ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში სამხედრო ძალის დამატება ამერიკას ჯერ არ გადაუწყვეტია


პრეზიდენტ ობამას ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნასთან დაკავშირებით

რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეხვდა სამხედრო მაღალჩინოსნებს შეერთებული შტატების ავღანეთის სტრატეგიის განსახილველად. მას ჯერ არა აქვს მიღებული გადაწყვეტილება ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნასთან დაკავშირებით. ვაშინგტონის ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა აუცილებელია თუ არა ავღანეთის ომის გაგრძელება, რაც შეესაბამება ბატონ ობამას ადრინდელ განცხადებებს და ემსახურება თუ არა სამხედრო მოქმედებების გაგრძელება იქ შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს.

პრეზიდენტმა ობამამ თვალნათლივ დაინახა ომის რეალობა, როცა იგი ესტუმრა შეერთებული შტატების დოვერის სამხედრო ბაზას დელავერის შტატში, სადაც ავღანეთში დაღუპული 18 ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი ჩამოასვენეს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა:

„ცხადია, რომ ეს იყო საკმაოდ მძიმე შეხსენება იმ განსაკუთრებული მსხვერპლისა, რომელსაც ჩვენი სამხედროები ყოველ დღე იღებენ მოვალეობების შესრულების დროს. ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენ სამხედროებს არამედ მათ ოჯახებსაც.“

ომი მძიმე ტვირთად აწვება პრეზიდენტის ადმინისტრაციას მაშინ, როცა მას ჯერ არ გადაუწყვეტია თუ რა პასუხს გასცემს ავღანეთში დისლოცირებული სამხედრო ძალების მთავარსარდლის გენერალ მაკკრისტალის რჩევას დამატებითი 40,000 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ.

ჟურნალისტი ბობ ვუდვორდი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა ობამამ უნდა გაითვალისწინოს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები და მათ შორის უპირველესი არის ალ ყაიდის კიდევ ერთი თავდასხმის თავიდან აცილება. მისი თქმით, შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ავღანეთში ყოფნის გამო, ალ ყაიდას ტერორისტულ ორგანიზაციას არ შეუძლია ამ ქვეყნის გამოყენება საყრდენ ბაზად შეერთებულ შტატებზე თავდასხმის განსახორციელებლად. ხოლო შეერთებული შტატების მეორე უმთავრეს ეროვნულ ინტერესს რეგიონალური სტაბილურობა წარმოადგენს. მისი თქმით:

„იბადება კითხვა რა არის რეგიონალური სტაბილურობისა ან უფრო კონკრეტულად ავღანეთში სტაბილურობის საფასური? და თუ თქვენ ამ კითხვას ამ კუთხით შეხედავთ, მაშინ ამგვარი მიდგომა იქ უზარმაზარი სამხედრო ძალების ყოფნას ნაკლებად მნიშვნელოვანს ხდის.“

ზოგიერთი დამკვირებლის აზრით კი, შეერთებულ შტატებს ავღანეთში უფრო მეტი სამხედრო ძალების გაგზავნა სჭირდება სამხედრო მისიის წარუმატებლობის თავიდან აცილების მიზნით. ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის ანალიტიკოსი ტონი კორდესმანის თქმით:

„თუ ქვეყანა დავკარგეთ, ბირთვული შეიარაღებით აღჭურვილი პაკისტანის საზღვართან შეიქმნება ძალაუფლების ვაკუუმი. ხოლო თვით პაკისტანი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება შიდა დაყოფებისა, უძლურობისა და პრობლემების გამო. მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას შუა აზიის ქვეყნებიც.“

ჟურნალისტი მარიამ ვაჰაბი აგრეთვე ძალაუფლების ვაკუუმის შექმნას შიშობს. მისი თქმით დასავლეთს არ უნდა დაავიწყდეს ავღანელი მეომრების თავგანწირვა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ 1980-იან წლებში, როცა შეერთებული შტატები მათ აქტიურად ეხმარებოდა. მისი თქმით:

„მე ვფიქრობ, რომ ამერიკელებს ზოგჯერ ავიწყდებათ ის ფასი, რომელიც ავღანელებმა გადაიხადეს აღმოსავლეთ ევროპის გასათავისუფლებლად. მას შემდეგ რაც ავღანელებმა დაამარცხეს საბჭოთა კავშირი, მსოფლიოს ხალხებმა, ამერიკელების ჩათვლით, უფრო მეტი თავისუფლება იგრძნეს და ამერიკის პოზიცია მსოფლიოში ამაღლდა და ის გადაიქცა მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოდ.“

კორდესმანის თქმით, პრეზიდენტმა ობამამ დამატებითი სამხედრო ძალები უნდა გააგზავნოს ავღანეთში რათა შეერთებული შტატების ეკონომიკური განვითარების პროექტები სათანადოდ იყოს დაცული და საერთაშორისო დახმარებამ ავღანელებამდე მიაღწიოს. მას მიაჩნია, რომ გაეროს დახმარების პროგრამა ავღანეთში ცუდად იმართება. ამასთან დაკავშირებით კორდესმანმა დასძინა:

„არსებობის რვა წლის შემდეგ გაეროს დახმარების პროგრამას ავღანეთში ერთი ანგარიშიც არ გამოუქვეყნებია, რომელშიც ნაჩვენები იქნებოდა ის თუ როგორ დაიხარჯა დახმარებაზე გამოყოფილი სახსრები, რა მიმართულებით მიმდინარეობს საქმიანობა და რა უნდა იყოს დახმარების პროექტების სტრუქტურა. ეს კი მართვის უუნარობის თითქმის დაუჯერებელი დასკვნაა.“

ბატონი ობამა უკვე რამოდენიმე კვირის მანძილზე იხილავს გენერალ მაკკრისტალის გაფრთხილებას, რომლის თანახმადაც დამატებითი სამხედრო ძალების გარეშე ომი წაგებული იქნება. მაგრამ დღემდე პრეზიდენტ ობამას არ უთქვამს დააკმაყოფილებს იგი თუ არა გენერალის მოთხოვნას.

XS
SM
MD
LG