ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესი ჩიხში შევიდა


პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესი ჩიხში შევიდა. ამის მთავარი მიზეზი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი დასახლებების მშენებლობაა.

სამშვიდობო პროცესის განახლების ერთადერთი შესაძლებლობა ტყვეების გაცვლაში მდგომარეობს, რომელშიც შუამავლებლად ეგვიპტე და გერმანია გამოდიან. ამ თემაზე ამერიკის ხმა ებრაელ და არაბ ჟურნალისტებს ესაუბრა.

როგორც ისრაელში მოღვაწე ჟურნალისტი ნათან გუტმანი მიიჩნევს:“ ისრაელი შეერთებული შტატების საგანგებო ელჩთან ჯორჯ მითჩელთან აგრძელებს მოლაპარაკებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, თავის მხრივ არაბები კონსულტაციების დაწყებამდე ახალი დასახლებების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვენ.

ნეთანიაჰუს და აბასის მთავრობებს შორის ამ პრობლემასთან დაკავშირებით სრული გაუგებრობა სუფევს. ისრაელი ამჟამად პალესტინელთა ლიდერის მაჰმუდ აბასის ანუ აბუ მაზენის პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებით არის დაინტერესებული, რადგან მისი გადადგომის შემთხვევაში პალესტინაში შესაძლოა ქაოტური სიტუაცია შეიქმნას.“

თავის მხრივ არაბი ჟურნალისტი ნადია ბილბასი თვლის რომ ისრაელის მიერ პრეზიდენტ აბასის მხარდამჭერი რიტორიკა მას დათვურ სამსახურს უწევს. მისი თქმით:“ სიტუაცია დღითი დღე უარესდება, მაჰმუდ აბასს აღარაფერი დარჩა სათმელი პალესტინელი ხლახისთვის რადგან სამშვიდობო პროცესი ჩიხშია შესული. როდესაც ისრაელის ახალი მთავრობა აცხადებს, რომ იერუსალიმის საკითხია არ შეიძლება გადაიქცეს განხილვის თემად, რომ კვლავაც გაგრძელდება ახალი დასახლებების მშენებლობა, ღაზას პრობლემა კი საერთოდ არ არის აქტუალური, რაღა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო პალესტინის დღევანდელი ხელისუფლების და მისი ლიდერის მაჰმუდ აბასის ავტორიტეტი ზარალდება. ახლა მასზე ზეწოლას ისრაელის ხელისუფლებასთან ერთად პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაც ანხორცილებს და ბატონი აბასი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა რომ თანამდებობიდან წასვლა და პოლიტიკიდან ჩამოშორება გადაწყვიტა.“

ნათან გუტმანი უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი და ჰამასის მიერ სამი წლის წინათ ისრაელის ჯარისკაცის გილად შალიდის განთავისუფლების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, მისი თქმით:“ ჯარისკაცის განთავისუფლება სიტუაციას კარდინალურად შეცვლის. პირველ რიგში ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის პოზიციები გამყარდება ისრაელში და არ არის გამორიცხული ახალი დასახლებების მშენებლობის შეჩერების შესახებ დიალოგის დაწყება. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გილად შალითის ტყვეობა ისრაელის მთავარი პრობლემა იყო. ასე რომ მისი გაცვლა ისრაელის ციხეებში მყოფ პალესტინური ორგანიზაცია ფათას აქტივისტებზე ნეტანიაჰუს პოზიციებთან ერთად მაჰმუდ აბასის ავტორიტეტსაც გაამყარებს. თუმცა აქ მოვლენები შესაძლოა იმგვარად განვითარდეს რომ შალითის განთავისუფლების სანაცვლოდ ჰამასმა ისრაელის სატუსაღოებიდან თავისი ხალხის გამოშვება მოითხოვოს ეს კი ისევ ჰამასის გაძლიერებას შეუწყობს ხელს და მაჰმუდ აბასის ფათას მოძრაობას დაასუსტებს.“

თავის მხრივ ნადია ბილბასი აღნიშნავს რომ მოვლენების ამგვარი განვითარება ჰამსის წისქვილზე დაასხავს წყალს. რადგან მაჰმუდ აბასს რეალურად არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია ტყვეთა გაცვის პროცესში კი არ არის გამორიცხული ისრეალის სატუსაღოდან ქარიზმატული პალესტინელი ლიდერის მარვან ბარგოუთის განთავისუფლება. ამ პიროვნებას კი დიდი გავლენა აქვს პალესტინელებში და ჰამასის ლიდერებთან მოლაპარაკებით პალესტინის ხელისუფლების სათავეში მოსვლა და ერის გაერთიანება შეუძლია.“

ისრაელმა ახლახანს დროებით შეაჩერა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი დასახლებების მშენებლობა, მაგრამ ეს არ ეხება უკვე მიმდინარე სამუშაოებს და აღმოსავლეთ იერუსალიმს. პალესტინელებმა კი უკვე გააფრთხილეს შუამავლები რომ აღმოსავლეთ იერუსალიმის საკითხის განხილვის გარეშე მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი ეკარგება, ნეთანიაჰუის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ჰამასთან ტყვეთა გაცვლის პროცესში არანაირი პროგრესი არ შეინიშნება.

XS
SM
MD
LG