მოკავშირეებთან კონსულტაციების შემდეგ, მე გამოვაცხადე სტრატეგია, რომელიც ავღანეთში ჩვენს საომარ მოქმედებებსა და პაკისტანში ექსტრემისტების უსაფრთხო თავშესაფრების არსებობას შორის ფუნდამენტურ კავშირს ითვალისწინებს. მე მიზნად დავისახე ამოცანა, რომლის ვიწროდ განსაზღვრება ჩამოყალიბდა, როგორც ალ-ქაიდასა და მისი ექსტრემისტი მოკავშირეების დარღვევა, დაშლა და დამარცხება. მე პირობა დავდე, რომ ჩვენს სამხედრო და სამოქალაქო ღონისძიებებს უკეთეს კოორდინაციას გავუწევ.3ამის შემდგომ, ჩვენ ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, პროგრესს მივაღწიეთ. განადგურებულნი იქნენ ალ-ქაიდასა და თალიბანის მაღალი რანგის მქონე ლიდერები და ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ალ-ქაიდაზე ზეწოლა მოვახდინეთ. პაკისტანში, ამ ქვეყნის არმიამ წლების განმავლობაში ყველაზე დიდი შეტევები განახორციელა. ავღანეთში, ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა შევძელით თავიდან აგვეცილებინა თალიბანის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობა. და მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს გაყალბების გამო ზიანი მიადგა, არჩევნებმა წარმოქმნა მთავრობა, რომელიც ავღანეთის კანონებსა და კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.ყოველივე ამის მიუხდავად, ჩვენს წინ მეტად რთული ამოცანები რჩება. ავღანეთი დაკარგული არ არის, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ქვეყნის უკუსვლას ჰქონდა ადგილი. არ არის მთავრობის გადაგდების უშუალო საშიშროება, მაგრმ თალიბანმა ძალა მოიკრიბა. ალ-ქაიდა ავღანეთში ისეთი რაოდენობით აღარ აღმოცენებულა, როგორც ეს 11 სექტემბრამდე იყო, მაგრამ, საზღვრის გაყოლებაზე მას კვლავ ხელში უჭირავს თავისი უსაფრთხო თავშესაფრები. იმ პირობებში, როდესაც საქმის დასასრულებლად ჩვენს ჯარებს წინ წაწევა ესაჭიროებათ, მათ არა აქვთ სრული დახმარება, რათა ეფექტურად გაწვრთნან და ითანამშრომლონ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან და უკეთესად დაიცვან მოსახლეობა. ჩვენმა ახალმა მეთაურმა ავღანეთში, გენერალმა მაკ-კრისტალმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სიტუაცია იმაზე მეტად სერიოზულია, ვიდრე ამას იგი მოელოდა. მოკლედ რომ ითქვას, ამგვარი სტატუს კვოს შენარჩუნება შეუძლებელია.როგორც კადეტები, თვენ მოხალისეებად ჩაეწერეთ სამხედრო სამსახურში ასეთ საშიშ პეროდში. ზოგიერთ თქვენგანს უბრძოლია ავღანეთში. ბევრი თქვენგანი იქ გაწვეული იქნება. როგორც თქვენს მთავარსარდალს, მე მმართებს ნათლად განგისაზღვროთ მისია, რომელიც თქვენს სამსახურს შეეფერება. სწორედ ამ მიზნით, როდესაც ავღანეთში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა, მე მოვითხოვე ჩვენი სტრატეგიის დაწვრილებითი განხილვა. ნება მომეცით, ნათლად განვაცხადო: ჩემს წინაშე არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი წინადადება, რომელიც ჯარების დისლოცირებას მოითხოვდა 2010 წლამდე; ამდენად, ამ განხილვის შედეგად არ მოჰყოლია არავითარი შეყოვნება ან არ მომხდარა უარის თქმა იმ რესურსებზე, რომლებიც აუცილებელია ომის საწარმოებლად. პირიქით, განხილვამ საშუალება მომცა რთული კითხვები დამესვა და ჩემს სახელმწიფო უშიშროების ჯგუფთან, ავღანეთში ჩვენს სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობასთან და ჩვენს ძირითად პარტნიორებთან ერთად შემესწავლა ყველა სხვადასხვა ვარიანტი. ვიცით რა თუ როგორი ამოცანების წინაშე ვდგავართ, სწორედ ეს იყო ჩემი მოვალეობა ამერიკელი ხალხის წინაშე და ჩვენი ჯარების წინაშე.განხილვა უკვე დასრულებულია და მე, როგორც მთავარსარდალმა, განვსაზღვრე, რომ ჩვენი სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვს ავღანეთში 4დამატებით 30,000 ჯარისკაცის გაგზავნას. 18 თვის შემდეგ, ჩვენი ჯარი უკან დაბრუნებას დაიწყებს. ეს რესურსები ჩვენ ინიციატივის ხელში ასაღებად გვესაჭიროება, იმ დროს როცა ჩვენ ვზრდით ავღანელთა შესაძლებლობებს, რაც საშუალებას მოგვცემს ავღანეთიდან ჩვენი ძალების გამოყვანა მთელი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მოვახდინოთ.მე ეს გადაწყვეტილება ადვილად არ მიმიღია. მე ერაყში ომის წინააღმდეგი სწორედ იმის გამო ვიყავი, რომ მე ვთვლი, ჩვენ სამხედრო ძალის გამოყენებას ზომიერად უნდა ვახდენდეთ და ყოველთვის ვითვალისწინებდეთ ჩვენი მოქმედებების გრძელვადიან შედეგებს. უკვე რვა წელიწადია, რაც ჩვენ ომს ვაწარმოებთ, სიცოცხლისა და რესურსების უზარმაზარი დანაკარგების ფასად. ერაყისა და ტერორიზმის შესახებ წლების განმავლობაში კამათმა, სახელმწიფო უშიშროების საკითხების შესახებ ჩვენი ერთიანობა დააქუცმაცა და ამ საქმეში მეტად პოლარიზებული და არაობიექტური ფონი შექმნა. გარდა ამისა, ახლახანს განვიცადეთ რა დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე ცუდი ეკონომიკური კრიზისი, გასაგები მიზეზების გამო, რომ ამერიკელი ხალხის ყურადღება გადატანილია ჩვენი ეკონომიკის აღდგენასა და ხალხის დასაქმებაზე სახელმწიფოს შიგნით.მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება თქვენგან, როგორ სამხედროებისაგან, უფრო მეტს ითხოვს -- თქვენგან და თქვენი ოჯახებისაგან, რომელთაც უკვე ყველაზე მეტი სიმძიმეები გაქვთ გადატანილი. როგორც პრეზიდენტს, მე ხელი მაქვს მოწერილი ომში დაღუპული ყველა ამერიკელის ოჯახებისათვის გაგზავნილ თითოეულ მისასამძირებელ წერილზე. მე წაკითხული მაქვს ჯარში გაწვეულთა მშობლებისა და მეუღლეებისაგან მიღებული წერილები. მე მომინახულებია ჩვენი ვაჟკაცი დაჭრილი მეომრები ვოლტერ რიდში. მე ჩავედი დოვერში, რათა დავხვედროდი დროშაგადაკრულ სასახლეებს იმ 18 ამერიკელისა, რომელიც დაბრუნდნენ სახლში, თავიანთ სამუდამო განსასვენებელ ადგილას. მე უშუალოდ ვხედავ ომის საშინელ შედეგებს. მე რომ არ ვფიქრობდე, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას საშიშროება არ ემუქრებოდეს ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო, მე სიამოვნებით გავცემდი თითოეული ჩვენი ჯარისკაცის ხვალ სამშობლოში დაბრუნების ბრძანებას.ამგვარად, ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ადვილი არ არის. მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ, რადგანაც დარწმუნებული ვარ რომ ჩვენს უსაფრთხოებას ავღანეთსა და პაკისტანში საშიშროება ემუქრება. ეს არის ეპიცენტრი იმ ძალადობრივი ექსტრემიზმისა, რომელსაც პრაქტიკულად ახორციელებს ალ-ქაიდა. ჩვენზე 11 სექტემბრის თავდასხმა სწორედ იქიდან განხორციელდა და სწორედ იქიდან იგეგმება ახალი შეტევები, სწორედ ამ წუთას, როდესაც მე ახლა ვლაპარაკობ. ეს არ არის მოჩვენებითი საშიშროება; არ არის უსაფუძვლო საშიშროება. და ეს საშიშროება მხოლოდ გაიზრდება, თუკი რეგიონის საქმე უკან წავა, სადაც ალ-ქაიდას დაუსჯელად მოქმედება შეეძლება. ჩვენ ალ-ქაიდაზე ზეწოლა უნდა შევინარჩუნოთ 5და ამისათვის, უნდა გავზარდოთ რეგიონში ჩვენი პარტნიორების სტაბილურობა და შესაძლებლობები.რა თქმა უნდა, ეს ტვირთი მხოლოდ ჩვენი სატარებელი არ არის. ეს არ არის მხოლოდ ამერიკის მიერ წარმოებული ომი. 11 სექტემბრის შემდეგ, ალ-ქაიდას უსაფრთხო თავშესაფრები ლონდონში, ამანსა და ბალიში ტერორისტული შეტევების წყარო გახდა.

როგორც ავღანეთის, ასევე პაკისტანის ხალხი და მთავრობები საშიშროების ქვეშ არიან. სიტუაცია კიდევ უფრო სერიოზულია ბირთვული შეიარაღების მქონე პაკისტანში, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ალ-ქაიდა და სხვა ექსტრემისტები ეძიებენ ბირთვულ იარაღს და ჩვენ ყველა საფუძველი გაგვაჩნია ვიფიქროთ, რომ ისინი ამ იარაღს გამოიყენებენ.ეს ფაქტები ჩვენ იმისაკენ გვიბიძგებს, რომ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად ვიმოქმედოთ. ჩვენი ყოვლისმომცველი მიზანი იგივე რჩება: დავარღვიოთ, დავშალოთ და დავამარცხოთ ალ-ქაიდა ავღანეთსა და პაკისტანში და აღვკვეთოთ მისი შესაძლებლობა, რომ მან ამერიკასა და მის მოკავშირეებს მომავალში საფრთხე არ შეუქმნას.ამ ამოცანის განსახორციელებლად, ჩვენ ავღანეთში შემდგომ მიზნებს ვისახავთ; არ უნდა მივცეთ ალ-ქაიდას საშუალება, ჰქონდეს უსაფრთხო თავშესაფრები. უნდა შევაჩეროთ თალიბანის წინსვლა და მოქმედებები და არ მივცეთ მას მთავრობის ჩამოგდების საშუალება.

ამასთან, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების უნარიანობა და მთავრობა, რომ მათ ავღანეთის მომავალზე პასუხისმგებლობის აღება შეეძლოთ.ამ მიზნებს სამი გზით განვახორციელებთ: პირველ რიგში, ჩვენ გამოვიყენებთ სამხედრო სტრატეგიას, რომელიც შეაჩერებს თალიბანის წინსვლას და გაზრდის ავღანეთის შესაძლებლობებს მომავალი 18 თვის განმავლობაში.დამატებითი 30,000 ჯარისკაცის დისლოცირება, რასაც მე დღეს ვაცხადებ, 2010 წლის პირველ ნახევარში მოხდება, შეძლებისდაგვარად ყველაზე უსწრაფესი საშუალებით, რომ ამ ძალებმა შეძლონ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე შეტევის განხორციელება და დაიცვან ძირითადი დასახლებული ცენტრები. ეს გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს, რომ გავწვრთნათ ეფექტური მოქმედების უნარის მქონე ავღანური უსაფრთხოების ძალები და მათთან ისეთი პარტნიორობა დავამყაროთ, რომ ბრძოლაში მეტი ავღანელის ჩართვა მოხდეს. ისინი შექმნიან პირობებს, რითაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ავღანელებისათვის პასუხისმგებლობის გადაცემის საშუალება მიეცემა.რადგანაც ეს საერთაშორისო მცდელობაა, მე ვთხოვე ჩვენს მოკავშირეებს, რომ შემოგვიერთდნენ და თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში. ზოგიერთმა მათგანმა 6უკვე გამოყო დამატებითი ჯარები და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მომავალ დღეებსა და კვირებში, ამ საქმეში მეტი დახმარება იქნება. ჩვენი მეგობრები ჩვენთან ერთად იბრძვიან, სისხლს ღვრიან და კვდებიან ავღანეთში. ახლა, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რომ ეს ომი წარმატებით დავასრულოთ; რადგანაც, საფრთხე ნატოს სანდოობის გამოცდას კი არ ემუქრება, არამედ საქმე ეხება ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას და მსოფლიოს საერთო უსაფრთხოებას.

მაგრამ ეს ყველაფერი ეს ერთად აღებული, დამატებითი ამერიკული და საერთაშორისო ჯარები, შესაძლებლობას მოგვცემს დავაჩქაროთ ავღანური ძალებისათვის პასუხისმგებლობის გადაცემა და დავიწყოთ ავღანეთიდან ჩვენი საბრძოლო ნაწილების გამოყვანა 2011 წლის ივლისში. ზუსტად ისე, როგორც ეს ერაყში გავაკეთეთ, ჩვენ ამ გადასვლას პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ადგილზე არსებული მდგომარეობის გავითვალისწინებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისათვის რჩევებისა მიცემასა და დახმარების გაწევას, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ისინი ამ საქმეს მომავალშიც წარმატებით გაართმევენ თავს. ავღანეთის მთავრობისა და უფრო მეტად კი ავღანელი ხალხისათვის, ცხადი უნდა გახდესმ რომ საბოლოოდ თავის ქვეყანაზე მხოლოდ ისინი აგებენ პასუხს.მეორე, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ავღანელ ხალხთან ერთად, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სამოქალაქო ძალისხმევა, რათა ავღანეთის მთავრობამ შეძლოს ისარგებლოს გაუმჯობესებული უსაფრთხოებით.ეს ძალისხმევა ამოცანათა შესრულებისუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული. ცარიელი ჩეკების გაცემის დრო წავიდა. პრეზიდენტმა პრეზიდენტმა ყარზაიმ, თავის საინაგურაციო გამოსვლაში სწორი განცხადება გააკეთა ახალი მიმართულებით მოძრაობის შესახებ.

წინსვლის პროცესში, ჩვენ ნათლად გამოვხატავთ, თუ რას მოველით ჩვენ მათგან ვინც ჩვენგან დახმარებას იღებს. ჩვენ მხარს დავუჭერთ ავღანეთის სამინისტროებს, მმართველობას და ადგილობრივ ლიდერებს, რომლებიც ებრძვიან კორუფციას და ხალხის სასიკეთოდ მოქმედებენ. ჩვენ მოველით, რომ ის ვინც არაეფექტური ან კორუმპირებულია, პასუხს აგებს.

ასევე, ჩვენ დახმარების დარგში ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ სფეროებზე, როგორიცაა აგროკულტურა, რასაც ავღანელი ხალხის ცხოვრებაზე უშუალო ზემოქმედების მოხდენა შეუძლია.ავღანელმა ხალხმა ათეულობით წლების განმავლობაში ბევრი ძალადობა გადაიტანა. მათ მოუწიათ ოკუპაციისადმი წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც განხორციელდა ჯერ საბჭოთა კავშირის, ხოლო შემდეგ კი ალ-ქაიდას უცხოელი მებრძოლების მიერ, რომლებიც ავღანეთის მიწას თავიანთი მიზნებისთვის იყენებდნენ. ამგვარად, მე მსურს, რომ ავღანელმა ხალხმა გაიგოს -- ამერიკა ეძიებს ამ ომისა და ტანჯვის ეპოქის დასრულების გზას. ჩვენ არ გვაქვს თქვენი ქვეყნის ოკუპაციის ინტერესი. ჩვენ მხარს დავუჭერთ ავღანეთის მთავრობის ძალისხმევას,7რომ კარი გაუღოს თალიბანის იმ წევრებს, რომლებიც უარს იტყვიან ძალადობაზე და რომელთაც თანამოქალაქეებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა გააჩნიათ. ჩვენ ვეძიებთ ავღანეთთან ისეთ პარტნიორობას, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება დამყარებული -- რათა მოხდეს მათი იზოლირება, ვინც ანადგურებს; მოხდეს მათი გაძლიერება, ვინც აშენებს; დაჩქარდეს ჩვენი ჯარების გაყვანის დღე და ჩამოყალიბდეს მტკიცე მეგობრობა, სადაც ამერიკა თქვენი პარტნიორი იქნება და არასოდეს თქვენი ბატონი.მესამე, ჩვენ ვიმოქმედებთ სრული შეგნებით, რომ ავღანეთში ჩვენი წარმატება განუყოფლადაა დაკავშირებული პაკისტანთან ჩვენ თანამშრომლობასთან.ჩვენ ავღანეთში ვართ, რათა ხელი შევუშალოთ კიბოს კიდევ ერთხელ მოდებას ამ ქვეყანაში. მაგრამ იგივე კიბო ასევე გავრცელდა მეზობელ რეგიონში, პაკისტანში. სწორედ ამიტომ გვჭირდება ისეთი სტრატეგია, რომელიც საზღვრის ორივე მხარეს იმუშავებს.წარსულში, პაკისტანში იყვნენ ისეთები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მათი ბრძოლა არ არის და რომ პაკისტანისათვის უკეთესი იქნება, თუ მცირედს გააკეთებს ან დაახლოვდება მათთან, ვინც ძალადობას იყენებს. მაგრამ როდესაც გასულ წლებში უდანაშაულო ადამიანები იქნენ მოკლულნი ყარაჩიდან ისლამაბადის ჩათვლით, ცხადი გახდა, რომ ექსტრემიზმისაგან საფრთხე სწორედ პაკისტანელ ხალხს ემუქრებოდა.

საზოგადოებრივი აზრი შეიცვალა. პაკისტანის არმიამ შეტევები განახორციელა სვატსა და სამხრეთ ვაზირისტანზე. ეჭვგარეშეა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პაკისტანს საერთო მტერი ჰყავს.წარსულში, ჩვენ პაკისტანთან ურთიერთობას ხშირად ვიწროდ განვსაზღვრავდით. ეს დღეები წარსულს ჩაბარდა. მივდივართ რა წინ, ჩვენ ერთგულად ვაგრელებთ პაკისტანთან პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესებს, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. ჩვენ გავაძლიერებთ პაკისტანის უნარიანობას, რომ მას საშუალება ჰქონდეს იერში მიიტანოს იმ ჯგუფებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს საშიშროებას უქმნიან; ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით უსაფრთხო თავშესაფრების არსებობას ტერორისტებისათვის, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილია და რომელთა მიზნებიც კარგად არის ცნობილი. ამერიკა ასევე მნიშვნელოვან რესურსებს აწვდის პაკისტანს დემოკრატიისა და განვითარებისათვის. ჩვენ ყველაზე დიდ საერთაშორისო მხარდამჭერს წარმოვადგენთ პაკისტანში ბრძოლების შედეგად განდევნილი და ლტოლვილი პაკისტანელებისათვის. წინსვლის პრიცესში, პაკისტანელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამერიკა კვლავაც იქნება პაკისტანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხარდამჭერი, მას შემდეგ რაც იქ იარაღის 8სროლა შეწყდება, რაც პაკისტანელ ხალხს თავიანთი დიდ პოტენციალის გამომჟღავნების საშუალებას მისცემს.ჩვენი სტრატეგიის სამი ძირეული ელემენტი შემდეგია: სამხედრო მოქმედებები, რომლებიც პასუხისმგებლობის გადაცემის პირობებს შექმნის; სამოქალაქო ძალების თავმოყრა, რაც გააუმჯობესებს პოზიტიურ ქმედებებს; და პაკისტანთან ეფექტური პარტნიორობა.მე ვაცნობიერებ, რომ ჩვენს მიდგომასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ეჭვები.

ნება მომეცით, მოკლედ შევეხო ზოგიერთ უფრო ცნობილ არგუმენტს, რომელიც მე მომისმენია და რომელსაც მე ძალიან სერიოზულად აღვიქვამ.პირველი - არიან ისინი, რომლებიც გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ავღანეთი მეორე ვიეტნამია. ისინი ამტკიცებენ, რომ შეუძლებელია ავღანეთის სტაბილიზაცია და უმჯობესია, თუ ჩვენ მეტ დანაკარგებს აღარ დავუშვებთ და იქიდან სასწრაფოდ გამოვალთ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი არგუმენტი ისტორიის მცდარად წაკითხვას ნიშნავს. ვიეტნამისაგან განსხვავებით, ჩვენთან ერთად არის 43 სახელმწიფოსაგან შემდგარი ფართო კოალიცია, რომლებიც ჩვენი მოქმედებების ლეგიტიმურობას სცნობენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიეტნამისაგან განსხვავებით, ავღანეთიდან საშინელი შეტევა განხორციელდა ამერიკელ ხალხზე, რომელიც კვლავ სამიზნედ რჩება იმავე ექსტრემისტებისათვის, რომლებიც ავღანეთის საზღვრებიდან ისევ გეგმავენ შეტევებს. ამ ადგილის ახლა მიტოვება და ალ-ქაიდას წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებათა მხოლოდ დისტანციურ მართვაზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ჩვენს მიერ ალ-ქაიდაზე ზეწოლის შესაძლებლობას და წარმოქმნის ჩვენს მიწა-წყალზე და ჩვენს მოკავშირეებზე დამატებითი შეტევების განხორციელების დაუშვებელ რისკს.მეორე - არიან ისინი, რომლებიც ცნობენ, რომ ავღანეთის დატოვება ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ის დღეს არის, არ შეიძლება; მაგრამ ისინი თვლიან, რომ ჩვენ შეგვიძლია წინსვლა გავაგრძელოთ იმ ჯარებით, რომლებიც უკვე იქ არიან. ამგვარი ქმედება უბრალოდ სტატუს კვოს შენარჩუნება იქნებოდა, რომელშიც ჩვენ მოუწესრიგებლად ვმოქმედებთ, რაც იქაური სიტუაციისა და პირობების თანდათანობით დეგრადაციას მოახდენდა. საბოლოოდ, ასეთი მიდგომა უფრო მეტ დანაკარგებს გამოიწვევდა და ავღანეთში ჩვენს ყოფნას გაახანგრძლივებდა, რადგანაც ჩვენ ვერასოდეს ვერ შევქმნიდით იმ პირობებს, რომლებიც საჭირო იქნებოდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წვრთნისათვის და მათთვის პასუხისმგებლობის გადაბარებისათვის.და ბოლოს, არიან ისეთებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ ვადების დადგენას, როდესაც ჩვენ ავღანელებს პასუხისმგებლობა უნდა გადავაბაროთ. მართალია ის, რომ ზოგიერთები მოუწოდებენ ჩვენი საომარი ძალისხმევის უვადო 9ესკალაციისაკენ, რაც ჩვენ ჩაგვრთავს სახელმწიფოს მშენებლობის თითქმის ათწლიან პროექტში. მე ამ კურსს უარვყოფ, რადგან ის ისეთ მიზნებს ისახავს, რომელთა მიღწევაც შეუძლებელია დასაშვები ხარჯების ფარგლებში და რომლებიც ჩვენ გვჭირდება ჩვენი ინტერესების დასაცავად.

უფრო მეტიც, პასუხისმგებლობის გადაცემის კონკრეტული ვადების არქონა ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნებოდა ავღანეთის მთავრობასთან მუშაობაში. ნათელი უნდა იყოს, რომ ავღანელებმა თავიანთი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე უნდა აიღონ, რადგან ამერიკა არ არის დაინტერესებული ავღანეთში უსასრულო ომით.როგორც პრეზიდენტი, მე უარს ვამბობ ისეთი მიზნების დასახვაზე, რომლებიც ჩვენი პასუხისმგებლობის სფეროებს, მიზნის მიღწევის საშუალებებსა და ჩვენს ინტერესებს სცილდება. მე უნდა შევაფასო ყველა ის სირთულე, რომელთა წინაშეც ჩვენი ერი დგას. მე არ არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ მხოლოდ ერთზე გავამახვილო ყურადღება. მართლაც, მე არ მავიწყდება პრეზიდენტ ეიზენჰაუერის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში:

"ყველა გეგმა შეფასებული უნდა იყოს უფრო ფართო ანალიზის შუქზე: ბალანსის დაცვა საჭიროა ეროვნული პროგრამების შიგნით და პროგრამებს შორის. "უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ ეს ბალანსი დავკარგეთ. ჩვენ ვერ შევაფასეთ ის კავშირი, რომელიც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასა და ჩვენს ეკონომიკას შორის არსებობს. ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ, ძალიან ბევრი ჩვენი მეზობელი და ახლობელი უმუშევარია და უჭირს გადასახადების გადახდა. ძალიან ბევრ ამერიკელს აფიქრებს ჩვენი ბავშვების მომავალი. ამავე დროს, გლობალური ეკონომიკაში კონკურენცია უფრო დაუნდობელი გახდა. ჩვენ უბრალოდ, საშუალება აღარ გვაქვს ამ ომების ხარჯებს იგნორირება გავუკეთოთ.ყოველივე ზემოთქმულთან, იმ პერიოდში, სანამ მე პრეზიდენტის უფლება-მოვალეობის შესრულებას შევიდგებოდი, ომების ფასმა ერაყსა და ავღანეთში ტრილიონ დოლარს მიაღწია. მივდივართ რა წინ, მე მიზნად ვისახავ ამ ხარჯების საკითხთა ღია და გულახდილ განხილვას. ჩვენი ახალი მიდგომა და ავღანეთში და მასთან დაკავშირებული სამხედრო ხარჯები დაახლოებით 30 ბილიონი დოლარი დაჯდება და მე კონგრესთან ერთად ვიმუშავებ ამ ხარკებუს საკითხებზე, იმ პირობებში როცა ჩვენ დეფიციტის შემცირებაზე ვმუშაობთ.ერაყში ომის დამთავრებისა და ავღანელებზე პასუხისმგებლობის გადაცემის პირობებში, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი სიძლიერე აქ, ჩვენს სახლში. ჩვენი კეთილდღეობა ჩვენი ძლიერების საძირკველია.

ის ჩვენი სამხედრო ძალების ხარჯებს ფარავს. ის ხელს უწყობს ჩვენს დიპლომატიას. ის ჩვენი ხალხის პოტენციას ზრდის და ახალ დარგებში ინვესტიციების გაკეთებას შესაძლებლობას იძლევა.

იგი ჩვენ საშუალებას მოგვცემს ისეთივე კონკურეციის უნარი გვქონდეს ამ საუკუნეში,10როგორიც ჩვენ წინა საუკუნეში გვქონდა. სწორედ ამის გამო, ჩვენი ჯარების ავღანეთში ყუფნა არ შეიძლება უვადო იყოს -- რადგანაც, სახელმიწიფო, რომლის აღმშენებლობაშიც მე ყველაზე მეტად ვარ დაინტერესებული, ეს თავად ჩვენი სახელმწიფოა.მე მინდა პირდაპირ განვაცხადო: არც ერთი ამოცანის შესრულება არ იქნება ადვილი. ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლა სწრაფად არ დამთავრდება და იგი ავღანეთისა და პაკისტანის ფარგლებს სცილდება. ეს იქნება ჩვენი თავისუფალი საზოგადოების გამძლეობისა და მსოფლიოში ჩვენი, როგორც ლიდერის როლის გამოცდა. განსხვავებით დიდი ძალების კონფლიქტებისა და ნათლად მოცემული დაპირისპირებებისაგან, რაც მე-20 საუკუნისათვის იყო დამახასიათებელი, ჩვენი საქმე გვექნება არაკონტროლირებად რეგიონებთან, სავალალო მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოებთან და სხვადასხვა ადგილას გავრცელებულ მტერთან.ამრიგად, ამერიკამ უნდა აჩვენოს ჩვენი სიძლიერე იმ მიმართულებისა, რომლითაც ჩვენ ვამთავრებთ ომებს და თავიდან ვიცილებთ კონფლიქტს -- და არა მხოლოდ ის, თუ როგორ ვაწარმოებთ ომებს. სამხედრო ძალის გამოყენებაში ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მოხერხებულობა და სიზუსტე. იქ სადაც ალ-ქაიდა და მისი მოკავშირეები ფეხის მოკიდებას ცდილობენ -- სომალიში, იემენსა თუ სხვა ადგილებში -- მათ უნდა დაუპირისპირდეს მზარდი ზეწოლა და ძლიერი თანამშრომლობა.გარდა ამისა, ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ სამხედრო სიძლიერეზე დაყრდნობა. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს უშიშროების სამსახური, რადგანაც ჩვენ არ შეგვიძლია საზღვარგარეთ არსებული ყველა მოძალადე ექსტრემისტის დაჭერა ან განადგურება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი დაზვერვის გაუმჯობესება და უკეთესი კორდინაცია, რომ ერთი ნაბიჯით წინ ვუსწრებდეთ ჩრდილოვან ორგანიზაციათა ქსელებს.ჩვენ თავიდან უნდა მოვიშოროთ მასობრივი განადგურების საშუალებები. სწორედ ამ მიზეზით, ჩემი საგარეო პოლიტიკის ცენტრალურ საყრდენად გავიხადე გაფანტული ბირთვული მასალების ტერორისტების ხელყოფისაგან დაცვა, ბირთვული იარაღის გავრცელების შეჩერება და მიზანდასახულობა, რომ მსოფლიო ამ იარაღის გარეშე არსებობდეს -- რადგან ყველა ერმა უნდა გააცნობიეროს ის, რომ მეტი და მეტი დესტრუქციული იარაღით გაუთავებელი შეიარაღება ჭეშმარიტ უსაფრთხოებას არასოდეს მოიტანს; ნამდვილ უსაფრთხოებას ის მიაღწევს, ვინც ამ იარაღს უარყოფს.ჩვენ დიპლომატია უნდა გამოვიყენით, რადგან არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია მარტოდმატო ქმედებებით ურთიერთდაკავშირებული სამყაროს რთულ პირობებში არსებობა. ამ წელიწადს დაკავებული ვიყავი არსებული კავშირების 11განახლებითა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებით. ჩვენ ახალი დასაწყისი მივეცით ამერიკასა და მუსლიმურ სამყაროს შორის ურთიერთობას -- ისეთს, რომელიც კონფლიქტის ციკლის შეწყვეტაში ჩვენს საერთო ინტერესებს აღიარებს და რომელიც ისეთ მომავალს გვპირდება, სადაც ის ვინც უდანაშაულოს კლავს, იზოლირებულია მათ მიერ, ვინც მშვიდობას, კეთილდღეობასა და ადამიანის ღირსებას იცავს.და ბოლოს, ჩვენ უნდა ვეყრდნობოდეთ ჩვენი ღირებულებების სიძლიერეს -- რადგანაც ის სირთულეები, რომელთა წინაშეც ჩვენ ვდგავართ, შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ის რისიც ჩვენ გვწამს, უცვლელია. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენს ღირებულებებს ხელს უნდა ვუწყობდეთ და მათ პრაქტიკულად სწორედ ჩვენს სახელმწიფოში მივსდევდეთ. სწორედ ამ მიზეზით, მე ავკრძალე წამება და დავხურავ გუანტანამოს ციხეს. ჩვენ ცხადი უნდა გავხადოთ მთელს მსოფლიოში ყველა მამაკაცის, ქალისა და ბავშვისათვის, რომლებიც ტირანიის შავი ღრუბლის ქვეშ ცხოვრობენ, რომ ამერიკა მათი ადამიანთა უფლებების დასაცავად ხმას აიმაღლებს და იზრუნებს თავისუფლებაზე, სამართლიანობაზე, პოტენციალზე და ღირსების პატივისცემაზე ყველა ადამიანისათვის. ეს არის ის, რაც ჩვენ ვართ. ეს არის წყარო, ამერიკის ავტორიტეტის მორალური წყარო.ფრანკლინ რუზველტის დღეებიდან დაწყებული, ჩვენი წინაპრების მიერ გაწეული სამსახურითა და თავგანწირვით, ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო საქმეების სფეროში განსაკუთრებული ტვირთი აქვს ნაკისრი. ჩვენ ამერიკული სისხლი მრავალ ქვეყანაში და ბევრ კონტინენტზე დაგვიღვრია. ჩვენი შემოსავალი დაგვიხარჯავს სხვათა დასახმარებლად, რათა მათ ნანგრევებიდან აეშენებინათ და განევითარებინათ თავიანთი ეკონომიკა. ჩვენ სხვებიც შემოგვიერთდნენ, რათა შეგვემუშავებინა არქიტექტურა ინსტიტუტებისა -- გაერთიანებული ერების ორგანიზაციით დაწყებული და ნატოსა და მსოფლიო ბანკის ჩათვლით -- რომლებიც უზრუნველყოფენ საერთო უსაფრთხოებასა და ადამიანთა კეთილდღეობას.

ჩვენ ყოველთვის არ გვემადლიერებოდნენ ამ ძალისხმევებისათვის და ზოგჯერ ჩვენ შეცდომებიც დაგვიშვია. მაგრამ ყველა სხვა ერზე მეტად, უკვე ექვს ათწლეულზე მეტია, რაც ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე დგას -- ამ დროის განმავლობაში მას უნახავს ნგრევა, ახალი ბაზრების გახსნა, მილიონობით ადამიანის სიღარიბიდან გათავისუფლება, შეუდარებელი სამეცნიერო პროგრესი და ადამიანის თავისუფლების საზღვრების გაფართოება და წინსვლა.განსხვავებით სხვა ადრე არსებული დიდი ძალებისაგან, ჩვენ არასოდეს მივილტვოდით მსოფლიო ბატონობისაკენ. ჩვენი კავშირი დაფუძნდა ჩაგვრაზე წინააღმდეგობის გაწევის საფუძველზე. ჩვენ მიზნად არ გვაქვს სხვა ერების ოკუპაცია. ჩვენ პრეტენზიას არ განვაცხადებთ სხვა სახელმწიფოს რესურსებზე ან არ დავუწყებთ 12დევნას სხვა ხალხს, იმ მიზეზით, რომ მათი რწმენა ან ეთნიკური წარმოშობა ჩვენისაგან განსხვავდება. ის რისთვისაც ჩვენ გვიბრძოლია და რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, უკეთესი მომავალია ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის.

და ჩვენ გვჯერა, რომ მათი ცხოვრება უფრო უკეთესი იქნება, თუ სხვა ხალხების შვილებსა და შვილიშვილებსაც მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა. (აპლოდისმენტები).როგორც ქვეყანა, ჩვენ არა ვართ ისეთი ახალგაზრდა -- და ალბათ არც ისეთი უდანაშაულო -- როგორც ჩვენ მაშინ ვიყავით, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი რუზველტი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მემკვიდრეები ვართ თავისუფლებისათვის ღირსეული ბრძოლისა. და ახლა ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ მთელი ჩვენი ძალა და მორალური შეგონება, რათა ახალი ეპოქის სირთულებს გავუმკლავდეთ.და ბოლოს, ჩვენი უსაფრთხოება და ლიდერობა არ მომდინარეობს მხოლოდ ჩვენი შეიარაღების სიძლიერიდან. ის მომდინარეობს ჩვენი ხალხიდან -- იმ მშრომელებიდან და ბიზნესებიდან, ვინც ჩვენს ეკონომიკას აღადგენს; მეწარმეებიდან და მკვლევარებიდან, რომლებიც საფუძველს ჩაუყრიან ახალ ინდუსტრიებს; მასწავლებლებიდან, რომლებიც ჩვენს ბავშვებს განათლებას მისცემენ და მშრომელებიდან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევიან; დიპლომატებიდან და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებიდან, ვინც საზვარგარეთ იმედს თესავს; და იმ მამაკაცებიდან და ქალებიდან, რომლებიც სამხედრო ფორმას ატარებენ და რომლებიც თავშეწირვათა იმ გაუწყვეტელი ხაზის ნაწილი არიან, რომელმაც ხალხის მთავრობა ხალხის მიერ და ხალხისათვის შექმნა და ეს დედამიწაზე რეალობად აქცია. (აპლოდისმენტები).

ამ დიდსა და მრავალფეროვან სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა საკითხზე ყოველთვის ერთი და იგივე აზრი არ ექნება -- და არც უნდა ჰქონდეს. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ როგორც ქვეყანა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ჩვენს მოწინავე როლს და ვერც ჩვენს დროში აღმოცენებულ სირთულეებს გავართმევთ თავს, თუ ჩვენ საკუთარ თავს ნებას მივცემთ ერთმანეთს გავემიჯნოთ ბრაზისა და ცინიზმის გამო და მიკერძოების გამო, რამაც ბოლო ხანებში ჩვენს ეროვნულ სჯა-კამათს თავისი კვალი დააჩინა.ადვილია იმის დავიწყება, რომ როდესაც ეს ომი დაიწყო, ჩვენ გაერთიანებულნი ვიყავით -- ერთად შეკრულები, რადგანაც მეხსიერებას ცოცხლად ახსოვდა ის საშინელი თავდასხმა და ერთად შეკრულები ვიყავით იმ მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ დაგვეცვა ჩვენი სამშობლო და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენთვის ესოდენ ძვირფასია. მე უარვყოფ იმ თვალსაზრისს, თითქოს ჩვენ არ შეგვიძლია კვლავაც ვიქონიოთ ასეთი ერთიანობა. (აპლოდისმენტები).

მე ჩემი მთელი არსების ყველა უჯრედით მჯერა, რომ ჩვენ -- როგორ ამერიკელებს -- კვლავაც შეგვიძლია საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანება, რადგან ჩვენი ღირებულებები არ არის პერგამენტზე დაწერილი უბრალო სიტყვები -- არამედ ისინი არის რწმენა,1314რომელიც ჩვენ ერთიანობისაკენ მოგვიწოდებს და რომელსაც ჩვენ არაერთხელ ვუტარებივართ ბნელ ქარიშხლებში, როგორც ერთი ერი და ერთი ხალხი.ამერიკა -- ჩვენ დიდი გამოცდის პერიოდში ვიმყოფებით. და ის განცხადება, რომელსაც ჩვენ ამ ქარიშხლების შუაგულში ვაკეთებთ, ნათელი უნდა იყოს: რომ ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენი გადაწყვეტილება კი ურყევი. ჩვენ ვივლით იმ თავდაჯერებით, რომ სიმართლე სიძლიერეს წარმოშობს და იმ რწმენით, რომ ამერიკა არის უფრო დაცული და მსოფლიო კი უფრო უსაფრთხო და რომ მომავალი ყველაზე ძლიერ შიშთან კი არ ასოცირდება, არამედ ყველაზე დიდ იმედებთან. (აპლოდისმენტები).გმადლობთ. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. (აპლოდისმენტები). დიდი მადლობა. გმადლობთ. (აპლოდისმენტები).დასასრული 8:35 P.M. EST

XS
SM
MD
LG