საქართველომ რუსეთისგან განსხვავებით ყველა რეკომენდაცია შეასრულა ასეთი განცხადება გაკეთდა დღეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სადაც სწორედ დღეს რუსეთ-საქართველოს საკითხი იხილებოდა. თითქმის ყველა გამომსვლელმა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის პირობების შეუსრულებლობა. ევროპელმა კანონმდებლებმა დაასახელეს ახალი ბერლინის კედლის მშენებლობა, დამოუკიდებებლი ქვეყნის ოკუპაცია, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დეპუტატთა უმრავლესობა დღეს აცხადებდა, რომ რუსეთს, რომელიც მუდმივად არღვევს საერთაშორისო სამართალს, ევროპის საბჭოში არაფერი ესაქმება. ევროპელმა კანონმდებლებმა მოუწოდეს ევროსაბჭოს, აიძულოს რუსეთი დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს. ხვალ, 30 სექტემბერს გამოქვეყნდება ჰაიდი ტალიავინის კომისიის 900-გვერდიანი დასკვნა გასული წლის აგვისტოს ომის შესახებ. თბილისი იმედეს იტოვებს, რომ დასკვნა ობიექტური იქნება. ფაქტი ფაქტად რჩება რომელმა ქვეყანამ მოახდინა აგრესია რომელი ქვეყნის წინააღმდეგ და ვინ არის ოკუპანტი, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია. კოალიცია ”დევნილთა უფლებებისთვის” დამფუძნებელი ზურაბ ბენდიანაშვილი ფიქრობს, რომ კომისიის დოკუმენტი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მომავალი პოლიტიკური საქმიანობისთვის”- თუ რა დასკვნას დადებს ჰაიდი ტალიავინის კომისია.
რაც შეეხება რუსეთის განცხადებებს, თითქოს ამ დასკვნაში იქნება საქართველო დადანაშაულებული.. რა თქმა უნდა, თავისი წილი პასუხისმგებლობა საქართველოსაც დაეკისრება. დასკვნის პირველ ნაწილში ლაპარაკია ომის დაწყების პირველ დღეებზე, საქართველოს წვლილი იქნება მასში აღწერილი და გარკვეული პასუხისმგებლობა საქართველოსაც დაეკისრება, თუმცა ჩემი აზრით ეს იქნება დაბალანსებული დოკუმენტი და მასში იქნება დაფიქსირებული გადაცდომები როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე 9 აგვისტოდან რუსეთის ღია აგრესია , საქართველოს სხვა ტერიტორიებზე შეჭრა და ა.შ”.