ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ "ინტერნიუს ნეთვორკის" უფროს მრჩეველთან პერსეფონე მიელთან



არასამთავრობო ორგანიზაცია "ინტერნიუს ნეთვორკი" კავკასიაში მედიის თავისუფლების სფეროში სხვადასხვა დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ახლახან ინტერვიუ ჩამოართვა "ინტერნიუს ნეთვორკის" უფროს მრჩეველს ქალბატონ პერსეფონე მიელს.

კითხვაზე თუ რა არის ის სპეციფიური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას დამოუკიდებელი მედია საქართველოში დღეს, პერსეფონე მიელმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს უნიკალურ მაგალითს, რადგან ქვეყანამ არცთუ შორეულ წარსულში განიცადა მედიის ნამდვილი აყვავება, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ეროვნული ტელემაუწყებლობის დონეზე.

მაგრამ "რუსთავი 2" -ის ხელმძღვანელობაში ცვლილებების განხორციელებისა და იმედზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, მიელის აზრით, მედიის თავისუფლება საქართველოში საგრძნობლად შემცირდა და ამდენად ამჟამად მთავარი გამოწვევა ის არის, რომ საქართველოში კვლავინდებურად გაბატონებულია საკმაოდ ძლიერი ეროვნული სატელევიზიო არხები, მაგრამ მათ მაუწყებლობაში წარმოდგენილ პოლიტიკურ აზრთა მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად შეზღუდულია. მიელს მიაჩნია, რომ ის მედია პროფესიონალები, რომლებიც ალტერნატიულ ხედვას სთავაზობენ საზოგადოებას, რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან იმის გამო, რომ მათ უჭირთ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა რადგამ ეროვნული არხები დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ეგრედწოდებული „ახალი მედიის" გავლენა უმნიშვნელოა, ვინაიდან ინტერნეტის გავრცელება რეგიონში ჯერ-ჯერობით შეზღუდულია, მაგრამ იმავდროულად მთავრობა ეფექტურად აკონტროლებს ეროვნულ სატელევიზიო მაუწყებლებს. მიელი ფიქრობს, რომ ამ კონტექსტში პლურალისტული მედიის განვითარების ყველაზე ხელსაყრელი მეთოდი იქნებოდა ყველა სახის მედიის გადაყვანა ინტერნეტზე. ამასთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს:

„ინტერნეტის საშუალებით უნდა გაუმჯობესდეს კავშირი თბილისსა და რეგიონებს შორის. საქართველოში აღმოვაჩინე, რომ ქართველ ჟურნალისტებს ხშირად უჭირდათ სანდო ინფორმაციის მოპოვება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების შესახებ. ამდენად მე ვფიქრობ, რომ ინტერნეტის გამოყენება ადგილობრივ დონეზე ძალიან გამოადგებათ ადგილობრივ გაზეთებს, რადიოსადგურებსა თუ ტელეარხებს. ყველა ვინც დაინტერესებულია ქართული საზოგადოების განვითარებაში ყველა დონეზე - იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული - უნდა ემხრობოდეს ქვეყანაში ფინანსურად ხელმისაწვდომი და სანდო ინტერნეტის გავრცელებას. სწორედ ამ სფეროზე უნდა გაამხვილოს ყურადღება საქართველოს მთავრობამ, კერძო კომპანიებმა და საერთაშორისო დონორებმა."

მიელმა აღნიშნა, რომ საქართველო ამჟამად განიცდის მაღალი დონის პროფესიონალური საინფორმაციო სააგენტოების ნაკლებობას. რეგიონალური საინფორმაციო საშუალებები საქართველოში, როგორც წესი, არ ათავსებენ საკუთარ მასალებს ინტერნეტზე. შედეგად რეგიონალური გაზეთი ან სატელევიზიო არხი ხშირად საქმის კურსში არ არის იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყნის სხვა რეგიონებში. ამას გარდა საკითხავია აგრეთვე თვით საინფორმაციო ცნობების ხარისხიც. მიელს მიაჩნია, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს ეროვნული საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ადეკვატურად გააშუქებდა მთელს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

და ბოლოს, კითხვაზე თუ როგორ შეადარებდა იგი მედიის თავისუფლების დონეს კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის, პერსეფონე მიელმა ასეთი პასუხი გაგვცა:

„მე ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრი მიზეზის გამო აზერბაიჯანში ყველაზე აშკარად შეინიშნება მედიის თავისუფლების ჩახშობა. იქ ხომ თვით-ცენზურის საკმაოდ ძლიერი კულტურა არის დამკვიდრებული, რაც მედიის თავისუფლების ჩახშობას უწყობს ხელს. ხოლო საქართველოს შედარება სომხეთთან მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანაში ერთმანეთისგან განსხვავებული პრობლემები და გამოწვევებია ამ სფეროში და განსაკუთრებით კი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიც არის პროფესიონალიზმის დონე ან ჟურნალისტებზე ზეწოლა."


XS
SM
MD
LG