ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსურმა მხარემ სოფელ ტირძნისის სკოლის 4 მოსწავლე დააკავა


სამხრეთ ოსურმა მხარემ 4 ნოემბერს დაახლოებით 23:00 საათზე ცხინვალში ოთხი ქართველი არასრულწლოვანი დააკავა, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის სამინისტრო.

"დაკავებისას მოზარდებს აღმოაჩნდათ ოთხი ყუმბარა და ასაფეთქებელი ნივთიერებები", - ნათქვამია ამავე ინფორმაციაში.ოთხივე დაკავებული ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ ტირძნისის მკვიდრია.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, გუშინ, ნაშუადღევს სოფელ ტირძნისის საშუალო სკოლის მოსწავლეები: გიორგი რომელაშვილი (დაბადებული 1995 წელს), საბაძე ალეკო (დაბადებული 1995 წელს), ვიქტორ ბუჩუკური (დაბადებული 1993 წელს) და ლევან ხმიადაშვილი (დაბადებული 1992 წელს) დაიკრგნენ გორის რაიონის სოფელ ტირძნისის მიმდებარე ტერიტორიიდან.

საქართველოს განათლების მინისტრი ნიკა გვარამია საერთაშორისო ორგანიზაციებს ქართველი ბავშვების ტყვეობიდან გათავისუფლებაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ ახალგაზრდების გამოსახსნელად, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მინდა ვუთხრა, რომ საუბარია ბავშვების ბედზე. მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველაფერი გააკეთონ ბავშვების ტყვეობიდან გამოსახსნელად, რათა ისინი დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებსა და სკოლას", - აღნიშნა გვარამიამ.

კიდევ ერთი ინფრომაცია. რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსმა ალექსანდრე შლიახტუროვმა განაცხადა 5 ნოემბერს, რომ ის არ გამორიცხავს, რომ საქართველომ შესაძლოა ისევ გამოიყენოს ძალა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ.

"სიტუაცია საქართველოსთან მიმართებაში დაძაბული რჩება, რადგანაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არა მარტო უარს ამბობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებაზე, არამედ ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ქვეყნები, რომლებიც უკვე დამოუკიდებელი გახდნენ, თავის იურისდიქციაში დააბრუნოს," - განუცხადა შლიახტუროვმა "იტარ-ტასს".

"ამას უნდა დაემატოს სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის არაპროგნოზირებადობა, რომელიც შეიძლება წამოეგოს ცდუნებას და ძალა გამოიყენოს ჭირვეული რესპუბლიკების მოსათვინიერებლად, როგორც ეს შარშან აგვისტოში მოხდა," - განახცადა მან. "ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენათა ასეთ განვითარებას".

XS
SM
MD
LG