ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აგვისტოს ომის შესახებ ჰოლივუდი ფილმს იღებს


უკანასკნელი კვირის მანძილზე, ალბათ უმთავრეს მოვლენად, არა მხოლოდ კულტურის სფეროში, ახალი კინოს გადაღებები იქცა. ამ ნიუსით იწყებოდა ყველა საინფორმაციო გამოშვება და ამ სიახლით მთავრდებოდა. ჰოლივუდი ქართველის მიერ დაწერილი სცენარით ფილმს იღებს, ქვეყნის მთავრობის ხელშეწყობით და რაც მთავარია საქართველოში.

ფილმი, რომლის სამუშაო სახელწოდებაც “ჯორჯიაა”, ანტიქართული რომ არ იქნება, ამაში ეჭვის შეტანა ალბათ ზედმეტია. მას ქართველის მიერ დაწერილი სცენარით იღებენ, ქვეყნის მთავრობის ხელშეწყობით და რაც მთავარია საქართველოში. გარდა ამისა, რეჟისორმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ მას არ აქვს ფილმის თემატიკის პოლიტიკური განხილვის პრეტენზია და მხოლოდ იმის აღწერა სურს, რაც რეალურად ხდებოდა.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ფილმისადმი ასეთ დაინტერესებას იწვევს, მასში მონაწილე მსახიობები, განსაკუთრებით ენდი გარსიაა - მიხეილ სააკაშვილის როლის შემსრულებელი. როგორც ამბობენ, ის პრეზიდენტს შეხვდა, ხელი ჩამოართვა, რამდენიმე წუთის განმავლობაში ისაუბრეს კიდეც, შემდეგ კი პრეზიდენტმა მას საკუთარი სავარძელი დაუთმო და როლის გათავისებაშიც დაეხმარა. თუ გადასაღები მოედნიდან მოპოვებულ ფოტო კადრებს შევხედავთ, გარსია ასე თუ ისე სააკაშვილს მაინც ჰგავს (ცოტა დაბალია, მაგრამ არა უშავს), ხოლო როგორ ასრულებს მის როლს, ამას მხოლოდ მაისში, ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ვნახავთ.

კიდევ ერთ ვარსკვლავს, ველ კილმერს თბილისში უახლოეს დღეებში ელიან, თუმცა გარსიასგან განსხვავებით ჯერჯერობით არ ხმაურდება, ვის როლს შეასრულებს იგი. შესაძლოა, კილმერმა გორში დაღუპული უცხოელი ჟურნალისტი ითამაშოს, ან რუსი სამხედრო ჩინოვნიკი.

ფილმის ძირითადი სიუჟეტი ეხება ამერიკელ ჟურნალისტს - რომელსაც ბრიტანელი მსახიობი რუპერტ ფრენდი თამაშობს - და მის ოპერატორს, რომლებიც აგვისტოს ომის შუაგულში აღმოჩნდნენ.

ბრძოლის რამოდენიმე სცენა წალკაში და გორშია გადაღებული.
ფილმის გადაღება, რომელსაც ჰარლინმა თავის ბლოგზე უწოდა ”ჩემი დიდი ფილმი ომის თემაზე”, ამ თვის დასაწყისში დაიწყო და სავარაუდოდ ნოემბერში დასრულდება. ჰარლინის განცხადებით, ფილმი საქართველოს შესახებ იქნება ”ომის საწინააღმდეგო განაცხადი”.

20-მილიონიანი ფილმის პრემიერა სავადაუდოდ 2010 წლის მაისში შედგება - დაახლოებით ერთი წლის თავზე იმ ფილმის პრემიერიდან, რომელიც რუსეთმა გადაიღო აგვისტოს ომის შესახებ და რომელიც მოვლენების ოფიციალურ რუსულ ვერსიას ასახავს.

ცხადია, საინტერესოა, როგორია რუსული პრესის რეაქცია საქართველოში მიმდინარე გადაღებებზე. თუ რუსულ ინტერნეტ საიტებს გადავხედავთ, აქ მხოლოდ მშრალი ინფორმაციით შემოიფარგლებიან და ზედმეტი განხილვებისგან თავს იკავებენ. მხოლოდ ერთი საიტი პეოპლესცჰოიცე.რუ იჩენს მცირედ რადიკალიზმს და წერს, რომ ენდი გარსია ბოროტმოქმედი სააკაშვილის როლს ასრულებს. რუსული საიტები უფრო მეტს 9 ოქტომბერს ემირ კუსტურიცას ცხინვალში სტუმრობაზე წერენ.

როგორც ოსინფორმ.რუ იუწყება, სერბმა რეჟისორმა ცხივალის ერთ-ერთ ტაძარში კურთხევაც კი მიიღო, შემდეგ კი აგვისტოს ომის ყველა მსხვერპლის სახელზე სანთელი დაანთო. მან დაათვალიერა ომის დროს დანგრეული სახლები, ხოლო თანმხლები პირებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. კუსტურიცამ ადგილობრივი პრესისთვის მიცემულ კომენტარებში აღნიშნა, რომ შეძრწუნებულია მომხდარით: “სწორედ მაშინ, როდესაც პეკინში ოლიმპიური თამაშები იწყებოდა, სააკაშვილი აგრესიისთვის ემზადებოდა. ეს მოწმობს, რომ მისი ქმედებები არაა დემოკრატიული, როგორც ეს თავად ჰგონია”. ემირ კუსტურიცა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას და მთავრობის წევრებსაც შეხვდა, რის დროსაც აღნიშნა, რომ ცხინვალში ოსი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ჩავიდა.

იმავდროულად, ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ სერბმა კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ, უარი თქვა რუსეთის შემოთავაზებაზე ფილმი გადაეღო ომის შესახებ. ”არ მივიღე ეს შემოთავაზება, რადგანაც მომდევნო ოთხი წელი სხვა კონტრაქტებით მაქვს ვალდებულებები აღებული,” - განუცხადა მან ”როიტერს”.

XS
SM
MD
LG