ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში შეფასებულია გლობალური ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენა შუა აზიისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებზე


ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებულმა შუა აზიისა და კავკასიის კვლევათა ცენტრმა ერთობლივად საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩაატარა ფორუმი თემაზე „გლობალური ეკომოკური კრიზისი კავკასიასა და შუა აზიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადმოსახედიდან.“ ფორუმი ძირითადად მიეძღვნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის „რეგიონალური ეკომომიკური პერსპექტივის“ გამოცემას. უნდა აღინიშნოს რომ ხსენებული ანგარიში ქვეყნდება ყოველ ექვს თვეს. ფორუმზე ანგარიშის მთავარი დასკვნების მიმოხილვით გამოვიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი რატნა საჰაი. ფორუმის დაწყებამდე ამერიკის ხმა გაესაუბრა ქალბატონ საჰაის და მის კოლეგას, სომხეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ყოფილ ხელმძღვანელს ბატონ მარკ ლიუისს.

კითხვაზე თუ რა ეკონომიკური ზეგავლენა მოახდინა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა კავკასიის ქვეყნებზე, ქალბატონმა საჰაიმ აღნიშნა:

„გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა შუა აზიისა და კავკასიის რეგიონების ქვეყნების ეკონომიკაზე. მაგრამ იქ ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ, რომ ენერგომატარებლების ექსპორტიორი ქვეყნების გამოციდელბა საგრძნობლად განსხვავდება ენერგომატარებლების იმპორტიორი ქვენების გამოცდილებისაგან. ამით მე იმის თქმა მინდა, რომ ენერგომატარებლების იმპორტიორი ქვეყნები უფრო მნიშვნელოვნად დაზიანდა რადგან ამ ქვეყნებს მჭიდრო კავშირი აქვთ რუსეთთან. კერძოდ კი რუსეთიდან ფულადი გზავნილების დონემ საგრძნობლად იკლო, მაგრამ ამის გარდა ზოგადად კაპიტალის შემოდინების დონეც რადიკალურად შემცირდა. ხოლო როცა ჩვენ განვიხილავთ ენერგომატარებლების ექსპორტიორ ქვეყნებს, ვინაიდან ამ სახელმწიფოების ერთ ნაწილს საკმაოდ სუსტი კავშირი აქვს გლობალურ ფინანსურ ბაზარებთან და რადგან ამ ქვეყნებში ენერგომატარებლების ფასები დაფიქსირებული იყო ერთ დონეზე კრიზისის დაწყებამდე, და თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებასაც, რომ ამ ქვეყნების მთავრობებმა განახორციელეს ექსპანსიონისტური ფულადი და ფისკალური პოლიტიკა - ამ ფაქტორების გამო, პროდუქციის წარმოების დონის დაცემა უფრო უმნიშვნელო აღმოჩნდა ვიდრე ეს ენერგომატარებლების იმპორტიორ ქვეყნებში შეინიშნება. ამ მხრივ მხოლოდ ყაზახეთი წარმოადგენს გამონაკლისს რადგან ფინანსურმა კრიზისმა პირდაპირი დარტყმა მიაყენა ამ ქვეყანას და დღემდე მდგომარეობა ყაზახეთის ფინანსურ სექტორში საკმაოდ დაძაბულია. ამიტომ პროდუქციის წარმოების დონის დაცემა ყაზახეთში იგივე დონეზეა როგორც ენერგომატარებლების იმპორტიორ ქვეყნებში. მომავალს რაც შეეხება, ჩვენ ვხედავთ ზომიერი ეკონომიკური აღორძინების პერსპექტივას როგორც ენერგომატარებლების იმპორტიორ ისევე ექსპორტიორ ქვეყნებში, მაგრამ ეკონომიკური აღორძინების ტემპი უფრო სწრაფი იქნება ენერგომატარებლების ექსპორტიორ ქვეყნებში, რადგან მოსალოდნელია ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა.“

თუ რა ზეგავლენა აქვს პოლიტიკური რისკის ფაქტორს გასული წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე - ამ კითხვით ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს მარკ ლიუისს.

„უპირველეს ყოვლისა მე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ვართ ეკონომიკური და ფინანსური დაწესებულება და ამდენად პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს თავს ვარიდებთ. რასაკვირველია რუსეთთან კონფლიქტს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზემოქმედება ჰქონდა საქართველოზე. ეს გამოიხატა უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში და ზოგადად კაპიტალის სხვადასხვა ფორმების შემოდინების სფეროშიც. როცა ჩვენ თვალს გადავავლებთ 2009 წელს, მაგალითად, გადასახადების ბალანსი სუსტია და მასში აისახება შემცირებული უცხოური ინვესტიციები ისევე როგორც ექსპორტისგან მიღებული შემოსავლები და მკვეთრად შემცირებული ფულადი გზავნილების რაოდენობა. არსებობს თუ არა პირდაპირი კავშირი ამ ფაქტორებსა და თქვენს კითხვაში ნახსენებ პოლიტიკური რისკის ფაქტორს შორის, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია ვინაიდან ამჟამად ყველაფერი უნდა გაინიხილებოდეს გლობალური ეკონომიკური ჩავარდნის კონტექსტში. კრიზისმა ზეგავლენა მოახდინა საქართველოზე და მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე, განვითარებადი და განვითარებული სახელმწიფოების ჩათვლით. მაშასადამე, ომს უსათუოდ მოჰყვა ეკონომიკური ზემოქმედება, მაგრამ ამჟამად მისი ზუსტი მნიშვნელობის დადგენა რთული იქნება.“

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG