ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას წერს უცხოური პრესა


უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ თურქეთ-სომხეთის ურთიერთოებების ნორმალიზაციის თემით, რომელსაც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის" 14 ოქტომბრის ნომერში დაეთმო სარედაქციო წერილი სათაურით „საზღვრის გახსნა." წერილში ვკითხულობთ:

„შეთანხმების გაფორმებისთვის უფრო მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს სომხეთის გადაუჭრელი დავა მეზობელ აზერბაიჯანთან ეთნიკურად სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის ანკლავის თაობაზე, რომელიც სომხეთმა მიმდებარე აზერბაიჯანის ტერიტორიებთან დაიპყრო. თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ერდოღანმა უკვე გადადგა გამბედავი ნაბიჯი, როცა მან არ გახადა ხსენებული 'გაყინული კონფლიქტის' გადაჭრა სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შეთანხმების წინაპირობად. როგორც მოსალოდნელი იყო, ამან თურქეთის მოკავშირე ქვეყნისა და ენერგომატარებლებით მომმარაგებლის აზერბაიჯანის რისხვა გამოიწვია. მაგრამ ბატონმა ერდოღანმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ მისი მთავრობა შეთანხმებას არ შეასრულებს, თუ სომხეთი არ განახორციელებს სამხედრო ძალების თუნდაც ნაწილობრივ გაყვანას აზერბაიჯანიდან. ემ ნაბიჯის გადადგმა სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარკისიანს უთუოდ გაუჭირდება და საჭირო იქნება მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანადგომა, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ქალბატონ კლინტონს კიდევ ბევრი სამუშაო ექნება ჩასატარებელი ამ მიმართულებით."

ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ რთულ მდგომარეობას ეძღვნება ოუენ მეთიუსის სტატია სათაურით „ცეცხლი კავკასიაში," რომელიც ამერიკულ ჟურნალ „ნიუსვიკის" 9 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ვლადიმირ პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში 2000 წელს კავკასიაში მშვიდობის დამყარების დაპირებით. თითქმის ათწლეულის შემდეგ რეგიონი კიდევ ერთხელ ცეცხლშია გახვეული და თვითმკვლელთა აფეთქებებსა და მეამბოხეთა იერიშებს პოლიციასა და მთავრობის წარმომადგენლებზე ბოლო სამი თვის მანძილზე 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1990-იანი წლების ჩეჩნეთის კონფლიქტებსა და დღევანდელ ძალადობას შორის სამწუხარო სიმეტრიულობა არსებობს. ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები ხომ ბორის ელცინის მართვის პერიოდის სულისკვეთების ყველაზე ექსტრემალურ გამოვლინებას წარმოადგენს, როცა ეთნიკური სეპარატიზმისა და ცენტრალური მთავრობის კონტროლის დასუსტების ფონზე მომძლავრდნენ ადგილობრივი ოლიგარქები. ამჟამად ძალადობა, წარსულის მსგავსად, წარმოადგენს პუტინის მმართველობის პერიოდის ყველაზე ექსტრემალურ გამოვლინებას, როცა მტაცებლური კაპიტალიზმის პირობებში მომძლავრებული სახელმწიფო აპარატი ქვეყანას განაგებს მფარველობისა და ენერგომატარებლების ექსპორტისგან მიღებული ფულის განაწილების მეოხებით. ამ სისტემის ფარგლებში პოლიციას იყენებენ უკმაყოფილოთა გასანეიტრალებლად.

თითქმის ორი საუკუნის მანძილზე კავკასია შფოთავს. მაგრამ დღევანდელი კრიზისი გვიჩვენებს, რომ რეგიონში არსებული მდგომარეობა გაყოფილი საზოგადოების ტრადიციული პრობლემების გამოხატულება როდია. კრიზისი უფრო იმის მანიშნებელია, რომ დოვლათის მატებისა და სტაბილურობის ერთი ათწლეულის მიუხედავად კრემლს არ ძალუძს რეგიონის დამშვიდება, რაც, თავის მხრივ, აშკარა სიმპტომია რუსეთში ეროვნული მართვის კრიზისისა. მზარდი ძალადობის ციკლი ინგუშეთში, დაღესტანსა და ჩეჩნეთში იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად მყიფე და დამანგრეველი შეიძლება იყოს პუტინ-მედვედევის ეპოქის ახალი ფეოდალური წყობა, როცა იგი განიცდის სერიოზულ ადგილობრივ ზეწოლას."



XS
SM
MD
LG