ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საჰაერო ბაზა იაპონიაში


ამერიკელ საზღვაო ქვეითთა სამხედრო-საჰაერო ბაზა იაპონიის კუნძულ ოკინავაზე, ფუტენმას დასახლებაში მდებარეობს. ბაზას ამერიკელი სამხედროები ძირითადად ვერტმფრენებისთვის იყენებენ. ისედაც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე ორი ათასი ამერიკელი სამხედროა განლაგებული. ეს კი ოკინაველებისთვის უკვე თავის ტკივილია. თვითმფრინავების და ვერტმფრენების ხმით შეწუხებული მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს. დროდადრო მომხდარი ინციდენტები კი მათ უკმაყოფილებას კიდევ უფრო აძლიერებს.

2006 წელს იაპონია და შეერთებული შტატები ფუტენმას ბაზის დახურვაზე და აღჭურვილობის ახლოს მდებარე კუნძულზე გადატანაზე შეთანხმდნენ. ხელშეკრულება რვა ათას სამხედროზე გათვლილი ბაზის გადატანას შეერთებული შტატების გუამის ტერიტორიაზე ითვალისწინებს. თუმცა, ფუტენმაზე კვლავ შენარჩუნდება ბაზის ლოჯისტიკური ნაწილი.

ხელშეკრულების ხელმოწერას 15 წლიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. თუმცა, იაპონიის ახალი მთავრობა ამ შეთანხმების გადახედვას აპირებს.

ეს ინიციატივა პრემიერ-მინისტრ იოკიო ჰატოიამას და მის დემოკრატიულ პარტიას ეკუთვის, რომელმაც აგვისტოში გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა. კუნძულ ოკინავადან იაპონიის პარლამენტში დემოკრატიული პარტიის ოთხი წევრი გავიდა. ისინი მოსახლეობას კუნძულიდან ამერიკული სამხედრო ბაზის გატანისათვის ბრძოლას შეპირდნენ.

უკანასკნელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ოკინაველთა დაახლოებით 70 პროცენტი სამხედრო ბაზის ახლოს მდებარე კუნძულზე გადატანას აპროტესტებს და ოკინავადან მის მთლიანად გაყვანას მოითხოვს.

ვაშინგტონი კი ამ იდეას ეწინაღმდეგება. გასულ თვეს, იაპონიაში ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ არსებული ხელშეკრულების გადახედვა უადგილოა.

„ფუტენმაზე ლოჯისტიკის შენარჩუნების გარეშე, ვერ მოხერხდება გუამზე გადასვლა. ხოლო გუამზე გადასვლის გარეშე ვერ მოხერხდება ოკინავას დატოვება."

ოკინავაზე ამერიკული სამხედრო ბაზის გამო დაძაბულობა რამდენიმე ათეული წელი გრძელდება. მოსახლეობის უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია, როდესაც სამ ამერიკელ სამხედროს ბრალად დასდეს ადგილობრივი მოსწავლე გოგონას გაუპატიურება. 2004 წელს კი ამერიკული ვერტმფრენი ადგილობრივ უნივერსიტეტს შეეძახა. მართალია არავინ დაშავებულა, მაგრამ მოსახლეობის პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდა.

ოკინაველი პარლამენტარი დენი ტამაკი ამბობს, რომ პრემიერმა ჰატოიამამ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოსავალი აუცილებლად უნდა იპოვოს. მისი აზრით, პრემიერმა უნდა განაცხადოს, რომ იაპონია 2006 წლის ხელშეკრულებას არ შეასრულებს და მის გადახედვას მოითხოვს.

ჯერჯერობით, თავად ჰატოიამას ამ საკითხზე მკვეთრი განცხადება არ გაუკეთებია. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ იაპონიამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

ამ საკითხის გაჭიანურებამ შესაძლოა შეერთებული შტატების და იაპონიის მეგობრულ ურთიერთობებში ბზარი გააჩინოს. ოკინავას უნივერსიტეტის პროფესორი მასააკი გაბე ამბობს, რომ ტრადიციულად იაპონია შეერთებულ შტატებს არასდროს და არაფერზე ეუბნებოდა უარს. პრემიერ ჰატოიამას კი, მისი თქმით, ამ ვითარების შეცვლა სურს.

ვაშინგტონი იაპონიას მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს. ორივე ქვეყანამ უკვე შექმნა ორმხრივი შერეული ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემას შეისწავლის.

პარასკევს კი, პრეზიდენტი ობამა და პრემიერი ჰატოიამა ტოკიოში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თუმცა, ორივე მხარემ უკვე განაცხადა, რომ ამჯერად ფუტენმას ბაზის საკითხი არ განიხილება, რადგან ეს ის თემაა, რომელიც ორდღიანი ვიზიტის შედეგად ვერ მოგვარდება.


XS
SM
MD
LG