ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუბერნატორების არჩევნებზე რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს


ვირჯინიისა და ნიუ-ჯერსის შტატებში გუბერნატორების არჩევნებზე რესპუბლიკელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

პრეზიდენტმა ობამამ, რომელმაც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორივე შტატში გაიმარჯვა, ძალისმხევა არ დაიშურა ვირჯინიასა და ნიუჯერსიში დემოკრატების კანდიდატების დასახმარებლად. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკელებმა სამშაბათს მოპოვებული ტრიუმფი საპრეზიდენტო პოლიტიკაზე ჩატარებულ რეფერენდუმად შეაფასეს. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ მაიკლ სტილმა ვაშინგტონში ჟურნალისტებისათვის ბრიფინგი გამართა.

„რესპუბლიკელები და დამოუკიდებელი ამომრჩევლები ნამდვილი გმირები არიან. ასევე, არ უნდა დავივიწყოთ ის დემოკრატებიც,ინც ვაშინგტონში ხმას იმაღლებს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა, უფლებები და ეკონომიკა რისკის წინაშე დააყენა. რესპუბლიკური რენესანსი კი უკვე დაწყებულია“.

ვირჯინიის გუბერნატორმა და ნაციონალური დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ტიმ კაენმა, რომელიც თანამდებობას ტოვებს, განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებზე პრეზიდენტს გავლენა არ მოუხდენია და მიღებული რეზულტატი ძირითადად ადგილობრივმა საკითხებმა განაპირობა. კაენმა ამის შესახებ „ენბისის“ ეთერში ისაუბრა.

„ვირჯინიასა და ნიუ-ჯერსიში ჩატარებულმა ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტი ორივე შტატში ძალიან პოპულარულია“. ამ ეგზიტპოლებს სარა დატონი ხელმძღვანელობდა. „სიბიესის“ ეთერში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტ ობამას ფაქტორს გავლენა არ მოუხდენია. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ექსპერტები თვლიან, რომ არჩევნების შედეგები პრეზიდენტისათვის და კონგრესში მისი დემოკრატი მოკავშირეებისათვის და გავლენას იქონიებს ისეთი რთული საკითხების გადაწყვეტაში, როგორიც ჯანდაცვის რეფორმაა.

ლარი საბატო, რომელიც ვირჯინიის უნივერსიტეტში პოლიტიკის ცენტრს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ რესპუბლიკელებმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს. „მათ ორ ძალიან მნიშვნელოვან შტატში გუბერნატორების პოსტები მოიპოვეს. ასეთი კომბინაცია კი პრეზიდენტ ობამასთვის რესპუბლიკელებისგან რეალური გზავნილია“. დამოუკიდებელი ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა მხარი რესპუბლიკელთა კანდიდატებს დაუჭირა, მაშინ როცა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათმა უმრავლესობამ ბარაკ ობამას მისცა ხმა. ამასთანავე, დემოკრატებმა ვერ შეძლეს თავიანთი ამომრჩევლის დიდი ნაწილის მოტივირება, გამოსულიყვნენ სახლებიდან და მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. გასული წლის ნოემბერში ბატონი ობამას გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა ახალგაზრდობის, უმცირესობების და გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერამ.

ანალიტიკოსი სარა დატონის თქმით, ამჯერად ამ ჯგუფების კოალიციამ დემოკრატებს ვეღარ უშველა. სარა დატონი აცხადებს, რომ ვირჯინიასა და ნიუ-ჯერსიში გამართულ საგუბერნატორო არჩევნებში ელექტორატის დიდი ნაწილი ასაკოვანი ხალხი იყო. თუ გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში ელექტორატის 21 პროცენტს 30 წლამდე ადამიანები შეადგენდნენ, ახლა ეს სეგმენტი მხოლოდ 10 პროცენტი იყო. ვირჯინიასა და ნიუჯერსიში მარცხის მიუხედავად, დემოკრატებმა წარმატებას მიაღწიეს ნიუ-იორკის შტატში გამართულ კონგრესის სპეციალურ არჩევნებში. ისტორიულად, პარტია, რომელიც აკონტროლებს თეთრ სახლს, მუდამ მარცხდება ხოლმე პირველ შუალედურ არჩევნებში.

ანალიტიკოსი ლარი საბატო მიიჩნევს, რომ დემოკრატებმა ვითარების გამოსასწორებლად უნდა იმუშავონ. მისი თქმით, რესპუბლიკელებმა იციან, რომ მათ ისევ შეუძლიათ მოგება. ეს კი მათი უპირატესობაა. ხოლო დემოკრატებს, საბატოს აზრით, წინ კიდევ ერთი წელი აქვთ, რათა მოახერხონ ვითარების გამოსწორება.

სამშაბათის არჩევნებს ასევე უარყოფითი გავლენა ექნება პრეზიდენტ ობამას მიერ ინიცირებულ ჯანდაცვის რეფორმის პროექტზე, რომელსაც შესაძლოა წინააღმდეგობა შეხვდეს კონსერვატორი დემოკრატების მხრიდან.


XS
SM
MD
LG