ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი პარიზიდან: ფრანგულ სამხედრო გემზე მალე შეიძლება რუსული დროშა აფრიალდეს



საფრანგეთის ხელმძღვანელობამ გასულ კვირას მწვანე შუქი მისცა მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებას მისტრალის ტიპის სამხედრო ხომალდის მიყიდვის თაობაზე. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ერვე მორენმა 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამ საკითხს საფრანგეთი დადებითად უყურებს.

რაც შეეხება ქვეყნის პრეზიდენტსა და მის საგარეო საქმეთა მინისტრს, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არცერთს არ გაუკეთებია.

თუ ამ რუსულ-ფრანგულ გარიგებას განხორციელება უწერია, საფრანგეთი ნატოს ის პირველი ქვეყანა იქნება რომელიც რუსეთს სამხედრო თავდასხმის მთელ სისტემას მიჰყიდის.

რუსეთი არ მალავს რომ მას ამ გემის შესყიდვის შემდეგ კიდევ სხვა ოთხი მსგავსი ხომალდის შექმნა სურს. მაგრამ, როგორ და რა ტექნოლოგიებით, ეს ჯერჯერობი გაუგებარია რადგან საფრანგეთი თავის მხრივ შემდეგ პირობას აყენებს: ხომალდის მშენებლობა მთლიანად საფრანგეთში უნდა დასრულდეს. რაც ნიშნავს, რომ რუსები მშენებლობის უფლებას ვერ მოიპოვებენ. მისი კონსტრუქტირება საფრანგეთის ქალაქ სენტ ნაზერში არსებულ სამხრეთ კორეული გემთმშენებლის ფრანგულ ფილიალში მოხდება, რომელსაც პარტნიორობას საზღვაო კონსტრუქციების დეპარტამენტი გაუწევს.

ამ საკითხთან დაკავშირებით პარიზის სტრატეგიული კვლევის ფონდს დავუკავშირდით, სადაც რუსეთთან ურთიერთობის სპეციალისტმა ქალბატონმა იზაბელ ფაკონმა ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ზოგადად, ფრანგული მხარე ამ საქმის მნიშვნელობაზე დიდად არ საუბრობს. პირიქით, ცდილობს ეს უკანასკნელი მინიმუმამდე დაიყვანოს. ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ რუსეთი მტრად და ომის გამომწვევ ფაქტორად აღარ უნდა მივიჩნიოთ. პარიზს ამჯერად მოსკოვთან სტრატეგიული პარტნიორობა სურს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთი იარაღით ვაჭრობის თვალსაზრისით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის შემდეგ. რუსულმა მხარემ საკუთარი ინტერესი ფრანგული სამხედრო გემის შესყიდვის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერსა და თავდაცვის მინისტრ ერვე მორენს 1 აგვისტოს მოსკოვში ვიზიტის დროს დაუდასტურა.

მისტრალის ტიპის გემი სიდიდით მეორეა ფრანგულ სამხედრო ხომალდებს შორის. 199 მეტრი სიგრძისა და 32 მეტრი სიგანის ხომალდს 21 ტონაზე მეტი ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლია. იგი ერთდროულად არის ვერტმფრენებისა და ჯავშანტექნიკის გადამზიდი საშუალება, რომელიც ერთდროულად დაიტევს თხუთმეტამდე ვერტმფრენს, სამოცამდე მძიმე ჯავშანტექნიკას და სახმელეთი ოპერაციებისთვის საჭირო სხვა ელემენტებს. გარდა ამისა, 700 მებრძოლს და თქვენ წარმოიდგინეთ საავადმყოფოსაც კი თავისი ორი საოპერაციო დარბაზით.

სამხედრო თავდასხმის ეს მეტად სასურველი იარაღი რუსული სამხედრო ფლოტის უფროსმა ვლადიმერ ვისოცკიმ შემდეგნაირად შეაფასა: 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს შავი ზღვის რუსულ ფლოტს ასეთი ხომალდი რომ ჰქონოდა გამარჯვებას 26 საათის ნაცვლად 40 წუთში მოიპოვებდაო. საფრანგეთი ეს ის ქვეყანაა, რომელიც რუსეთთან ომის დროს ქართველებს შუამავლად მოევლინა, ეს ის ქვეყანაა რომელმაც არაერთხელ შეახსენა რუსეთს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება.

დღეს, ისევ იგივე საფრანგეთი მზად არის, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორის სახელით, მონაწილეობა მიიღოს იმ ქვეყნის შეიარაღებაში, რომელმაც სულ რაღაც ერთი წლის წინ თავისი მეზობელი ქვეყანა წელში გატეხა.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რუსეთის სამხედრო საფრთხის მომატებას კიდევ ერთი გარემოებაც შეუწყობს ხელს. ეს არის აშშ-ს გადაწყვეტილება ევროპაში რაკეტსაწინაღო რადარების პროექტის გაუქმების შესახებ.

ამ საკითხზე ჩვენს მიკროფონთან კომენტარი სორბონის უნივერსიტეტის ლექტორმა, ისტორისკოსმა ფრანსუაზ თომმა გააკეთა:

„ვფიქრობ, რომ ყველაფრის მიუხდავად, რაკეტსაწინააღმდეგო რადარების სისტემის პროექტის მიტოვება პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური თვალსაზრისით--არაფერს ვამბობ მის ტექნიკურ ასპექტებზე-არის გადაწყვეტილება, რომელსაც ხანგრძლივი შედეგი მოჰყვება, რადგან ის კარგად აჩვენებს, რომ აშშ უფრო და უფრო ნაკლებ ინტერესს იჩენს ევროპის მიმართ. ეს კარგად ჩანს, სხვათა შორის, აშშ-პრეზიდენტის ევროპელ ლიდერებთან ურთიერთობაში. დღეს, ვერ ვიტყვით, რომ ბარაკ ობამას კარგი ურთიერთობა აქვს სარკოზისთან, ბრაუნთან, მერკელთან ან ბერლუსკონისთან. მიზეზები შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდება თითოეულ შემთხვევაში, მაგრამ საერთო სურათი მაინც ნათელია: ამერიკამ ორიენტაცია შეცვალა. ეს 1945 წლიდან რუსეთის ოცნება იყო. ევროპას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იგივე წონა აღარ ექნება, რუსეთს კი ამით მოქმედების სრული თავისუფლება მიეცემა.“

ფრანსუაზ თომის აზრით, სამხედრო გემის რუსეთისთვის მიყიდვა იმის ნიშანია, რომ ფინანსური კრიზისი განსაკუთრებით უშლის ხელს საფრანგეთის მმართველებს წინასწარ გაზომილი გადაწყვეტილებების მიღებაში არა მარტო ეკონომიკურ არამედ სტრატეგიულ საკითხებშიც. „ როგორ შეიძლება ჭკვიანურ გადაწყვეტილებებად ჩაითვალოს მონაწილოება იმ ქვეყნის შეიარაღებაში, რომელიც ყველას დასანახად ყოფილ საბჭოთა სივრცეში დაკარგული ჰეგემონიის ძალით თუ ნებით აღდგენას ურცხვად ლამობს“-აღნიშნავს ქ-ნი თომი.

კონტრაქტის შესრულებამდე ადმინისტრაციული პროცედურები უკვე დაწყებულია. ფრანგები ახლა პასუხს მოსკოვიდან ელიან. საბოლოო გადაწყვეტილება ნოემბრის შუა რიცხვებამდე იქნება მიღებული.

XS
SM
MD
LG