ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა: 19-23 ოქტომბერი


უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ ჯეიმსტაუნის ფონდის მიერ გამოცემული იურეიჟია დეილი მონიტორის“ 19 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული ვლადიმირ სოკორის ანალიტიკური სტატიით სათაურით „შეერთებული შტატების დელეგაცია ჩვეულებრივზე უფრო თავშეკავებულია საქართველოს საკითხთან დაკავშირებით,“ რომელიც ეძღვნება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის რუსეთში ახლახან დასრულებულ ვიზიტს. სტატიაში ვკითხულობთ:

„შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკა კონცენტრირებულია არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციაზე და არა მდგომარეობის განმუხტველი ზომების მიღებაზე. ამ მხრივ, დასავლეთის პოლიტიკა 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული არსებითად წააგავს იმ პოლიტიკას, რომელსაც დასავლეთი მიჰყვებოდა 1994 წლიდან 2008 წლამდე როცა საერთაშორისო გარემოებები დღევანდელზე უმჯობესი იყო.

დასავლეთის მიდგომას რაც შეეხება, შეერთებული შტატებისა და ნატოს ოფიციალური პირებისთვის თითქმის სტანდარტული პრაქტიკა გახდა შეხვედრების წინ რუსეთთან ‘უთანხმოების’ დაფიქსირება საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ შემდგომში, როგორც წესი, საუბარი გადადის ისეთ თემებზე როგორიც არის ირანზე სანქციების შემოღების საკითხი, რაც, დასავლეთის თვალსაზრისით რუსეთის ‘მხარდაჭერას’ მოითხოვს. მოსკოვში ვიზიტის დროს შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს რომ ის არასოდეს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს დაპირება არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად გადაიდგმება რაიმე ნაბიჯები.

საქართველომ შეიძლება რაღაც დამაიდებელი გამონახოს კლინტონის ნათქვამში, რომ შეერთებული შტატები ‘დაეხმარება ქართველ ხალხს, რომ მათ იგრძნონ, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა.’ მაგრამ ჯერ-ჯერობით შეერთებული შტატები მხოლოდ ქართულ ბატალიონს წვრთნის ავღანეთში გასაგზავნად და არა სამშობლოს დასაცავად. ამის გარდა, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გააუქმეს ‘საბრძოლო’ თავდაცვითი აღჭურვილობის გაგზავნა საქართველოში და რუსეთს ოფიციალურად ატყობინებენ იმ მსუბუქი შეიარაღების შესახებ, რომელიც გამოეყო ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში გამოსაყენებლად. ამდენად გაურკვეველი რჩება გამოიწვევს თუ არა კლინტონის ხსენებული შენიშვნა პოლიტიკის შეცვლას იმ მიმართულებით რომელიც საქართველოს მისცემს მისი ტერიტორიის დაცვის უფლებას.“

ამერიკულ ჟურნალ „თაიმის“ 26 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდება ნათან თორნბურგის სტატია სათაურით „მსოფლიო მიშას თვალით: საქართველოს სააკაშვილი,“ რომელშიც ვკითხულობთ:

„მაგრამ სააკაშვილის ეშხის საკითხი მეორეხარისხოვანია, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოსადმი მისი ხედვის ხარისხი და აგრეთვე ის სჯერათ თუ არა მის მოკავშირეებს იმისა, რომ ის ქვეყანას სათანადოდ გაუძღვება. ფსონი ნამდვილად მაღალია. ეს პაწაწინა ქვეყანა, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ნახევრის ტოლია, წარმოადგენს ყველაზე მწვავე შეხების წერტილს რუსეთის მზარდ ამბიციებსა და აღმოსავლეთით გაფართოებულ ნატოსა და ევროკავშირის ალიანსებს შორის. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტი შეიძლება თვით სააკაშვილის პიროვნების შიგნით მძვინვარებდეს,კონფლიქტი საქართველოსადმი მის უზარმაზარ ამბიციებსა და წინდაუხედაობას შორის, რომელსაც კიდევ შეუძლია მისი ახალი დემოკრატიის დამარცხება ან უფრო მეტი სისხლის ღვრის წარმოქმნა კავკასიაში.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი კიდევ ერთხელ თითქმის მთლიანად დამოკიდებულია სააკაშვილის კარგ და ცუდ იმპულსებს შორის არსებულ ბალანსზე. საქართველოს გაეროში ყოფილი ელჩისა და ქვეყნის ყველაზე დამაჯერებელი ოპოზიციური ფიგურის ირაკლი ალასანიას ფაქტორი ალბათ გვიჩვენებს იმას თუ რომელი მხარე გაიმარჯვებს სააკაშვილში. ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე მე შევიტყვე ალასანიასგან, რომ იგი აპირებდა მომავალ გაზაფხულზე თბილისის მერის თანამდებობაზე არჩევნებში მონაწილეობას ყოფილი სახალხო დამცველ სოზარ სუბართან ერთად. საზოგადოების პატივისცემით აღჭურვილი პოლიტიკური ფიგურების მონაწილეობა თავისუფალ პოლიტიკურ კამპანიაში მყისვე დაასაბუთებს მრავალპარტიური დემოკრატიის იდეას საქართველოში. მას აგრეთვე შეიძლება მოჰყვეს სხვა განვითარებაც, რომელსაც ბევრი კრიტიკოსი სააკაშვილისგან ნაკლებად ელოდება - და კერძოდ, სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს, რასაც მოჰყვება ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა.

საქართველოს დემოკრატიის სიმტკიცე უმნიშვნელო ფაქტორი როდია. თუ პრო-დასავლურად განწყობილი ლიბერალური დემოკრატია აყვავდა რუსეთის სამხრეთით, შესაძლებელია რომ საქართველოს მაგალითს მიბაძონ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებმაც. და რადგან კავკასიის რეგიონი წარმოადგენს მთავარ მარშრუტს ცენტრალური აზიიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის დასავლეთით ტრანსპორტირებისთვის, საქართველოს შეუძლია შეამციროს დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე. მაგრამ უპირველეს ყოვლისა საქართველო უნდა გახდეს სტაბილური, მშვიდობიანი და ძლიერი ქვეყანა. ისტორია სააკაშვილს და მთელ მის ენთუზიაზმს გამოუტანს განაჩენს იმისდამიხედვით შეასრულებს თუ არა იგი ამ ამოცანას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG