ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წელს ბერლინის კედლის დანგრევიდან 20 წლისთავი აღინიშნება


ქ.გ. - მართებულია თუ არა ის მოსაზრება, რომ მიხეილ გორბაჩოვს მხოლოდ, თუ შეიძლება ასე ითქვას, კოსმეტიკური ცვლილებების გატარება სურდა საბჭოთა კავშირის მიმართ და სინამდვილეში იმდროინდელი იუგოსლავიის მსგავსი სისტემის შექმნაზე ფიქრობდა, მაგრამ ეროვნული მოძრაობების დაწყების სახით „პანდორას ყუთი“ გაიხსნა, რასაც საბჭოთა კავშირის დაშლის შეუქცევადი პროცესი მოჰყვა თან და ეს ბერლინის კედლის დანგრევით დაგვირგვინდა?

ე.შ.- გორბაჩოვი არა მარტო კოსმეტიკურ ცვლილებებზე ფიქრობდა, არამედ სურდა, რომ შეექმნა სოციალიზმის ახალი სახე. სამწუხაროდ თვით საბჭოთა კავშირში აღმოჩნდნენ ძალები, ერთის მხრივ გორბაჩოვი იყო, მეორეს მხრივ ელცინი და მათმა დაპირისპირებამ ყველა გეგმა მიწასთან გაასწორა.

ქ.გ - გერმანიაში იმ დროს თითქმის 500 000მ დე საბჭოთა სამხედრო მოსამსახურეიყო დისლოცირებული, რაც სისხლისღვრის ან სულაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომის დაწყების დიდ რისკს ქმნიდა. როგორ მოახერხეთ გერმანიაში დაწყებული პროცესების დროს ამ საშიშროების თავიდან აცილება?

ე.შ. -გერმანიაში ხანდახან იყო ცალკეული დემონსტრაციები. საბჭოთა ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ჩადიოდნენ გერმანიაში და აცხრობდნენ ამ დემონსტრაციებს. თუმც სისტემატიური ხასიათი ამას არ ჰქონდა. რაც შეეხება ბერლინის კედლის დანგრევას ეს არ მომხდარა ერთ დღეში. ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი და გაწელილი პროცესი. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის კედლის დანგრევის გარეშე გერმანიის გაერთიანება ვერ მოხდებოდა. ოფიციალურად გერმანიის გაერთიანების საკითხი დადგა ოტავაში. როცა ბეიკერმა მკითხა - ხომ არ დადგა გერმანიის გაერთიანების დრო? მე ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა ეს დრო დადგა, მაგრამ არ ვიცით თანახმაა თუა რა გენშერი. მან მიპასუხა რომ გენშერი თანახმაა, თუმცა ზოგიერთ მეზობელს არ უნდა. ჩვენ მათ დავარწმუნებთ. მთავარია გორბაჩოვის და თქვენი, საბჭოთა ხელმძღვანელობის აზრი. მე მაშინვე ავდექი და დავურეკე გორბაჩოვს. სხვათა შორის იქვე იყო საუბარი, რომ შექმნილიყო მექანიზმი, რომელიც იმუშავებდა გერმანიის გაერთიანების პრობლემებზე. ამ მექანიზმს ერქვა 2+4 ე.ი. ორი გერმანიის სახელმწიფო, საბჭოთა კავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებში ვიკრიბებოდით და მიდიოდა მუშაობა ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა სირთულეებიც იყო, იყო წინააღმდეგობრივი მოსაზრებებიც, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დავძლიეთ და არა მართო ბერლინის კედელი დაინგრა არამედ გერმანია გაერთიანდა. ეს იყო მთავარი მონაპოვარი. გერმანია რომ არ გაერთიანებულიყო და საბჭოთა ჯარები ჩარეულიყვნენ გერმანიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში, შეიძლება ახალ მსოფლიო ომთან გვქონოდა საქმე. ვიცოდით რა ამის შესახებ კარგად მე და გორბაჩოვმა, როდესაც ბერლინის კედლის დანგრევის პრობლემა ზენიტში იყო, ჩავფრინდით გერმანიაში, რათა არ დაგვეშვა, რომ საბჭოთა ჯარები ჩარეულიყვნენ გერმანელების საქმეში.

ქ.გ. - ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ გერმანელებმა თავად დაიწყეს ბერლინის კედლის ნგრევა „ჩვენ არც ვუშლიდით და არც ვეხმარებოდით ამ პროცესს“ აღნიშნეთ თქვენ. რას გულისხმობდით ამ ფრაზაში?

ე.შ. - რახან ხელს არ ვუშლიდით, ე.ი. ვეხმარებოდით. რომ არ ყოფილიყო სურვილი ბერლინის კედლის დანგრევისა და გერმანიის გაერთიანებისა, მაშინ ამ პროცესს ჩვენ ხელს შევუშლიდით და ამას სათანადო ფორმებით გამოვხატავდით. ჩვენი ნეიტრალიტეტი ნიშნავდა გერმანიის გაერთიანების მხარდაჭერას და გერმანია, რომ არ გაერთიანებულიყო ცივი ომი არ დამთავრდებოდა. სწორედ გერმანიის გაერთიანებამ მოიტანა ცივი ომის დასასრული.

ქ.გ. - როიტერისადმი მიცემულ ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ ოცი წლის წინ ბერლინის კედლის დანგრევით ცივი ომი დასრულდა, ახლა კი ცივი ომის ნიშნები ისევ სახეზეა. უფრო მეტს ხომ ვერ გვეტყოდით ამ საკითხზე?

ე.შ - ცივი ომი რომ დასრულდა მაშინ ეს ფაქტია, მაგრამ არა მარტო გერმანიის გაერთიანება იყო, აქ ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი იყოის რომ ნორმალური ურთიერთობა დაგვემყარებინა პირველ რიგში აშშ-სთან და მერე დასავლეთთან. მე კარგად მახსოვს საბჭოთა ხელმძღვანელობისა და ამერიკის ხელმძღვანელობის შეხვედრა მალტაზე, სადაც იყო მამა ბუში, ბეიკერი, გორბაჩოვი და შევარდნაძე. სწორედ იქ მივიღეთ გადაწყვეტილება და დეკლარაციასაც მოვაწერეთ ხელი, რომ ამიერიდან ჩვენ მოწინააღმდეგენი არ ვართ. ამას მოჰყვა ჩემი და ბეიკერის შეხვედრა ვაიომინგში, სადაც იგი ცხოვრობდა და ცხოვრობს. იქ მოვაწერეთ ჩვენ ხელი ახალ დეკლარაციას, რომლის არსიც მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ არამც თუ მოწინააღმდეგეები, არამედ ვართ პარტნიორები. ამ დეკლარაციას ხელი ბეიკერმა და შევარდნაძემ მოაწერა. ჩვენ მას მერე მართლაც გავხდით პარტნიორები. მაშინ პრეზიდენტი რეიგანი იყო და მე ამ პერიოდში რეიგანს შევხვდი შვიდჯერ. რეიგანი თვლიდა, რომ საბჭოთა კავშირი არის ბოროტების იმპერია.

ქ.გ -როგორ აფასებთ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას. რა გზით არის შესაძლებელი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება. თეორიულად მაინც დასაშვებია ის, რომ რუსეთმა ოდესმე გაუუქმოს დამოუკიდებლობა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს?

ე.შ. - როცა მე ვიყავი პრეზიდენტი, მაშინ რუსეთთან საკამოდ ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. მართალია აფხაზეთში მაშინაც იდგა რუსეთის ჯარი, მაგრამ არც რუსეთის არც ერთ ხელმძღვანელს მაშინ არ დაუწერია ის, რომ აფხაზეთი რუსეთს ეკუთვნის. როცა წერდნენ ვთქვათ აფხაზეთი, ფრჩხილებში ჩაწერდნენ საქართველო, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთი. და არასდროს არც პუტინს და არც სხვა რუსეთის ხელმძღვანელებს არ უარყვიათ ის, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. ეტყობა ის ძაფი, რომელიც გაიბა საქართველოსა და რუსეთს შორის, შემდეგ ის ძაფი გაწყდა. სხვათა შორის პუტინი იყო ის კაცი, რომელიც სოჭში ჩამოფრინდა და ჩემს თხოვნაზე, რომ ერთ რაიონში მაინც დაებრუნებინათ ლტოლვილები, მან ეს შეასრულა და გალის რაიონში საბჭოთა პერიოდში, სადაც დაახლოებით 80 000 მოსახლე იყო, გალის რაიონში დააკანონა დაბრუნება ლტოლვილები. ეს იყო პუტინის დროს.

ქ.გ. - ერთი წლის წინ თქვენ რომ ყოფილიყავით საქართველოს მართვის სადავეებთან რას მოიმოქმედებდით რუსეთის აგრესიის თავიდან ასაცილებლად?

ე.შ - თუ ტალიავინის დასკვნებს დავუჯერებთ არც ქართველები არიან მართლები და არც რუსები. მე რუსეთის საწინააღმდეგოს არაფერს გავაკეთებდი. მე მგონი ტალიავინის დასკვნაში ის წერია, რომ ქართველები შევიდნენ პირველები ცხინვალში. თუ იცოდნენ ქართველებმა, რომ იქ რუსის ჯარი იყო და საფრთხე იყო არ უნდა შევსულიყავით. თუმც მე არ ვიცი იცოდნენ თუ არ იცოდნენ ამის შესახებ. თუმცა ძირითადად ტალიავინის დასკვნა საქართველოს სასარგებლოდ არის და სხვათა შორის ის არის ნათქვამი, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების სწორი არ არის. ამას იმეორებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც ჰილარი კლინტონი. მე ხშირად ავღნიშნავ იმ ფაქტს, რომ რუსეთმა თვითონ დაუშვა უზარმაზარი შეცდომა იმით, რომ აღიარა ამ ჯუჯა რეგიონების სახელმწიფოებრიობა. თუკი აფხაზები იმსახურებენ დამოუკიდებლობას, მაშინ ჩეჩნებმა რა დააშავეს? იქ სამ მილიომზე მეტი ხალხი ცხოვრობს. არიან ასევე ინგუშები, დაღესტნელები არის ასევე თათარსტანი. ამით რუსეთმა შექმნა პრეცენდენტი, რომ თურმე დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას აქვს აზრი და ეს მოძრაობა რუსეთში დაწყებულია უკვე. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები თვით რუსეთში. იქ უკვე დაყწებულია გარკვეული მოძრაობა, განმანთავისუფლებელი მოძრაობა.

ქ.გ - დღეს ბერლინში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი საქმიანობაბერლინის კედლის ნამსხვრევებით ვაჭრობაა. მალე ალბათ ბერლინის კედლის ნამსხვრევებს თვით ბერლინში ვეღარავინ იხილავს. თქვენ თუ გერგოთ სუვენირის სახით ეს ნამსხვრევი?

ე.შ. - მაქვა და მას აწერია „Eduard Danke!”

XS
SM
MD
LG