ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა:


უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ ელენ ბრაისონის სტატიით „რუსეთის ჩარევა უკრაინის არჩევნებში არ უნდა დაიშვას,“ რომელიც გაზეთ „ჰარვარდ კრიმსონის“ 18 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„გასული წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ანალიტიკოსების ნაწილმა გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი უკრაინაშიც განახორციელებს სამხედრო ჩარევას. ამ ბოლო დროს რუსეთმა გამოხატა შეშფოთება ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მცხოვრები რუსი მოსახლეობის გამო. ამის გარდა, მოსკოვს აგრეთვე აღელვებს ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში განლაგებული საზღვაო ბაზის იჯარის საკითხი. ხსენებულ საზღვაო ბაზას იჯარით იყენებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და როგორც ცნობილია საიჯარო ხელშეკრულების ვადა 2017 წელს იწურება. რუსეთი შიშობს, რომ უკრაინა უარს იტყვის იჯარის გაგრძელებაზე.

ჯერ-ჯერობით რუსეთს უკრაინასთან ურთიერთობებში არაფერი უკანონო არ ჩაუდენია, მაგრამ არჩევნების მოახლოვებასთან ერთად არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის მოქმედება გააქტიურდება იმ მიზნით, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს იმ კანდიდატმა, რომელიც რუსეთის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იქნება. თუ ეს მართლაც მოხდა, მაშინ შეერთებულ შტატებსა და ნატოს არა აქვთ უფლება უგულვებელყონ რუსეთის ზეწოლა უკრაინის მთავრობაზე. პრეზიდენტმა ობამამ უკვე დაუმტკიცა მოსკოვს, რომ ის მზად არის დათმობებზე წავიდეს, როცა იგი დათანხმდა ბუშის ადმინისტრაციის დროინდელი რაკეტსაწინაღო სისტემის გაუქმებას, რომელსაც რუსეთი აღიქვამდა როგორც სამხედრო საფრთხეს. ახლა დროა რომ მან უჩვენოს რუსეთს, რომ იგი მზად არის დაუპირისპირდეს რუსეთს და არჩევნებში ჩარევის რაიმე მცდელობის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია მკვეთრი განცხადების დაფიქსირება. თუ შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს რუსეთთან ურთიერთობის ‘გადატვირთვა,’ მაშინ ის მზად უნდა იყოს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მიერ მეზობლების შევიწროების მცდელობებს. ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლისა და რუსეთის ჩარევის გარეშე საშინაო პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის გარეშე, უკრაინა უბრალოდ ვერ დაივიწყებს საბჭოურ წარსულს, ვერ მიაღწევს პროგრესს და ვერ გახდება აყვავებული და მყარი დემოკრატიული სახელმწიფო.“

უკრაინაში მოახლოვებული საპრეზიდენტო არჩევნების თემას ეხება ელენა გნედინას სტატია „უკრაინაში ევროკავშირს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ,“ რომელიც 16 ნოემბერს იუ ობზერვერის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„2010 წლის საარჩევნო კამპანია უკრაინაში წარსულში ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავდება. პიროვნებებში ცვლილება არ შეიმჩნევა, მაგრამ სამაგიეროდ განსხვავდება რიტორიკული ნიუანსები. გასული ათწლეულის მანძილზე ეს პირველი არჩევნებია როცა არცერთი კანდიდატი არ გამოდის ძლიერი განცხადებებით ევროკავშირის თაობაზე. დღემდე ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიის პროგრამაში ნახსენები იყო ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობა. ადრე ამ საკითხის გამოტოვება უკრაინელ ამომრჩეველთა შორის ნაკლები პოპულარობის მოპოვებას ნიშნავდა, მაგრამ 2010 წლის საარჩევნო კამპანიის დაწყებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ინტეგრაციის საკითხის პოპულარობა კლებულობს. ამასობაში ევროკავშირი დაკავებულია ინსტიტუციონალური და ეკონომიკური კრიზისით და მას არ შეუძლია რაიმე მნიშვნელოვანის შეთავაზება უკაინისთვის. უკრაინელების მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის მიმართ საგრძნობლად შემცირდა. თუ 2002 წელს ამ იდეას უკრაინელების 65 პროცენტი ემხრობოდა, 2008 წელს ეს მაჩვენებელი 43 პროცენტამდე შემცირდა. შედეგად უკრაინელი პოლიტიკოსების უმრავლესობა სკეპტიკურად და ზოგ შემთხვევაში კრიტიკულადაც არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ. ამდენად ეგრედწოდებული ‘მესამე გზის’ იდეა, რომელიც უკრაინის თვითმყოფადობას ხაზს უსვამს, თანდათან მომხრეებს იძენს. უკრაინელ პოლიტიკოსთა მთავარი შეცდომა მათ რიტორიკაში არაა, ის არასაკმარისი რეფორმების ჩატარებაშია. მაგალითად, ევროკავშირისა და უკრაინის გრანდიოზული პროექტი, რომელიც უკრაინაში ბუნებრივი აირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას ითვალისწინებდა, შეფერხებულია ხელისუფლებაში მყოფი ელიტის კორუმპირებული ინტერესების გამო. ახლა ევროკავშირი იმუქრება, რომ ის არ გამოყოფს მიმდინარე წლის ივლისში დაპირებულ სახსრებს რადგან უკრაინა, როგორც ჩანს, ნაკლებად არის დაინტერესებული ენერგეტიკის სექტორის რეფორმაში. დროა რომ ევროკავშირმა გაითვიცნობიეროს ის, რომ საზღვარგარეთ ევროკავშირის ფასეულობების გავრცელება ჯადოქრული მიმზიდველობის გამო ვერ მოხერხდება და ის დიდ სამუშაოს მოითხოვს. იქნება ლისაბონის შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ ევროკავშირი ბოლოს და ბოლოს შესძლებს საკუთარი რესურსების მობილიზაციას მეზობლობაში უფრო ამბიციური პოლიტიკის გასატარებლად. თუ ევროკავშირი ვერ შესძლებს წარმატების დემონსტრირებას მოლდოვაში, საქართველოსა თუ უკრაინაში, შესაძლებელია, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ ევროპული იდეების მომხრეთა რაოდენობა პოსტ-საბჭოურ სივრცეში კიდევ უფრო შემცირდება.“


XS
SM
MD
LG