ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ჩატარებულ კონფერენციაზე განიხილებოდა ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შორის


გასულ კვირას ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა ერთდღიანი კონფერენცია თემაზე „შეერთებული შტატები და ცენტრალური ევროპა: სტრატეგიული ინტერესების დამთხვევა თუ უთანხმოება?“ კონფერენციაში მონაწილეობდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადეკ სიკორსკი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი და ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ზბიგნევ ბჟეზინსკი.

თავის გამოსვლაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადეკ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ როცა ლაპარაკია ურთიერთობაზე შეერთებულ შტატებსა და ცენტრალურ ევროპას შორის გარკვეული ფაქტორები ხშირად გამოტოვებულია და დისკუსიების მიღმა რჩება. ამ მხრივ, მაგალითად, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები ცენტრალურ ევროპაში ინვესტიციების დაბანდების მოცულობის მიხედვით ამჟამად მხოლოდ მეხუთე ადგილზეა. იგივე შეიძლება ითქვას შეერთებულ შტატებსა და ცენტრალური ევროპის რეგიონს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის შესახებ, რომელიც შედარებით უმნიშვნელოა. სიკორსკის თქმით, პოლონეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობის მოცულობა დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო გერმანიასთან კი 60 მილიარდ დოლარს. ამას გარდა ევროკავშირის მზარდი ჩამოყალიბების კონტექსტში შეერთებული შტატების გავლენა ცენტრალური ევროპის რეგიონში ზოგადად მნიშვნელოვნად შემცირდა. სიკორსკიმ აგრეთვე აღნიშნა:

„დღემდე ყველას მიაჩნდა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩვენს რეგიონს შორის ურთიერთობის ქვაკუთხედი იყო შეერთებული შტატების გარანტია ნატოს ალიანსის მიმართ და განსაკუთრებით კი იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც სხვებზე უფრო აღელვებდა უშიშროების საკითხები, რაც, თავის მხრივ, უმეტეს შემთხვევაში რუსეთის მოქმედებებს უკავშირდება. ჩვენ დღესაც არ შეგვიძლია იმის თქმა თუ რა მიმათულებით წავა მოსკოვი. რუსეთში გარკვეული დამაიდებელი ძვრები შეინიშნება, ამის ერთი აშკარა მაგალითი იყო პრეზიდენტ მედვედევის ახლახან გამოქვეყნებული სტატია და მისი კრიტიკული შენიშვნები სტალინის პერიოდის დროს ჩადენილი დანაშაულთა შესახებ. მაგრამ იმავდროულად იქ მოქმედებს გარკვეული პოლიტიკური ძალები რომლებსაც სურთ რუსეთში ნეო-სტალინისტური იდეოლოგიის დამკვიდრება. სწორედ ამ ტენდენციის გამოხატულება იყო ის რაც მოხდა კავკასიაში ერთი წლის წინ. შემაშფოთებელია აგრეთვე რუსეთის ახალი ეროვნული უშიშროების დოქტრინა, რომელიც თურმე ითვალისწინებს პრევენციულ სარაკეტო დარტყმებს ბირთვული შეიარაღების გამოყენებით.“

თავისი გამოსვლის დასასრულ სიკორსკიმ განაცხადა:

„თუ რუსეთი გაიმეორებს სადმე იმას რაც მან გასულ წელს ჩაიდინა საქართველოში, მაშინ ბუნებრივია დაიბადება კითხვა არა მხოლოდ იმის შესახებ სურს თუ არა შეერთებულ შტატებს საკუთარი ვალდებულებების შესრულება უსაფრთხოების გარანტირების თვალსაზრისით ალიანსის ქარტიის მეხუთე მუხლის თანახმად, არამედ ფიზიკურად შესძლებს თუ არა შეერთებული შტატები ამ ვალდებულებების შესრულებას. ანუ რამდენად დროული იქნება შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება - სწორედ ამ საკითხზე პასუხის გაცემას ვცდილობთ ჩვენ ჩვენს რეგიონში.“

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა კონფერენციაზე გაკეთებულ მიმართვაში ყურადღება გაამახვილა შეერთებული შტატების პერსპექტივებზე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებზე. გორდონმა თავიდანვე აღნიშნა, რომ მას მიაჩნია, რომ შეერთებული შტატებისა და ცენტრალური ევროპის ინტერესები ერთამნეთს ემთხვევა რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია საერთო დემოკრატიული ნორმებითა და ფასეულობებით. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებით ბატონმა გორდონმა აღნიშნა:

„ჩვენ სათანადო ყურადღებას ვუთმბობთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განსაკუთრებულ ინტერესებს. ისტორიული მემკვიდრეობა ერთბაშად არ ქრება და გეოგრაფია არ იცვლება. დღემდე ცენტრალური ევროპის უსაფრთხოება ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა აღქმა შორეულ შეერთებულ შტატებში ნაკლებად ინტენსიურია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ამ ბოლო დროს განიცადეს ენერგომატარებლების მიწოდების გათიშვა, კიბერ თავდასხმები, პოლიტიკური ზეწოლა და საქართველოს შემთხვევაში - უზარმაზარი მეზობლის მიერ ძალის დისპროპორციული გამოყნებაც. ეს ყოველივე ჩვენთვის გასაგებია. მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ინტერესების გამიჯვნის წყარო რადგან შეერთებული შტატები იზიარებს ამ რეგიონის ქვეყნების ინტერესებს უშიშროების სფეროში.“

კონფერენციაზე გამოსვლისას ზბიგნევ ბჟეზინსკიმ წარადგინა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სტრატეგიული მიმოხილვა. მას მიაჩნია, რომ ამ რეგიონის ქვეყნებს კვლავინდებურად აღელვებს რუსეთის იმპერიული ამბიციები და მისი მოქმედებით პოსტ-საბჭოურ სივრცეში გამოწვეული ნეგატიური ტენდენციები. ბჟეზინსკის აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალში რუსეთმა პოტენციური საფრთხე შეუქმნას უკრაინას. ამას ემატება რუსეთის მიერ ეგრედწოდებული პრივილეგირებული ინტერესების სფეროს მოპოვება, რაც გასაგები მიზეზების გამო ცენტრალური ევროპის შეშფოთებას იწვევს. ბჟეზინსკისთვის არსებობს ორი რუსეთი, რომელიც ერთმანეთს ებრძვის ქვეყნის მომავლისთვის. ერთი რუსეთი ნოსტალგიის ხაფანგშია მოქცეული და მას სურს რომ რუსეთმა აღიდგინოს მსოფლიოს იმპერიული ზესახელმწიფოს სტატუსი. მეორე რუსეთის გამომჟღავნება შესაძლებელი გახდა ერთი წლის წინ გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე. პირველად რუსეთის ისტორიაში ამ კრიზისმა გამოაშკარავა ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება გლობალურ ფინანსურ მდგომარეობაზე და ამ ფაქტის გათვიცნობიერებამ რუსეთის ელიტის გარკვეულ წრეებს უბიძგა საგარეო პოლიტიკის გადახედვისკენ. ამ პროგრესულად განწყობილ ბანაკს, ბჟეზინსკის თქმით, რუსეთის ხელისუფლების მთავარ ამოცანად ესახება ქვეყნის მოდერნიზაცია დასავლური სტილის დემოკრატიზაციის კონტექსტში.

და ბოლოს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის როლთან დაკავშირებით ბჟეზინსკიმ დასძინა:

„მე მაღელვებს იმის შესაძლებლობა რომ ჩვენი ქვეყანა ხანგრძლივ კონფლიქტში იქნება ჩაფლული სამხრეთაღმოსავლეთ აზიის რეგიონში, რომლიდანაც ჩვენ ვერ შევძლებთ გამოსვლას რამოდენიმე წლის მანძილზე. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ ავღანეთში უკვე რვა წლის მანძილზე ვიმყოფებით და ეს უკვე გახდა მესამე ყველაზე ხანგრძლივი ომი, რომელშიც ეს ქვეყანა მონაწილეობდა თავისი ისტორიის განმავლობაში. თუ ამას დაემატა ირანის საკითხისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გაუარესება, შეერთებული შტატების გავლენა ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ და სტრატეგიულ ცვლილებებზე კიდევ უფრო შემცირდება.“

XS
SM
MD
LG