ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ შეერთებული შტატების სატრანსპორტო სამეთაურო შტაბის, სტრატეგიის, პოლიტიკისა და ლოგისტიკის სამსახურის დირექტორთან, გენერალ მიშელ ჯონსონსთან ჩრდილოეთ სადისტრიბუციო ქსელის საქართველოსთვის მნიშვნელობის შესახებ


საქართველო ამერიკის თავდაცვის დეპარტმანენტის ახალი სატრანსპორტო სისტემისერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სისტემას ჩრდილოეთ სადისტრიბუციო ქსელი ჰქვია. შეერთებული შტატები ავღანეთში 8 წლის წინ ომის დაწყების შემდეგ პაკისტანის გავლით ამარაგებდა საკუთარ ძალებს, როგორც საბრძოლო, ისე არასაბრძოლო მასალით. პაკისტანის არასტაბილური შიდა პოლიტიკისა და ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად შეერთებულმა შტატებმა ალტერნატივული მარშრუტები შიმუშავა და ახლა არა-საბრძოლო ტვირთი დამატებით ორი გზით ჩააქვს ავღანეთში. ერთი მარშრუტი ბალტიის ზღვიდან რუსეთისა და შუა აზიის გავლით ამარაგებს ამერიკულ კონტინგენტს ავღანეთში, ხოლო მეორე გზა საქართველოსა და აზერბაიჯანის გზით გადის შუა აზიაზე.

სადისტრიბუციო ქსელსა და იმაზე, თუ პოტენციურად რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქსელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე, შეერთებული შტატების სატრანსპორტო სამეთაურო შტაბის, სტრატეგიის, პოლიტიკისა და ლოგისტიკის სამსახურის დირექტორს, გენერალ მიშელ ჯონსონს ვესაუბრეთ.

„დაახლოებით ერთი წლის წინ სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებს ვეწვიეთ და ვკითხეთ შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მათი სატრანსპორტო გზების, რკინიგზებისა და პორტების გავლით არა-საშიში ტვირთი გადაგვეზიდა ავღანეთში. თუ ერთი წლის წინ ტვირთის დისტრიბუციის მხრივ ამ ორი რეგიონიდან მონაწილეობა თითქმის არ გვქონდა, დღეს ასობით კონტეინერი გადაიზიდება ამ მარშრუტების გავლით ავღანეთში,“ განაცხადა გენერალმა.

საქართველო სადისტრიბუციო ქსელის ერთ-ერთ უმინშვნელოვანეს მონაკვეთზე მდებარეობს და ფოთის პორტში შემოსული ტვირთის კასპიის ზღვამდე მიტანის საშუალებას იძლევა, სადაც ტვირთი მანქანებზე იტვირთება და ცენტრალური აზიის გავლით ქაბულამდე ჩადის.

გენერლის თქმით, „საქართველოს საკვანძო როლი აკისრია ქსელის ფუნქციონირებაში მისი ფოთის პორტითა და სარკინიგზო სისტემით, რომლებიც სხვათა შორის სისტემატიურად უმჯობესდება. საქართველო-აზერბაიჯანის მარშრუტზე ტვირთის დაახლოებით 40-50 პროცენტი მოდის.“

შეერთებული შტატების ძალისხმევა, გენერალი ჯონსონის განცხადებით, მრავალმხრივ მიდგომას ითვალისწინებს. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარების გარეშე რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება რთული იქნება. გამომდინარე აქედან, სატრანსპორტო სამეთაურო შტაბი აქტიურადაა ჩართული ამერიკის მთავრობის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობაში რეგიონში სადისტრიბუციო ქსელის საფუძველზე ეკონომიკური პროგრამების დასანერგად.

„ჩვენ რა თქმა უნდა კომერციული პარტნიორებიც გვყავს, მაგრამ ამასთან ერთად შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების სააგენტო, ვაჭრობის დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა უამრავი უწყებაა ქსელის წარმატებაში ჩართული. ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ სამთავრობო უწყებებთან ერთად ეკონომიკური ინსტიტუტებიც მონაწილოებენ განვითარების პროცესში, ისეთი როგორიცაა, მაგალითად, აზიის განვითარების ბანკი,“ თქვა გენერალმა.

აზიის განვითარების ბანკმა გასულ წელს ცენტრალურ აზიაში უზარმაზარი პროექტი დაიწყო. პროექტის ღირებულება 170 მილიონი დოლარია და ის უზბეკეთის სატრანზიტო ქალაქ ჰარითანს ავღანეთის ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან დააკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი საქართველოს პირდაპირ არ ეხება, რეგიონალური განვითარების მიზნით მას საქართველოსთვისაც დიდი დატვირთვა ექნება. ახალი რკინიგზა არა მხოლოდ სამხრეთ და შუა აზიას დააკავშირებს ერთმანეთთან, არამედ კავკასიის ქვეყნებსაც გზას გაუხსნის სამხრეთ აზიის ბაზრებისკენ.

გენერალმა ჯონსონმა თქვა, რომ „ჩვენ ამის ნაწილი ვართ, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს რეგიონის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.“

შეკითხვაზე თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარებაზე, იქნება ეს დაუმუშავებელი თუ მზა პროდუქციის ადგილობრივი მეწარმეებისგან შეძენა, გენერალმა ჯონსონმა განაცხადა, რომ ქსელს დადებითი გავლენა უკვე აქვს საქართველოს გარკვეული რაიონების ეკონომიკაზე.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ადგილობრივად ვაწარმოოთ გარკვეული შესყიდვები. საქართველოში, იმედი გვაქვს, რომ ტრანზირული მოძრაობის გაზრდა გარკვეული რაოდენობის სამუშაო ადგილებს შექმნის და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქრურის განვითარებას. ამასთან წყლისა და საწვავის შესყიდვებიც გარკვეულ გავლენას ახდენს ადგილობრივი ბიზნესების განვითარებაზე. ვიცი, რომ საქართველოში უკვე შეძენილი გვაქვს ადგილობრივად წარმოებული წყალი. ასევე შეძენილი გვაქვს დიდი რაოდენობით საწვავიც. ჩვენ სამომავლო შესაძლებლობებზე მუდმივად ვფიქრობთ.“

ქსელს ერთი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და მიუხედავად იმისა, რომ ტვირთის გადაზიდვა ავღანეთში უკვე დაწყებულია, ბევრი რამ ჯერ ისევ გასაკეთებელია. შეერთებული შტატების სატრანსპორტო სამეთაურო შტაბმა საქართველო-აჯერბაიჯანის მარშრუტით გადაზიდული ტვირთის რაოდენობის გაზრდა არ გამორიცხა.

ჩრდილოეთ სადისტრიბუციო ქსელი ძველი აბრეშუმის გზას ემთხვევა. იმედია ავღანეთში მეომარი ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ტვირთის მიწოდებასთან ერთად, ჩრდილოეთ სადისტრიბუციო ქსელი საქართველოს და მთლიანად ძველი აბრეშუმის გზის რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაშიც შეიტანს წვლილს.

XS
SM
MD
LG