ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის  მიმოხილვა


უცხოური პრესის მიმოხილვა ეთმოვა პოლონეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მარიუშ ხანდზლიკის სტატიას სათაურით „პოლონეთმა წამოაყენა სტრატეგიული ალიანსის შექმნის იდეა," რომელიც ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ვებ გვერდზე 2 ნოემბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„2009 წლის 7 ოქტომბერს რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს პოლონეთის პრეზიდენტმა ბატონმა ლეხ კაჩინსკიმ და რუმინეთის პრეზიდენტმა ბატონმა ტრაიან ბაშესკუმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას პოლონეთ-რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. პოლონეთმა და რუმინეთმა ეს ნაბიჯი ორმხრივი ევროპული და ევროატლანტიკური თანამშრომლობის კონტექსტში გადადგეს.

ჩვენი ქვეყნების ერთობლივი მოქმედებით ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებას რადგან ეს საკვანძო ქვეყანაა ევროპის უშიშროებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით.

პოლონეთსა და რუმინეთს, რომელიც უკრაინასთან ნატოს ალიანსისა და ევროკავშირის საზღვარს შეადგენს, შეუძლია დახმარება გაუწიონ უკრაინას მისი მისწრაფებების მისაღწევად და ნატოში გაწევრიანება დააჩქარონ. კიევს თანამეგობრობის ფორუმში სჭირდება ძლიერი მომხრეები და ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა იმ მცდელობების გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ბუქარესტში 2008 წელს ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე პრეზიდენტმა კაზინსკიმ და პრეზიდენტმა ბაშესკუმ წამოიწყეს.

მაშინ პოლონეთისა და რუმინეთის პრეზიდენტებმა ძლიერი მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინასა და საქართველოსთვის ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების მიმართ. ამასთან დაკავშირებით პოლონეთმა და რუმინეთმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთს არა აქვს ვეტოს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით. მართალია თბილისისა და კიევისათვის ჯერ-ჯერობით არ შეუთავაზებიათ ნატოს სამოქმედო გეგმა, ვარშავისა და ბუქარესტის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი აღმოჩნდა ის, რომ ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრის მიერ მიღებულ საბოლოო განცხადებაში საქართველოსა და უკრაინის ნატოში სამომავლო გაწევრიანების შესაძლებლობაზე განცხადება დაფიქსირდა.

თურქეთი მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს ასრულებს იმის გამო, რომ მას უკავია პრივილეგიური გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც მას ბუნევრივი რესურსებით მდიდარ კასპიის ზღვისა და სპარსეთის ყურის რეგიონებზე კონტროლის უფლებას აძლევს. ვარშავასა და ბუქარესტის თანამშრომლობას ანკარასთან შესაძლოა მოჰყვეს დასავლეთის პოლიტიკური გავლენის გაძლიერება შუა აზიაში.

ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობა კვლავინდებურად უნდა გაგრძელდეს აღმოსავლეთის მიმართულებით და ევროკავშირში ახალი წევრების ყოვლისმომცველ პროგრამაში ჩართული უნდა იყოს არა მარტო თურქეთი და უკრაინა არამედ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა, ბელარუსი და კავკასია. ვარშავის ალიანსი ბუქარესტთან ძლიერ სიგნალს მისცემს ევროკავშირს რათა გაფართოების პროცესი გაგრძელდეს."

„უძლური პასუხი რუსეთის აგრესიაზე" ასეა დასათაურებული გიორგი კანდელაკის სტატია, რომელიც ბრიტანულ გაზეთ „გარდიანის" 31 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„მართალია მე მემარცხენათა ბანაკს არ მივეკუთვნები, მე ვამაყობ იმ ფაქტით, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც მართავდნენ სოციალ-დემოკრატები. სამწუხაროდ ეს გარემოება დღევანდელ ევროპაში დავიწყებას მიეცა. საქართველო 1918 და 1921 წლებს შორის დამოუკიდებლობის პერიოდის დროს თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობის ბასტიონად ითვლებოდა ისეთი ცნობილი მოღვაწეების მიერ როგორებიც იყვნენ კარლ კაუცკი (რომელმაც მთელი წიგნი მიუძღვნა საქართველოს დემოკრატიას), ემილ ვანდერველდე და თვით რამსეი მაკდონალდი. უნდა აღინიშნოს, რომ სამივე საქართველოში სტუმრობდა 1920 წელს. იმავე წელს ეთელ ანაკინმა, იმ დროს მსოფლიოში ცნობილმა ქალების უფლებების აქტივისტმა თქვენი გაზეთის ფურცლებზე საქართველოს უწოდა „ყველაზე სრულყოფილი სოციალიზმი ევროპაში."

როცა ქართველები და მათი მეგობრები ავლებენ აშკარა პარალელებს აგვისტოს ომსა და რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ აგრესიის სხვა მაგალითებს შორის, ეს დასავლეთ ევროპაში ხშირად გაღიზიანებას იწვევს. როგორც წესი საპასუხოდ ისმის ის, რომ თანამედროვე რუსეთის შედარება საბჭოთა კავშირთან მიზანშეწონილი არ არის. მათი თქმით მდგომარეობა შეიცვალა. ეს მართალია, რადგან რუსეთში ბევრი რამ შეიცვალა სტალინიზმის ბნელი დღეებიდან, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება და ეს არის რუსეთის საგარეო პოლიტიკა. რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და მისი შემზარავი შედეგების აღიარების უუნარობა ევროპელებსა და იმ ფასეულობებს, რომლებსაც ევროპა იცავს, ძალზედ ცუდ სამსახურს გაუწევს."

უცხოური პრესის მიმოხილვა თქვენთვის ჩაწერა და მოამზადა ალექსანდრე მელიქიშვილმა. შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ ამერიკის ხმას ვაშინგტონიდან.

XS
SM
MD
LG