ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალ ორლეანში მეორე მსოფლიო ომის მემორიალური მუზეუმი გაიხსნა.


მსახიობი ტომ ჰენკსი მუზეუმის გახსნისას წარმოდგენილი მულტიმედიური პრეზენტაციის ხელმძღვენელი და გამხმოვანებელი იყო. პრეზენტაცია დიდ ეკრანზე ფილმის ჩვენებას და მოძრაობისა და პროექცირების მეშვეობით წარმოდგენას მოიცავდა. ცნობილი მსახიობების ბრედ პიტის, კევინ ბეკონის, პატრიშა კლარკსონისა და ჯენიფერ გარნერის აუდიოჩანაწერების მეშვეობით, ჯარისკაცების, მეზღვაურების, კორესპონდენტების და პოლიტიკური ლიდერების გამონათქვამებს მოისმენდით. მუზეუმის გახსნის ინიციატორი ტომ ჰენკსი იყო, რომელმაც ცნობილ ფილმში „რიგითი რაიანის გადარჩენა“ კაპიტნის როლი ითამაშა.

მსახიობი ომის დასრულებიდან ათი წლის შემდეგ დაიბადა, მაგრამ მისი თქმით ამ ომმა მასზე მაინც დიდი გავლენა მოახდინა:

„ჩემს ბავშვობაში, მაშინ როდესაც ვყალიბდებოდი, ყველა ზრდასრული, ვისთანაც კი მე შეხება მქონდა ომგამოვლილი იყო. ყოველ მათგანს ასე თუ ისე, ომი მაინც შეეხო და ისინი ამ პერიოდზე სულ საუბრობდნენ“. ამბობს მსახიობი.

თუმცა დღევანდელი ახალგაზრდა თაობა მეორე მსოფლიო ომთან ასე აღარ არის დაკავშირებული და ბევრმა ამ ომის შესახებ ძალზე ცოტა რამ თუ იცის. მეორე მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმის დირექტორი ნიკ მიულერი ამბობს, რომ სწორედ ეს არის მუზეუმის გახსნის მთავარი საბაბი:

„დღეს ახალგაზრდები სხვადასხვა ტექნოლოგიებით არიან აღჭურვილნი. ისინი ამ ტექნოლოგიების მოხმარებას ბავშვობიდან სწავლობენ და მიჩვეულები არიან, რომ მათ ინფორმაციას ვიზუალური გამოსახულებების, აუდიო და პროექცირების მეშვეობით აწოდებენ. აქედან გამომდინარე ჩვენც სწორედ ასეთი გზა ვირჩიეთ“. გვეუბნება იგი.

მუზეუმში დასაქმებულ მოხალისეთაგან ერთ-ერთი მეორე მსოფლიო ომის ოთხმოცდაათი წლის ვეტერანი ბერტ სტოლიერია. სტოლიერი პერლ ჰარბორში მსახურობდა მაშინ, როდესაც იაპონიამ ეს პორტი დაბომბა:

„დაბომბვა ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ისინი ტორპედოებსაც გვესროდნენ. გემები ფეთქდებოდა და იძირებოდა. დახოცილი და გადარჩენილი მეზღვაურები კი წყალში ტივტივებდნენ“. იხსენებს ვეტერანი.

დღეს შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის დაახლოებით ორ მილიონამდე ვეტერანი ითველბა ცოცხლად. მაგრამ მათი რიცხვი ძალზე სწარაფად მცირდება, ვინაიდან ყოველდღიურად ცხრაასამდე ვეტერანი კვდება:

„ჩვენ ვეტერანთა მონათხრობი ისტორიების სამ ათასზე მეტ ჩანაწერს ვფლობთ. მუზეუმში მკვლევართა ჯგუფი მუშაობს, რომლებიც მთელს ქვეყანაში მოგზაურობენ და მომავალი გამოფენებისთვის ასეთი სახის ისტორიებს აგროვებენ“. გვეუბნება მუზეუმის დირექტორი.

მიულერის თქმით, მუზეუმი მოკავშირეების გამარჯვების მნიშვნელობის პროპაგანდას კი არ ემსახურება, არამედ ლამობს ხალხს გააცნობიერებინოს ის თუ რამ განაპირობა ისეთი ომის დაწყება, რომელსაც სამოცდახუთი მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეორე მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმის ახალი ორლეანის ფილიალისთვის დამატებით კიდევ სამი შენობა იგება. ამ შენობებში ომის სხვადასხვა ასპექტები იქნება წარმოდგენილი.

XS
SM
MD
LG