ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის სპეციალური კომისიის ანგარიში, რომელიც ბოლო ცხრა თვის განმავლობაში საქართველო-რუსეთის ომის გარემოებებს იძიებდა, ხვალ გამოქვეყნდება.


ევროკავშირის სპეციალური კომისიის ის ანგარიში, რომელიც ბოლო ცხრა თვის განმავლობაში საქართველო-რუსეთის ომის გარემოებებს იძიებდა, ხვალ გამოქვეყნდება. ანგარიშის შესახებ ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორს, კორი ველტს ია მეურმიშვილი ესაუბრა. პროფესორმა ველტმა განაცხადა, რომ „პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ეს ძალიან ვრცელი ანგარიში იქნება. აკადემიური წრეესთვის ანგარიშში შესული იქნება ბევრი საინტერესო ინფორმაცია ომის დაწყების ქრონოლოგიაზე და ასევე შესაძლებელია გამოჩნდეს ახალი დეტალების ომის წინ მიმდინარე მოვლენების მსვლელობისა და დაძაბულობის ესკალაციის შესახებ, რომლებმაც სრულ მასშტაბიან ომამდე მიგვიყვანა. პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით, არა მგონია ანგარიშს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ ის უბრალოდ დაადასტურებს იმას, რაც ხალხის უმრავლესობამ უკვე იცის ომის მსვლელობის შესახებ.

ასევე ვფიქრობ, რომ ანგარიში ძალიან ფრთხილად იქნება დაწერილი და მოერიდება ბრალის რომელიმე ერთ მხარეზე ცალსახად დაკისრებას. ომის ძირითადი ფაქტები, ვფიქრობ ყველასთვის კარგადაა ნაცნობი. ერთადერთი, რაზეც ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს საქართველოსა და რუსეთის მთავრობების მოტივებია. ანგარიში მხარეების მოტიცებზე ცხადია არ ისაუბრებს. თუ ვინმე რომელიმე ერთ მხარეს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, ანგარიშის წაკითხვის შემდეგ აზრი არ შეეცვლება.“

შეკითხვაზე, მიეცემა თუ არა რომელიმე მხარეს შესაძლებლობა ანგარიშის ფაქტებზე დაყრდნობით კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია, პროფესორმა წელტმა გვიპასუხა, რომ: „სამწუხაროდ ისეთ ვრცელ კვლევაში, როგორიც ეს ანგარიშია, ყოველთვის შეიძლება გარკვეული ფაქტების მონახვა, რომლის გამოყენებაც ორივე მხარეს შეეძლება საკუთარი პოზიციის გასამყარებლად. თუმცა არა მგონია ამან ადგილზე რამე შეცვალოს. ანგარიში ფაქტიურად ბიუროკრატიული პროდუქტია და იმისი საშიშროება, რომ ანგარიში ვინმემ იმისთვის გამოიყენოს, რომ საქართველოზე ან რუსეთზე ვინმეს აზრი შეაცვლევინოს ძალიან მცირეა.“ პროფესორი ველტი სკეპტიკურად უყურებს იმ შეხედულებას, რომ ანგარიშის მიერ საქართველოს უარყოფითმა შეფასებამ შეიძლება ქვეყნების ნაწილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ უბიძგოს. „თუ ანგარიში იმას იტყვის, რომ ომი საქართველომ დაიწყო, არ ვიცი რა შეიძლება ამან შეცვალოს. გარანტიას გაძლევთ, რომ ანგარიში ახალს არაფერს იტყვის. ძირითადი განხილული საკითხი იქნება ის თუ ომის დაწყებამდე და 7 და 8 აგვისტოს როგორი იყო რუსეთის მოქმედებები და როგორი იყო საქართველოს მოქმედებები. ანუ , ანგარიშში არაფერი იქნება ისეთი, რაც რომელიმე ქვეყანას აზრს შეუცვლის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

თუ ვინმე ამას გააკეთებს, ეს მხოლოდ მოჩვენებითი მოოქმედება იქნება. თუ რომელიმე უმნიშვნელო ქვეყანა ანგარიშის გამოქვეყნებას ელოდება იმისთვის, რომ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ეს იქნება არა ანგარიშის დასკვნებზე დაყრდნობით გაკეთებული, არამედ იქნება პროპაგანდა.“

ანგარიშზე დიდი მოლოდინები მყარდება, თუმცა პროფესორ ველტს ეჭვი ეპარება, რომ მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა ექნება.

XS
SM
MD
LG