ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა  სხვადასხვა სტრატეგიებს იხილავს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთის ომის მიმართ სხვადასხვა მიდგომებს იხილავს მაშინ, როცა ავღანეთში ახლახან ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ დავა მატულობს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი პოლა უოლფსონი იუწყება, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ შეერთებულ შტატებს ქაბულში ძლიერი პარტნიორი სჭირდება სამხედრო წარმატების მისაღწევად.


პრეზიდენტმა ობამამ უკვე ჩაატარა რამდენიმე ხანგრძლივი სხდომა საკუთარი ეროვნული უშიშროების გუნდის წევრებთან ავღანეთის საკითხის თაობაზე. ხსენებული სხდომები წარმოადგენს ავღანეთის მიმართ ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესის განუყოფელ ნაწილს. როგორც მოსალოდნელია, ახალ სტრატეგიას მოჰყვება შეცვლილი სამხედრო მიდგომა და ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების შესაძლო გაზრდა. როგორც იუწყებიან, ამ კვირას ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი კრება გაიმართება თეთრ სახლში. მაგრამ ომის სტრატეგიის შემუშავება ობამას ადმინისტრაცია უხდება ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე.

თეთრი სახლის პრეზიდენტის აპარატის უფროსის რამ ემანუელის თქმით, არჩევნებში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელთა მიზანია ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, შესაძლოა მოახდინოს გავლენა თეთრი სახლის გადაწყვეტილებაზე ამ ქვეყნის მიმართ. ტელეკომპანია სი-ბი-ეს-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დავის გადაჭრა მონაწილე მხარეთა პრეროგატივას წარმოადგენს. მისი თქმით, მათ შეუძლიათ დანიშნონ ხელახლა არჩევნები ან მიაღწიონ ძალაუფლების განაწილების ყველასთვის მისაღებ ფორმას. მაგრამ ბატონმა ემანუელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს ამ საკითხის დროულად გადაჭრა, რადგან ვაშინგტონისთვის მთავარია რომ მას ქაბულში ჰყავდეს სანდო პარტნიორი. ემანუელმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფნა ავღანეთში საჭიროა რათა შეიქმნას სათანადო პირობები რათა ავღანებმა საკუთარი ქვეყანა წარმატებულად მართონ. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა:

„გაისმის კითხვა - გვყავს თუ არა ჩვენ სანდო პარტნიორი, რომელსაც შეუძლია იმ სივრცის შევსება, რომელსაც ჩვენი თხოვნის მიხედვით ქმნიან იქ ამერიკელი სამხედროები?“ -ციტატის დასასრული

შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე დემოკრატი მასაჩუსეტსის შტატიდან, ჯონ კერი ახლახან იმყოფებოდა ავღანეთში მდგომარეობის შესასწავლად. სატელევიზიო გამოსვლაში სენატორმა კერიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთის მთავრობას ჰქონდეს „უნარი მოემსახუროს“ მოსახლეობას. კერის თქმით:

„მე არ მესმის, თუ როგორ შეუძლია პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილების მიღება დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნისა ან ჩვენი მისიის დასრულების შესახებ, როცა ადეკვატური მთავრობა არ არსებობს და არ არსებობს წარმოდგენა თუ როგორი იქნება ეს მთავრობა ახლო მომავალში.“ -ციტატის დასასრული

ავღანეთში ვიზიტის დროს სენატორი კერის ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონა გენერალ სტენლი მაკკრისტალთან, რომელიც ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მთავარსარდალია. გენერალმა მაკკრისტალმა უკვე დააფიქსირა საკუთარი დამოკიდებულება როცა მან მოითხოვა დამატებითი სამხედრო ძალების გამოყოფა. ავღანეთში სამხედრო ძალების გაზრდას ემხრობიან კონგრესის წევრები რესპუბლიკური პარტიიდან. პრეზიდენტმა ობამამ უკვე განაცხადა, რომ მომავალი რამოდენიმე კვირის განმავლობაში იგი მიიღებს გადაწყვეტილებას ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით.


XS
SM
MD
LG