უცხოური პრესის
მიმოხილვას ვიწყებთ კრის ბრაიანტის სტატიით სათაურით „ბალტიის
ზღვის ქვეშ გაჩაღდა ბრძოლა რუსეთის 'ენერგეტიკის იარაღზე' კონტროლის დაწესების გამო,"
რომელიც გაზეთ „ფაინენშლ თაიმსის" 26 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„ნორდ სტრიმის" ანუ "ჩრდილოეთის დინების" სახელით ცნობილი გაზსადენის მშენებლობის პროექტი ყველაზე სადავო კომერციული წამოწყებაა რუსულ და გერმანულ კომპანიებს შორის. ამ პროექტზე გამახვილებულია ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ინტერესები, პოლიტიკური ურთიერთობები და მათთან დაკავშირებული ეჭვები.
2006 წელს პოლონეთის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა და ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბალტიის ზღვის ქვეშ 1,207 კილომეტრის სიგრძის მილსადენის მშენებლობის გეგმა შეესაბამება 'მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ტრადიციებს,' ანუ შეთანხმებას რომლის მეოხებითაც ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა თავის დროზე დაანაწევრეს ევროპა. გაზპრომი, რუსეთის ენერგეტიკის გიგანტი და მისი ბიზნეს პარტნიორები - გერმანიის კომპანიები ბასფ/ვინტერშალი, ეონ რურგაზი და ჰოლანდიური კომპანია გაზუნიე - მსგავს კონსპირაციულ თეორიებს უარყოფენ. მათთვის ორი პარალელური მილსადენის მშენებლობა, რომელიც წელიწადში ევროკავშირს ბუნევრივი აირის 55 მილიარდი კუბური მეტრით მოამარაგებს, წარმოადგენს კომერციულ პროექტს.
მაგრამ კომპანიების კონსორციუმს ძალიან უჭირს პროექტთან დაკავშირებული ეჭვების უგულვებელყოფა რადგან ცნობილია, რომ მილსადენის მშენებლობის სავარაუდო ფასი 7.4 მილიარდი ევროა, რაც სამჯერ აღემატება ხმელეთზე იგივე მარშრუტით მილსადენის გაყვანას. ხოლო ეს კი ეჭვებს ბადებს, რომ ბუნებრივი აირის გარდა აქ სხვა ფაქტორების გათვალისწინებას ენიჭება უპირატესობა. ის ფაქტი, რომ 'ჩრდილოეთის დინება' გვერდს უვლის უკრაინასა და სხვა სატრანზიტო ქვეყნებს, კრიტიკოსების აზრით, იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი 'დაყავი და იბატონეს' პოლიტიკას ახორციელებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გავლენის გასაძლიერებლად და იმავდროულად დასავლეთ ევროპის ენერგომატარებლებით მომარაგების პრობლემას წყვეტს.
პირველი მილსადენის მწყობრში შესვლა 2011 წელს არის დაგეგმილი, თუმცა მანამდე საჭიროა იმ ქვეყნების ეკოლოგიური ნებართვის შეძენა, რომელთა ტერიტორიულ წყლებსა და ეკონომიკურ ზონებში უნდა გაიაროს მილსანდენმა, რაც უკვე საკმაოდ გაჭიანურდა.
იმ შემთხვევაში, თუ 'ჩრდოლეთის დინება' მწყობრში შევიდა, გერმანია და რუსეთი კიდევ უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს. ეს ბერლინში დიდ შეშფოთებას ალბათ არ გამოიწვევს, მაგრამ სხვა სახელმწიფოების რეაქცია უდაოდ სხვაგვარი იქნება."
ვარშავაში მდებარე აღმოსავლეთის კვლევათა ცენტრის ანალიტიკური ბიულეტენის 5 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა ხსენებული ცენტრის კავკასიისა და შუა აზიის განყოფილების მკვლევარის მაჩეი ფალკოვსკის სტატია სათაურით „თურქეთის თამაში კავკასიაში," რომელშიც დაწვრილებით განიხილება თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზაციის პერსპექტივები და რუსეთის როლი ამ პროცესების წარმატებასა თუ წარუმატებლობაში. ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა სტატიის ავტორს.
კითხვაზე თუ რამდენად წარმატებული იქნება თურქეთის მთავრობის ინიციატივა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, ფალკოვსკიმ აღნიშნა:
„თქვენ საკმაოდ რთული კითხვა დამისვით რადგან თუ დაუკვირდებით კავკასიაში არსებულ მდგომარეობას აშკარაა ის რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი უამრავი დაბრკოლებების წინაშეა. შეიძლება ისეთი შთაბეჭდილებაც შეგექმნას, რომ ნორმალიზაცია შეუძლებელია უახლოეს მომავალში, თუ გავითვალისწინებთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, აზერბაიჯანის ფაქტორსა და რასაკვირველია სომხეთსა და თურქეთში შექმნილ მდგომარეობას. მაგალითად, მოგეხსენებათ, რომ თურქი ნაციონალისტები სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას ეწინააღმდეგებიან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს რუსეთის პოზიცია. რუსეთის პოლიტიკა ნორმალიზაციის მიმართ საკმაოდ უცნაურია და მე ვფიქრობ, რომ რუსეთი აქ გარკვეულ თამაშშია ჩართული. ოფიციალურად მოსკოვი ურთიერთობების ნორმალიზაციას მხარს უჭერს, მაგრამ წარმატების შემთხვევაში ეს კავკასიაში რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის გათვლა იყოს ის, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნა უდავოდ დააზიანებს თურქეთის ურთიერთობას აზერბაიჯანთან და სწორედ ეს შეიძლება წარმოადგენდეს რუსეთის მთავარ მიზანს. კიდევ ერთხელ, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზაციის შეფასებისას რუსეთის პოზიცია გადამწყვეტ როლს იძენს."
რაც შეეხება თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზაციის ზემოქმედებას საქართველოზე, ფალკოვსკიმ აღნიშნა:
„საქართველო ოფიციალურად მიესალმება ნორმალიზაციას და მე ვფიქრობ, რომ ზოგადად რომ ვთქვათ მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია საქართველოსთვის მომგებიანი იქნება. მაგრამ არსებობს გარკვეული პრობლემა, რომელიც უკავშირდება რუსეთის პოლიტიკას კავკასიის რეგიონში, და ეს პრობლემა ჯავახეთის რეგიონშია წარმოდგენილი. ამჟამად მდგომარეობა იქ შედარებით მშვიდია, მაგრამ ხსენებულ რეგიონში ბევრი პრობლემაა დაგროვილი. ჯავახეთში სიმშვიდეა იმიტომ რომ სომხეთის მთავრობას ჯერ-ჯერობით არ აწყობს საქართველოსთან ურთიერთობებში პრობლემების წარმოქმნა ვინაიდან საქართველო სომხეთისთვის მსოფლიოში გასვლის ერთადერთი საშუალებაა. მაგრამ თუ თურქეთ-სომხეთის საზღვარი გაიხსნა, სულაც არ არის გამორიცხული ის, რომ ჯავახეთის პრობლემა წინა პლანზე წამოიწევს ანუ იქ სეპარატისტული ტენდენციები კვლავინდებურად გამომჟღავნდეს. აქვე ისიც უნდა დავძინო, რომ მართალია სომხეთში არსებობს პოლიტიკური ძალები, მაგალითად დაშნაკების პარტია, რომელიც დაინტერესებულია ჯავახეთში სეპარატისტული მღელვარების გაღვივებაში, მე მიმაჩნია, რომ არეულობა იქ უფრო რუსეთის ინტერესებში იქნება ვიდრე სომხეთის."