ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეფორმების პერსპექტივა არაბულ სამყაროში


ახლახან გამოქვეყნებულ წიგნში, რომელშიც განხილულია პოლიტიკური რეფორმის შესაძლებლობა არაბულ სამყაროში, ნათქვამია, რომ რეგიონში წინსვლა ძალაუფლების განაწილებისა და დემოკრატიზაციისაკენ მნიშვნელოვნად შეფერხებულია. კარნეგის სახელობის მშვიდობის საერთაშორისო ფონდის მიერ გამოქვეყნებული წიგნის ავტორების აზრით, რეგიონში რეფორმების ნაკლებობა განპირობებულია მმართველი წრეების, საერო პოლიტიკური პარტიებისა და ზომიერ ისლამურ მიმდევრობებს შორის ძალაუფლების უთანასწორო განაწილებით.

ნარკვევთა კრებული, რომლის ავტორებია კარნეგის ფონდის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წამყვანი ექსპერტები, დასათაურებულია „პლურალიზმის მიღწევა: პოლიტიკური როლების შემსრულებლები არაბულ სამყაროში.“ კრებულში ნახსენებია ის ოპტიმიზმი, რომლითაც 2003 წელს ბევრს სჯეროდა, რომ დემოკრატიული რეფორმები მალე დამკვიდრდებოდა არაბულ პოლიტიკურ სისტემებში. მაგრამ არაბმა ლიდერებმა ჯიუტად წინააღმდეგობა გაუწიეს ძალაუფლების განაწილების იდეას და, როგორც კრებულის ავტორები იუწყებიან, სამწუხაროდ მათთვის მოდერნიზაცია გაიგივებულია დემოკრატიულ რეფორმასთან.

ქალბატონი მარინა ოტაუაი კარნეგის სახელობის მშვიდობის საერთაშორისო ფონდის ახლო აღმოსავლეთის პროგრამას ხელმძღვანელობს და კრებულის ერთ-ერთი ავტორია. მისი თქმით, არაბული ქვეყნების მთავრობების მიერ უმნიშვნველო რეფორმების ჩატარებას რასაკვირველია რაღაც შედეგი მოჰყვა, მაგრამ მათ დღემდე ვერ მოახერხეს პოლიტიკური ძალაუფლების განაწილება. მისი თქმით:

„მთავრობებს აწყობთ მართვადი რეფორმების ჩატარება რომელიც მოდერნიზაციის პროცესს წარმოადგენს. მე მგონი არ იქნებოდა მიზანშეწონილი ამგვარი დამოკიდებულების სრული უგულვებელყოფა რადგან არაბულ ქვეყნებს ნამდვილად სჭირდებათ მოდერნიზაცია, უფრო ეფექტური ადმინისტრაციული სტრუქტურა, და ეკონომიკური რეფორმა. ამდენად, თუ მთავრობებმა განახორციელეს სერიოზული რეფორმები ხსენებულ სფეროებში, მაშინ მე ვფიქრობ, რომ არაბული სამყარო წინ დაიძვრება, მაგრამ იმავდროულად ეს დემოკრატიას როდი ნიშნავს.“

ოტაუაის მიაჩნია, რომ არც ლიბერალური პარტიები და არც მათი ისლამური მეტოქეები სარგებლობენ საკმარისი სახალხო ნდობით რათა საფრთხე შეუქმნან არაბული სამყაროს მმართველ წრეებს. ამ გამაგრებულ მთავრობებს შეუძლიათ გამოიყენონ პოლიცია, სამხედრო ძალები, ინფორმაციის სამინისტროები, მედია და მჭიდრო კავშირები სამეწარმეო წრეებთან რათა შეინარჩუნონ პოლიტიკური ძალაუფლება. ოტოუაის აზრით, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება მათი მონოპოლია ძალაუფლებაზე, მით უფრო ნაკლებად არის მოსალოდნელი არაბული სამყაროს დემოკრატიზაცია. მისი თქმით:

„ეს მხოლოდ შიგნიდან უნდა მოხდეს. მე ვფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შეუძლიათ შეუწყონ ხელი, თუ შიგნით უკვე დაიწყო შესაბამისი პროცესი. თუ არაბულ ქვეყნებში ნამდვილი პოლიტიკური დინამიურობა არ შეინიშნება, მაშინ იქ არც ძლიერი პოლიტიკური როლების შემსრულებლები იქნება და გარეშე ჩარევა უნაყოფო იქნება.“

ოტაუაის მიაჩნია, რომ ამჟამად შექმნილი მდგომარეობა არ არის ხელსაყრელი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა ობამამ გამოიჩინოს ინიციატივა არაბული სამყაროს პოლიტიკური რეფორმის საკითხში. მისი თქმით, ვინაიდან შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ მოწონებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელება მოხერხდა მხოლოდ სამხედრო შემოჭრისა და რეჟიმის ძალის შეცვლის მეოხებით, არაბების უმეტესობა ეჭვის თვალით უყურებს იმას თუ რას გულისხმობს შეერთებული შტატები, როცა ის მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს.

ამრ ჰამზავი კარნეგის სახელობის მშვიდობის საერთაშორისო ფონის უფროსი მეცნიერ მუშაკია და ხსენებული კრებულის ერთ-ერთი ევტორი. მას მიაჩნია, რომ საუდის არაბეთის, სირიისა და ლიბიის გარდა, არაბული ქვეყნების უმრავლესობაში შეინიშნება პოლიტიკური პლურალიზმის გარკვეული დონე, მაგრამ პოლიტიკური მოქმედებისა და როფრმის შესაძლებლობები ძალზედ შეზღუდულია. მისი თქმით:

„ჩვენ შეგვიძლია ლაპარაკი შეზღუდული პლურალიზმის ექსპერიმენტებზე სხვადსხვა არაბულ ქვეყნებში. თუმცა მთავრობები მაინც ყველაფერს განაგებენ, და, რაც მთავარია, ისინი აკონტროლებენ ორ საკვანძო ფაქტორს, რომელიც არის ხელისუფლების შენაცვლება და ძალაუფლების განაწილება. არცერთ არაბულ ქვეყანაში არ არის ხელისუფლების სერიოზული შენაცვლება, ხოლო ხელისუფლების სხვადსხვა შტოებს შორის სახეზეა ძალაუფლების თანაბარი განაწილების მწვავე ნაკლებობა.“

ჰამზავის თქმით, მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რომელი სახის სახელმწიფოზეა ლაპარაკი - არაბულ მონარქიასა თუ რესპუბლიკაზე - როგორც წესი, სავსებით შესაძლებელია, რომ შვილი შეცვლის ხელისუფლებაში დაბერებულ ლიდერს. მაგალითად მას მოჰყავს ეგვიპტელი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი, რომელიც ხელისუფლებაშია 1981 წლიდან. მისი გარდაცვალების შემთხვევაში სავსებით მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებაში მოვა მისი შვილი გამალ მუბარაკი. მოამარ კადაფი ლიბიას ოთხი ათწლეულის მანძილზე უძღვება და მასაც მისი შვილი შეცვლის ალბათ.

მაგრამ ჰამზავის მიაჩნია, რომ მზარდი სოციალური უკმაყოფილების ნიშნები ადვილად შესამჩნევია და, რომ პოლიტიკური სისტემის გარეთ გამხნევებული პოლიტიკური აქტივისტები სულ უფრო ხშირად გამოიყენებენ გაფიცვებსა და სხვა საპროტესტო აქციებს რეფორმების ჩატარების მოთხოვნით. მისი თქმით:

„ეს იმას ნიშნავს, რომ არაბი საზოგადეობა საკუთა ენერგიას სხვა მიმართულებით, პოლიტიკის მიღმა, წარმართავს. ჩვენ უკვე დავინახეთ დინამიური და შთამბეჭდავი სცენები, რომელშიც სახეზეა სოციალური მღელვარება, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება. ეს ორობითობა გარკვეულ ხანს გასტანს და ეს საკმაოდ სახიფათო პერიოდია რადგან თუ არ გამოინახა ის მეთოდები, რომლითაც პოლიტიკის მიღმა არსებული დინამიურობის დაბრუნება მოხერხდა პოლიტიკაში, სადაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება, მაშინ არსებობს იმის რისკი, რომ იმატებს რადიკალიზაციისა და ძალადობის იმპულსი.“

ახალ წიგნში - „პლურალიზმის მიღწევა: პოლიტიკური როლების შემსრულებლები არაბულ სამყაროში“ - ავტორები ამრ ჰამზავი, მარინა ოტაუაი და მიშელ დანი წინასწარმეტყველებენ, რომ დემოკრატიის განვითარების შესაძლებლობა არაბულ სამყაროში ნაკლებად არის მოსალოდნელი. კარნეგის სახელობის მშვიდობის საერთაშორისო ფონის ახლო აღმოსავლეთის ექსპერტებს აგრეთვე აღნიშნავენ, რომ დასავლეთის ქვეყნებში გავრცელებულია შეხედულება რომლის თანახმად დემოკრატიული რეფორმების ჩატარებას არაბულ სამყაროში შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლების არადემოკრატიული ჩაგდება ხელში რადიკალურად განწყობილი ისლამისტების მიერ. ამასობაში, ხსენებული ექსპერტების დასკვნა ის არის, რომ დასავლეთის მხარდაჭერა რეგიონის ხელისუფლებაში მყოფი ავტოკრატების მიმართ ნიშნავს იმას, რომ არაბულ სამყაროში თავისუფლების დამკვიდრების აუცილებლობა უფრო რიტორიკული ხასიათის არის და არ ისახავს კონკრეტული მოქმედებების გეგმას.

XS
SM
MD
LG