რუსეთის ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურზე ახლახან მომხდარმა კატასტროფულმა ავარიამ შეახსენა ქვეყნის ლიდერებს მოსკოვში მოძველებული საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურის შემოწმებისა და შეკეთების გადაუდებელი აუცილებლობოს შესახებ. დიდი ხნის წინ სანამ ხსენებული კატასტროფა მოხდებოდა აგვისტოში ციმბირში, რუსეთის საავარიო სიტუაციების სამინისტრომ გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომელშიც ნახსენები იყო ის, რომ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი საშინლად მიშვებულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ შემდეგი ათი წლის მანძილზე ტრაგიკული და ძვირადღირებული უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით არაფერი გაკეთდა.
საიანო-შუშენსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარმა კატასტროფულმა ავარიამ ნათლად გამოაშკარავა რუსეთის ინფრასტრუქტურის დაკნინება და სახელმწიფოს მიერ ამ პრობლემის გადაჭრის წარუმატებელი მცდელობები. რუსეთის მედიამ აღმოაჩინა, რომ კაშხალის ჩამტრევამდე ათი წლით ადრე სახელმწიფო სტრუქტურებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჰიდროელექტროსადგურზე ექსპლუატაციის სახიფათო პირობები იყო შექმნილი. უნდა აღინიშნოს რომ საიანო-შუშენსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა 75 ადამიანი.
2005 წელს ქვეყნის ინფრასტრუქტურის შესახებ გამოქვეყნდა კიდევ ერთი, უფრო ზოგადი გაფრთხილება, როცა საავარიო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის წყალსადენის, კანალიზაციის, გათბობისა და დენის მიწოდების ქსელების 60 პროცენტი საჭიროებდა გადაუდებელ შეცვლას. სამინისტრომ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ მოძველებული, საბჭოთა დროინდელი საწარმოო ობიექტები ახლო მომავალში გახდება ტექნოლოგიური და სამრეწველო ავარიების მთავარი მიზეზი.
მოსკოვში დოიჩე ბანკის მთავარი ეკონომისტის, იაროსლავ ლისოვოლიკის თქმით:
„რუსეთში კაპიტალური აღჭურვილობის საშუალო ასაკი 20 წელს აღემატება მაშინ, როცა შეერთებულ შტატებსა ან დასავლეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 10 ან 15 წლის ფარგლებშია.“
იაროსლავ ლისოვოლიკი აგრეთვე აღნიშნავს:
„მე ვფიქრობ, რომ რუსეთს საკმარისი დრო არ ჰქონდა ამ ამოცანის შესასრულებლად. რუსეთმა საკუთარი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია მხოლოდ 2006 წელს დაიწყო და ამდენად მას უდაოდ უფრო მეტი დრო დასჭირდება. ყოვლისმომცველი მოდერნიზაციისთვის ხომ ათეულობით წლებია საჭირო. რუსეთმა კი მხოლოდ ორი წლის წინ დაიწყო.“
კრიტიკოსების თქმით, დამოუკიდებელი ექსპერტები და გარკვეული სახელმწიფო სამინისტროები კრემლს გამუდმებით ურჩევდნენ ბუნებრივი აირისა და ნავთობის ექსპორტისგან მიღებული მილიარდებით დოლარის დაბანდებას ელექტროსადგურების ისევე როგორც მოძველებული გზების, ხიდების, შენობების, სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო აღჭურვილობის განახლებაში.
საიანო-შუშენსაკაიას ჰიდროელექტროსადგურზე აგვისტოში მომხდარი ავარიის შემდეგ, რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა უბრძანა მინისტრებს ქვეყნის ინფრასტრუქტურის ყველა სტრატეგიული და სასიცოცხლო კომპონენტის საფუძვლიანი შემოწმება. მათ აგრეთვე დაევალათ აღჭურვილობის რეგულარული განახლების გეგმის შედგენა.
მოსკოვში მდებარე კარნეგის სახელობის მშვიდობის საერთაშორისო ფონდის ანალიტიკოსის, მაშა ლიპმანის თქმით, მოდერნიზაციისთვის მხოლოდ პოლიტიკური ნება არ არის საკმარისი და ასევე მნიშვნელოვანია ის თუ რამდენად შეუძლია კრემლს ამ უზარმაზარ ქვეყანაში ადგილობრივი ოფიციალური პირების მართვა. მაშა ლიპმანი დასძენს:
„პრობლემა ის არის, რომ კრემლს ანუ ცენტრალურ მთავრობას ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია. ეს არის ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ სუსტი მართვის მექანიზმები გაგვაჩნია. აუცილებელია პასუხისმგებლობის დელეგირება. ჩვენ გვყავს ლიდერები და ადგილობრივი მმართველები, გუბერნატორები და ქვედა დონის მენეჯერები და მათ შორის ბევრი კეთილსინდისიერი როდია და ბევრი საკუთარ მოვალეობას უბრალოდ არ ასრულებს. პუტინი შეიძლება მკაცრად გამოიყურებოდეს და ბრძანებებს იძლეოდეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ის რაც გასაკეთებელია არ კეთდება.“
ლიპმანის თქმით, ქვეყნის მართვის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთში არ არსებობს ოპოზიციური ჯგუფები და თავისუფალი მედია ანუ ის ხალხი, ვინც მთავრობის მოქმედებებში ეჭვს შეიტანდა.
გასულ დეკემბერს ბატონმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის გათბობის ქსელის 80 პროცენტი შეკეთებას საჭიროებს. ქვეყანაში, რომელიც საკმაოდ ცივი ზამთრებით არის ცნობილი, ამგვარ განცხადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ფინანსურ ჩავარდნამდე რუსეთის მთავრობა გეგმავდა საჯარო სექტორის ინფრასტრუქტურის განახლებაში მნიშვნელოვანი დაბანდებების გაკეთებას. ახლა ანალიტიკოსების თქმით ყურადღების ცენტრში იქნება სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილება ყოველ შემთხვევაში მომავალ წლამდე, როცა იმედია რუსეთის ეკონომიკა გამოცოცხლდება.