ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ სენატორ მაკეინთან ექსკლიუზიური ინტერვიუ აიღო. ინტერვიუს დროს განხილულ საკითხებს შორის რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა, საქართველოს მიმართ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის მიმართულება და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება იყო.
სენატორმა მაკეინმა „დიდი შეშფოთება“ გამოთქვა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტზე და დაძაბულობის მოსალოდნელ ესკალაციაზე. მისი თქმით, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს არღვევს კონფლიქტურ რეგიონებში, როგორც სახმელეთო მუდმივი ბაზების აშენებით, ასევე საერთაშორისო საზღვაო ნორმების უგულვებელყოფით. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება სიტუაციის გამძაფრება და მოსალოდნელი პროვოკაციები გამოიწვიოს. ამ ფონზე, მაკეინი ობამას ადმინისტრაციისგან რუსეთის მიმართ მეტი სიმკაცრის გამოჩენას ითხოვს.მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკა არ შეცვლილა, ბატონი მაკეინი მაინც მოელის რუსეთის მიმართ „მკაცრ განცხადებებს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.“
ბატონი მაკეინი ასევე მიიჩნევს, რომ იარაღის ექსპორტის აკრძალვა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაუწესდა საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. ამერიკის ადმინისტრაციამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს მიერ თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის შეძენას და ინტენსიურად უნდა გააგრძელოს ქართველი ჯარისკაცების წვრთნა. სენატორის აზრით, ამერიკაში ყველა „ძალიან მადლიერია ქართველი ხალხისა იმ მსხვერპლის გაღებისთვის,“ რომელსაც ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში გაგზავნა მოითხოვს.