ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობაზე საუბრობს


ამერიკა და საქართველო უკვე რამდენიმე წელია სტრატეგიული პარტნიორობის კოორდინაციისა და გაღრმავების მიზნით ყოველწლიურ ორმხრივ თავდაცვით კონსულტაციებს მართავენ. მოლაპარაკებები შარშან ამერკიაში, ხოლო წელს კი თბილისში ჩატარდა.

ორ ქვეყანას შორის სამხედრო ურთიერთობებსა და სხვა დაკავშირებულ თემებზე ამერიკის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილეს კავკასიისა და ევრაზიის საკითხებში, ქალბატონ სელესტ ვოლანდერს ვესაუბრე.

ქალბატონი სელესტი ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის თბილისში ბრძანდებოდა. მისი თქმით, შეხვედრებზე განხილული თები სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში ჯდებოდა, თუცა მათი ფორმატი ქარტიის მოლაპარაკებებისგან განსხვავდება. მსგავსი შეხვედრების ძირითადი დანიშნულება პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის შეფასება და სამომავლო გეგმების შეთანხმებაა. წელს ჩატარებულ ორმხრივ შეხვედრაზე ქალბატონი ვოლანდერის თქმით: "ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ აფასებს შეერთებული შტატები თანამშრომლობის სტატუსს და რა ახლი თანმაშრომლობის შესაძლებლობებს ან არსებული პროგრამების გაუმჯობესების საშუალებას ვხედავთ. ამერიკასთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროც გამოვიდა საკუთარი წინადადებებით იმაზე, თუ როგორ უნდა შეესაბამებოდეს მომავალი წლისთვის დაგეგმილი დახმარების პროგრამები საქართველოს პრიორიტეტებს."

სამხედრო დახმარების პროგრამებზე საუბრისას რთულია არ შეეხო სამხედრო შესყიდვებთან დაკავშირებულ თემას. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს მიმართ "ახალი პოლიტიკის შემუშავების" მიზეზით საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვა შეაჩერა. ქალბატონმა ვოლანდერმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება იარაღის ექსპორტის გარშემო შექმნილი ვითარება, განაცხადა, რომ:

„ამ ეტაპზე სააგენტოთაშორისო კონსულტაციები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრიორიტეტები უნდა გვქონდეს და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე შეთანხმებული სფერო, რომლებიც ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტბს ემთხვევა. თავდაცვის დეპარტამენტს ამერიკის სახელმწო დეპარტამენტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოსთვის გარკვეული პროგრამების მიწოდებაში."

ქალბატონმა ვოლენდერმა თავდაცვით შეიარაღებაზე კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა სამხედრო დახმარების მიწოდება შემდეგი კრიტერიუმებით შემოფარგლა:

„ამაში საგანმანათლებლო პროგრამებსა და ოფიცერთა წვრთნას ვგულისხმობ, რომელიც საბოლოო ჯამში სამხედრო დოქტრინის შექმნისა და სტრატეგიული სამხედრო ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს საქართველოს. ეს სფეროები კი ხელს შეუწყობს საქართველოს უშიშროების, თადვაცვისა და ზოგადი სამხედრო პოლიტიკის დახვეწას."

ქალბატონი ვოლანდერის თქმით სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტები შეთანხმებული ძალისხმევით მუშაობენ იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც თვითოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წამოაყენა. ამ პრიორიტეტებში სწორედ საგანმამათლებლო და საწვრთბნელი პროგრამების მიწოდებაში მდგომარეობს.

ქალბატონი ვოლანდერის თქმით, ამერიკა საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მომხრეა. სწორედ ამ თანადგომის დემონსტრირებაა შეერთებული შტატების მიერ საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა, ასევე საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების განმტკიცება კოალიციურ ძალებში თავის დამკვიდრების მიზნით.

მისი თქმით: "ჩვენ საქართველოს დავეხმარეთ იმ ბატალიონის მომზადებაში, რომელიც ავღანეთში კოალიციური ძალების შემადგენლობაში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან ერთად, მუდმივად ვაკეთებთ ჩვენი ორმხრივი პრიორიტეტების შეფასებას და გამომდინარე ცვლილებებიდან, გეგმების მოდიფიცირებასაც. ჩვენი დახმარება საერთო ჯამში მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი შესაძლებლობის შესაქმნელად, არამედ იმისკენაც, რომ საქართველომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეგიონალური უსაფრთხოების დაცვაში და თავი დაიმკვიდროს დასავლური კოალიციის წევრად."

საქართველოს უშიშროების თამაზე საუბრისას ქალბატონ ვოლენდერს ახლახან საფრანგეთსა და რუსეთს შორის დაწყებულ ინიციატივაზეც ვკითხე, რომელიც რუსეთის მიერ მისტრალის ტიპის ავიამზიდის შესყიდვას ეხება. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინიციატივას მხოლოდ შეთავაზების ფორმა აქვს და ჯერ-ჯეობით გადაწყვეტილი არ არის მართლაც შედგება თუ არა ეს სამხედრო გაყიდვა.

იმაზე, აცხადებს თუ არა შეერთებული შტატები პროტესტს ან საყვედურს საფრანგეთის მიმართ რუსეთთან მსგავსი მოლაპარაკებების წარმოების თაობაზე, განსაკუთრებით კი იმ კონტექსტში, რომ რუსეთი საქათველოსთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს უხეშად არღვევს, ქალბატონმა ვოლანდერმა განაცხადა:

„ მე ვერ კომენტარს ვერ გავაკეთებ იმაზე თუ რაზე ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს ორმხრივ შეხვედრებზე. თუმცა, ჩვენი პოზიცია საკმაოდ მკაფიოა, რომ ყველა ქვეყნისგან მოველით ისეთ მოქმედებებსა და საქმიანობას, რომელიც რეგიონალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ხელს შეუწყობს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ნებისმიერი სახის თანამშრომლობა და განსაკუთრებით სამხედრო პარტნიორობა შეესაბამება იმ აღებულ პასუხისმგებლობებს, რომელებიც რეგიონალური კონფლიქტების მოგვარებას უწყობს ხელს და არა მათ გამწვავებას."

საუბრის ბოლოს ამერიკისა და საქართველოს სამხედრო პარტნიორობის საფუძველზე შესაძლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ვკითხე. ეს კონკრეტულად ჩრდილოეთ სადისტრიბუციო ქსელს შეეხება, რომლითაც ამერიკის არასაბრძოლო ტვირთი ავღანეთში საქართველოსა და სხვა რეგიონალური ქვეყნების გავლით მიდის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ საუბარი იყო ქსელისთვის ეკონომიკური ფუნქციის დამატებაზე, ამჟამად პენტაგონი ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტულ პროექტს არ განიხილავს.

„რამდენადაც მე ვიცი, ქსელისთვის კომერციული ან ეკონომიკური ფუნქციის დამატებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს უდიდესი როლი ეკისრება ამ ქსელში მონაწილეობით კოალიციის დახმარებაში. ის მარშრუტი, რომლის ნაწილიც საქართველოზე გადის, ავღანეთში გაგზავნილი არასამხედრო ტვირთის რაოდენობის დაახლოებით ნახევრს ატარებს," თქვა ქალბატონმა ვოლანდერმა.

ქალბატონი ვოლანდერის თქმით, ამერიკა ძველებურად რჩება საქართველოს აქტიურ მხარდამჭერად, თუმცა ის საკითხი, რამდენად შეუძლია ამ ზესახელმწიფოს საქართველოს რუსული აგრესიისგან დაცვა ან მისთვის სათანადო თავდაცვითი მექანიზმების შექმნა, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.


XS
SM
MD
LG