ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიის თავისუფლების შეზღუდვა სამხრეთ კავკასიაში


რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში მდებარე საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის ცენტრისა და დემოკრატიის ეროვნული ფონდის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა დისკუსია თემაზე „მედიის თავისუფლების შეზღუდვა სამხრეთ კავკასიაში,“ რომელშიც მოხსენებით გამოვიდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის კანდიდატი და ექსპერტი მედიის თავისუფლების საკითხში ნინო ჯაფარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნიუს ნეთვორკის“ უფროსი მეცნიერ მუშაკი პერსეფონე მიელი და საინვესტიციო ჰოლდინგ „ედვენჩურ ჰოლდინგის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ესთერ დაისონი. შეხვედრის მიზეზი იყო მედიის თავისუფლების ხარისხი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რისი დასტურიცაა პოპულარული ბლოგების ავტორების დაპატიმრება აზერბაიჯანში, სატელევიზიო არხებზე სახელმწიფო კონტროლი საქართველოში, და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების დაფიქსირება სომხეთში.

თავის წინასწარ შენიშვნებში დემოკრატიის ეროვნული ფონდის ექსპერტმა ნადია დიუკმა ყურადღება გაამახვილა მედიის მნიშვნელობაზე დემოკრატიის განვითარებისთვის ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, მან აღნიშნა:

„ეს არის ისეთი რეგიონი სადაც, როგორც ჩანს, მუდამ არასტაბილურობა სუფევს. მაგრამ ერთი ზოგადი შენიშვნის სახით მე შემიძლია ვთქვა, რომ ათი წლის წინ მედია კავკასიის სამივე ქვეყანაში ბევრად უფრო თავისუფალი იყო ვიდრე დღეს.“

ნინო ჯაფარიძის გამოსვლა ძირითადად მიეძღვნა სამწლიან კვლევას, რომელიც მან სადოქტორო დისერტაციისთვის ჩაატარა. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ პლურალისტული მედია წარმოადგენს იმ სივრცეს რომელშიც უნდა მოხდეს იდეების თავისუფალი გაცვლა და ამდენად ამ ფაქტორის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია განუწყვეტელი დემოკრატიული განვითარება ისეთ საზოგადეობაში როგორიც არის საქართველო. პოსტ-საბჭოურ საქართველოში მედიის როლის შესწავლისას ჯაფარიძემ ჩაატარა ქართველი მედიის ექსპერტებისა და თვით მედიაში მომუშავე პროფესიონალთა გამოკითხვა და შედეგად შესძლო რამოდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენციის დადგენა. ამასთან დაკავშირებით ჯაფარიძემ აღნიშნა:

„რაც შეეხება პოლიტიკურ კულტურას საქართველოში, თუ ჩვენ დავუკვირდებით საქართველოს პოსტ-საბჭოური ისტორიის სამ ერთმანეთისაგან განსხვავებულ პერიოდს, რომელიც მე უკვე ვახსენე, გაუმჯობესების ნიშნები სახეზეა. განსაკუთრებით ეს ეხება შევარდნაძის პერიოდს, როცა დემოკრატიული ცვილებები, როგორც ექსპერტებს მიაჩნიათ, შევარდნაძის პოლიტიკის შედეგი როდი იყო და სინამდვილეში მისი ეგრედწოდებული ‘დასავლელი’ მეგობრების ანუ საქართველოს მეგობრების ზეწოლამ გამოიწვია. ამდენად შევარდნაძის პერიოდის დამახასიათებელი თვისება იყო პლურალისტული მედიის განვითარება.“

ჯაფარიძის თქმით, ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში, ქართული საზოგადოება ელოდა ქვეყანაში ინფორმაციის მრავალფეროვნების მომატებასა და ზოგადად დემოკრატიის დონის ამაღლებას, მაგრამ მოხდა პირიქით და პლურალისტული მედია მკვეთრად შეიზღუდა. ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ გამოკითხულ ექსპერტებს შორის არსებობს კონსენსუსი, რომ ამ უარყოფითი განვითარების მთავარი მიზეზი არის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მედიის მრავალფეროვნების შეზღუდვისაკენ. ეს არის განპირობებული იმით, რომ შევარდნაძის მთავრობისაგან განსხვავებით, სააკაშვილის მთავრობას კარგად ესმის მედიის როლისა და მისი ზეგავლენის მნიშვნელობა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. ჯაფარიძემ გააკრიტიკა პრეზიდენტ სააკაშვილის ახლახან გაკეთებული განცხადება საქართველოში პლურალისტული მედიის არსებობის შესახებ, რომლის თანახმადაც პლურალიზმის აშკარა მაჩვენებელია ქვეყანაში 27 დამოუკიდებელი სატელევიზიო არხის არსებობა. ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხთა სიმრავლე მეორეხარისხოვანია რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სატელევიზიო პროგრამების შინაარსს და მაყურებელთა აუდიტორიის სიდიდეს. გარდა ამისა, პლურალისტული ინფორმაციის ოაზისები საქართველოში, როგორიც არის, მაგალითად, „მაესტრო“ შეზღუდული მაუწყებლობის გამო მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენში ფუნქციონირებს. ხოლო ბათუმის 25-ე არხი კი ფინანსური დავალიანების გამო დახურვის პირას არის მისული. მთავრობა დამოუკიდებელ სატელევიზიო არხებზე კონტროლს სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ახორციელებს. ზოგ შემთხვევაში იზღუდება რეკლამის განთავსება გარკვეულ სატელევიზიო არხებზე სხვადასხვა კომერციული ფირმების მიერ, რაც შემოსავლების შემცირებას იწვევს და ამ არხების არსებობას საფრთხეს უქმნის. ჯაფარიძემ აგრეთვე აღნიშნა:

„მთავრობის კონტროლის სხვა მექანიზმი, რომელიც ნამდვილად ახასიათებს ვარდების რევოლუციის შემდგომ მედიას გარემოს, ეს არის მითითებების მიცემა რედაქტორებისთვის სატელევიზიო პროგრამებში შინაარსობრივი პრიორიტეტების დადგენის შესახებ. ანუ რომელი საინფორმაციო ცნობა ან ამბავი უნდა გავიდეს ეთერში და რომელი არა. სამწუხაროდ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წარმართვა კითხვის ნიშნის ქვეშ არის ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში.“

XS
SM
MD
LG