ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი მზარდ საერთაშორისო ზეწოლას განიცდის გოლდსტოუნის ანგარიშის გამო


ისრაელი მზარდ საერთაშორისო ზეწოლას განიცდის მას შემდეგ რაც გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებების საბჭომ დაამტკიცა ეგრედწოდებული გოლდსტოუნის ანგარიში, რომელშიც ებრაულ სახელმწიფოს ბრალი ედება სამხედრო დანაშაულებების ჩადენაში პალესტინელების წინააღმდეგ. გოლდსტოუნის ანგარიში აგრეთვე ადანაშაულებს პალესტინელ მეამბოხეებს სამხედრო დანაშაულებების ჩადენაში ღაზის სექტორში თითქმის ერთი წლის წინ მომხდარი კონფლიქტის დროს.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ წერილი გაუგზავნეს ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს, რომელშიც მოუწოდებენ მას ითანამშრომლოს გოლდსტოუნის ანგარიშის ავტორებთან. ისინი მოუწოდებენ ისრაელს დაიწყოს „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება“ იმისა, თუ რა სახის სამხედრო დანაშაულებები იყო ჩადენილი ღაზის სექტორში სამი კვირის მანძილზე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დროს გასული წლის დეკემბერსა და ამა წლის იანვარში.

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს რეზოლუცია ადასტურებს გოლდსტოუნის ანგარიშის რეკომენდაციებს რომლის თანახმადაც ისრაელელებმა და პალესტინელებმა უნდა დაანახონ გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ ისინი იძიებენ სამხედრო დანაშაულებათა ბრალდებებს.

ისრაელმა უარყო გოლდსტოუნის ანგარიშის დასკვნები როგორც მიკერძოებული და ცალმხრივი. ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ომი ღაზის სექტორში იყო თავდაცვის სამართლიანი აქტი და წარმოადგენდა სათანადო სამხედრო პასუხს პალესტინელების სარაკეტო დარტყმებზე, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, სამხედრო დანაშაულებათა გამოძიების დაწყება იქნებოდა ბრალის აღიარების ტოლფასი.

მაგრამ ისრაელის გაზეთის „ჯერუსალემ პოსტის“ მთავარ რედაქტორს, დავიდ ჰოროვიცს მიაჩნია, რომ ანგარიშის უგულვებელყოფა არ იქნება ხელსაყრელი ისრაელისთვის. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა:

„მე მეგონა, რომ ისრაელს უბრალოდ არ ჰქონდა ამ ანგარიშის უგულვებელყოფის უფლება. აუცილებელია გონიერი პასუხის შემუშავება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან ისრაელის მთავრობაში ბევრი ოფიციალური პირი ეყრდნობა ეროვნული სამართლიანობისა და ამპარტავნების გრძნობებს, ისინი ალბათ იტყვიან, ‘ეს ანგარიში არ არის სამართლიანი, დოკუმენტი აშკარად მიკერძოებულია, და შედეგად ჩვენ არ გვსურს მასზე რაიმე პასუხის გაცემა, რადგან ეს უცილობლად იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩვენ ამ ანგარიშს ვაღიარებთ ან ვცნობთ.’ მე არა მგონია ისრაელს ჰქონდეს ამის უფლება.“

პალესტინელ კანონმდებელს მუსტაფა ბარღუტის თქმით კი, ისრაელმა პასუხი უნდა აგოს და იგი საერთაშორისო სამხედრო დანაშაულებების ტრიბუნალის მოწყობის მომხრეა. მისი თქმით:

„ვინც ჩაიდინა ისეთი დანაშაული როგორიცაა ბავშვების ხოცვა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ვინც სამოქალაქო პირებს ზიანი ავნო რაიმე დასაბუთების გარეშე. დიახ, მე მიმაჩნია, რომ ვინც არ უნდა იყოს, ბავშვების მკვლელი სასამართლოში უნდა წარსდგეს.“

პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ უბრძანა ისრაელის ოფიციალურ პირებს, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ ხანგრძლივი დიპლომატიური, სამართლებრივი და საინფორმაციო ომისთვის, რომელშიც მათი მთავარი მიზანი იქნება ტერორიზმის წინააღმდეგ ისრაელის თავდაცვის უფლების ახსნა. როგორც ბატონა ნათანიაჰუმ თვითონ აღნიშნა, „ჩვენ იმათ დელიგიტიმიზაციას დავიწყებთ, ვინც ჩვენ დელიგიტიმიზაციას შეეცდება.“

XS
SM
MD
LG