ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ციხეებში პატიმრებს  მძიმე პირობები ექმნებათ


სამშაბათს მოსკოვის ციხეში გარდაცვლილი 37 წლის ადვოკატის კოლეგებისა და ადამიანის უფლებების აქტივისტების თქმით, რუსეთის საპყრობილეებში სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა ხშირად პატიმრებზე ზეწოლის მიზნით გამოიყენება. ამ ხერხის გამოყენებით მათ აიძულებენ პროკურორებთან ან კორუმპირებულ ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობას. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ირინა დუდუკინას განცხადებით, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადვოკატი სერგეი მაგნიცკი გულის შეტევის გამო გარდაიცვალა. მაგნიტსკი ლონდონში მდებარე ჰერმიტაჟ კაპიტალ მენეჯმენტ ფონდის ვექილი იყო გადასახადების საკითხებში. ადრე ხსენებული ფონდი უმსხვილესი ინვესტორი იყო რუსეთის საფონდო ბირჟაზე.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უილიამ ბროუდერი ჩართული იყო რუსეთში ანტი-კორუპციულ კამპანიაში, რომელსაც იგი ინვესტორების ნდობის გაზრდის მიზნით აწარმოებდა. ხსენებული კამპანიის შედეგად წარმოიქმნა ბრალდებები, რომელთა თანახმად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა საგადასახადო სამსახურებთან შეთანხმებით მოიპარეს 230 მილიონი დოლარი ეროვნული ხაზინიდან. ჰერმიტაჟის ფონდის ოფიციალური პირების თქმით, მაგნიტსკი გადასახადებისგან თავის არიდების მოგონილი ბრალდების საფუძველზე დააკავეს. მას აიძულებდნენ ჩვენებების მიცემას ბატონ ბროუდერის წინააღმდეგ. ამერიკაში დაბადებული ბროუდერი, რომელიც ამჟამად ბრიტანეთის მოქალაქეა, რუსეთიდან განდევნილ იქნა 2005 წელს. ბროუდერის პაპა ამერიკის კომუნისტური პარტიის თავჯდომარე იყო. მაგნიცკის ამერიკელი ბიზნეს პარტნიორის ჯეიმისონ ფაიერსტოუნის თქმით, მაგნიტსკის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა ციხეში არსებული არაჰიგიენური პირობების გამო. მაგნიტსკი პატარა საკანში იმყოფებოდა სხვა პატიმრებთან ერთად და ისინი საჭმელს ამზადებდნენ იატაკში ხვრელის ზემოთ, რომელსაც აგრეთვე იყენებდნენ როგორც საპირფარეშოს. მაგნიტსკი და სხვა პატიმრები შხაპს კვირაში ერთხელ ღებულობდნენ.

ფაიერსტოუნის თქმით, მაგნიტსკისთვის სამედიცინო დახმარების მიწოდებაზე უარის თქმით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები ცდილობდნენ მის მოკვლას, რადგან ისინი შიშობდნენ რომ მაგნიტსკი მათ კორუფციაში ამხელდა. ამასთან დაკავშირებით, ფაიერსტოუნი აღნიშნავს: „შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაზარდა ზეწოლა მაგნიტსკიზე და ამ მიზნით მას არ ჩაუტარეს ოპერაცია, არ აძლევდნენ წამლებს და შედეგად ის გარდაიცვალა.“

მოსკოვის პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ მაგნიტსკის სიკვდილის გამოძიება ჩატარდება. მაგრამ პროკურატურის წარმომადგენელმა ამერიკის ხმას უარი უთხრა ფაიერსტოუნის ბრალდებებთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთებაზე. ვალერი ბორშოვი მოსკოვში მყოფი პატიმრების უფლებების დამცველია. ბორშოვის თქმით, კანონის თანახმად სერიოზულად დაავადებული პატიმრების თავდებით გათავისუფლება დაშვებულია გარე სამედიცინო დახმარების მისაღებად. მაგრამ მისი თქმით, ხშირად პატიმრებს ამ უფლებას ართმევენ. ბორშოვის თქმით, გამომძიებლები სამედიცინო დახმარებაზე უარს იყენებენ ეჭვმიტანილ პირებზე ზეწოლის მიზნით და სასამართლოებს არ ადარდებთ პატიმრების ჯანმრთელობის საკითხი.

რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებებისთვის" დირექტორის ლევ პონომარიოვის თქმით, სხვა სერიოზულად დაავადებული პატიმრების მიმართ სამედიცინო დახმარების გაწევა არ ტარდება. მათ შორის არის ვასილი ალექსანიანი, ამჟამად დახურული იუკოსის კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი პირი, რომელიც 2008 წელს კიბოს მკურნალობას ითხოვდა. ჯეიმისონ ფაიერსტოუნის თქმით მაგნიტსკის საქმე ხელსაყრელ შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა პრეზიდენტმა მედვედევმა დაანახოს ყველას მისი ხმამაღლად აფიშირებული ანტი-კორუფციული კამპანია. მაგნიტსკის სიკვდილს მისი ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი გლოვობს.

XS
SM
MD
LG