ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრესის მიმოხილვა


უცხოური პრესის მიმოხილვაში კვლავ ვუბრუნდებით ახლახან გამოქვეყნებული ევროკავშირის დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშს, რომელშიც გაანალიზებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზები.

„ევროპა ამხელს რუსეთის დანაშაულს საქართველოში" - ასეა დასათაურებული სვანტე კორნელის სტატია, რომელიც გაზეთ „უოლ სტრით ჯორნალის" 1 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„მოკლედ რომ ვთქვათ, ევროკავშირის ოფიციალურმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ვერცერთი გამართლება, რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოში შემოჭრის დასასაბუთებლად, კრიტიკას ვერ უძლებს, და მოსკოვი კვლავინდებურად არღვევს ევროკავშირის მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხემბას. მართალია ანგარიში ძალიან გამოადგებათ ისტორიკოსებს, მისი მნიშვნელობა დღევანდელ დღეს შექმნილი მდგომარეობისთვის ნამდვილად დაუფასებელია, რადგან ისევე როგორც ომი არ დაწყებულა გასული წლის აგვისტოში, კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის დამთავრებული როდია. ომის სამხედრო ფაზა მხოლოდ რამოდენიმე კვირის მანძილზე განვითარდა, მაგრამ დაპირისპირება გრძელდება დიპლომატიურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. რუსეთმა წარმატებით განდევნა საერთაშორისო თანამეგობრობა კონფლიქტური რეგიონებიდან და მნიშვნელოვნად გააფართოა საკუთარი სამხედრო ძალები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სადაც იგი სამხედრო ბაზების მშენებლობას შეუდგა. საქართველოს წინააღმდეგ კვლავინდებურად გრძელდება ეკონომიკური ომი და იმავდროლად რუსეთი ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციას ხელს უწყობს. მაგრამ ყველაზე აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში რეჟიმის შეცვლისა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმება რუსეთის საჯაროდ განსაზღვრულ ამოცანად რჩება."

„ვერდიქტი ომზე" - ასეა დასათაურებული სარედაქციო წერილი, რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის" 3 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა. წერილში ვკითხულობთ:

„ერთი წლის შემდეგ, საქართველოს დამორჩილების პუტინის გეგმა მის ყველაზე უარეს შეცდომას წააგავს. მხოლოდ ორმა სახელმწიფომ - ნიკარაგუამ და ვენესუელამ - აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ბატონი სააკაშვილი პრეზიდენტის სავარძელში დარჩა, ხოლო რუსეთის ურთიერთობა მეზობელი ქვეყნების უმრავლესობასთა აშკარად გაუარესდა. ახლა ევროკავშირში პუტინის მომხრეებსაც კი გაუჭირდებათ მისი მოქმედებების გამართლება.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიის საშიშროება აღარ არსებობს. ბატონი პუტინი კვლავინდებურად ებღაუჭება XIX საუკუნის გავლენის სფეროს იდეას, რომელიც მისი თვალთახედვით საქართველოს, უკრაინასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოებს შეიცავს. თუ მოსკოვი დაინახავს, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ შესუსტდა, ახალი ომი გარდაუვალი გახდება."

„თამაში ბრალდებებით" - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია, რომელიც ჟურნალ „ეკონომისტში" 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„საქართველოს იერიშის გარდა ანგარიშში გაანალიზებულია ომის წარმომშობი მიზეზები და მითითებულია, რომ ომი წარმოადგენდა 'მზარდი დაძაბულობის, პროვოკაციებისა და ინციდენტების ხანგრძლივი პერიოდის კულმინაციას,' რომლისთვისაც ბრალი ედება ორივე მხარეს. ომის ფესვები ხომ ათწლეულის წინ არის გადგმული რუსეთის ამბიციაში, რომლის მთავარი მიზანია მეზობელ ქვეყნებში გავლენის გაფართოება, ხოლო ეს კი საქართველოს დასავლეთთან დაახლოების ამბიციასა და სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენის დაჟინებულ სურვილს ეწინააღმდეგება.

მდგომარეობა კვლავინდებურად დაძაბულია. რუსეთი არღვევს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს, რომელთა თანახმად ორივე მხარემ ჯარი ომამდელ პოზიციებზე უნდა გაიყვანოს. ამის გარდა, მოსკოვი არ უშვებს საერთაშორისო დამკვირებლებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. აგვისტოში ომის წლისთავამდე ვნებათა ღელვა იმდენად გამძაფრდა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა ანგარიშის გამოქვეყნება გადაედო. ჯერ-ჯერობით სამხედრო მოქმედებების განახლების თავიდან აცილება დღემდე მოხერხდა, თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ ახალი ომის საშიშროება სერიოზულია."



XS
SM
MD
LG