ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუშინ, ნატოს გენერალურმა მდივანმა პირველი მოხსენება გააკეთა ამერიკის შეერთებულ შტატებში


გუშინ, ნატოს გენერალურმა მდივანმა პირველი მოხსენება გააკეთა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნატოს ახლად არჩეული გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი კვლავინდებურად ვალდებულია გააგრძელოს ბრძოლა ავღანეთში მიუხედავად იმისა, რომ ქვეყენაში ძალადობა იზრდება და შეერთებული შტატებისა და ნატოს სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობა მზარდ დაკანარგებს განიცდის. ორშაბათს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ თალიბ მეამბოხეთა დასამარცხებლად უფრო მეტი რესურსების მობილიზება არის აუცილებელი, მაგრამ საზოგადოებრივი მხარდაჭერა ავღანეთში სამხედრო ოპერაციების გაგრძელების მიმართ ალიანსის ბევრ წევრ ქვეყანაში კლებულობს. თავის პირველ მიმართვაში ვაშინგტონში, გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის ის, რომ ამერიკას სურს, რომ მისმა მოკავშირეებმა უფრო მეტი რესურსები და სამხედრო ძალები გააგზავნონ ავღანეთში. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ წვლილს რომელიც ამერიკის მოკავშირეებმა შეიტანეს ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კამპანიაში რვა წლის მანძილზე. ამასთან დაკავშირებით ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა: „ჩემთვის მიუღებელია ის არგუმენტი რომლის თანახმად ევროპელები და კანადელები არ იხდიან შესაბამის ფასს ავღანეთში წარმატების მისაღწევად.“ -ციტატის დასასრული-რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატოს ყველა 28 წევრი ქვეყანა მონაწილეობას ღებულობს მისიაში. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემობას, რომ ბოლო 18 თვის მანძილზე მოკავშირე ქვეყნების სამხედრო ძალები 9,000 ჯარისკაცით გაიზარდა. თავის გამოსვლაში რასმუსენმა უპასუხა იმ კრიტიკას, რომელიც ხშირად გაისმის შეერთებულ შტატებში კონგრესის ზოგიერთი წევრისგან, რომლებიც ევროპელ მთავრობებს ბრალს დებენ ავღანეთის მიმართ ვალდებულების უგულვებელყოფაში. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით: „ევროპისა და კანადის წვლილის უგულვებელყოფა, როგორც ამას ზოგჯერ გაიგონებ შეერთებულ შტატებში, შეიძლება გახდეს თვითაღსრულებული წინასწარმეტყველება. თუ მათ იგრძნეს, რომ მათი წვლილი და მსხვერპლი ნატოში არაა სათანადოდ აღიარებული და შეფასებული, მაშინ ისინი უფრო ნაკლებად იქნებიან განწყობილნი ამ წვლილისა და მსხვერპლის გაღების მიმართ. ამდენად ეს არავის ინტერესებში შედის.“ -ციტატის დასასრული- უნდა აღინიშნოს, რომ ნიდერლანდებმა და კანადამ უკვე შეადგინეს ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყნვანის განრიგი. ამასობაში ობამას ადმინისტრაცია ახორციელებს სამხედრო მისიის სტრატეგიულ შეფასებას მას შემდეგ რაც ავღანეთში დამატებით გაიგზავნა 21,000 ამერიკელი ჯარისკაცი. ნატოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ავღანთში მიმდინარე სამხედრო მისია იმის მანიშნებელია, რომ ნატო კვლავინდებურად რელევანტული ალიანსი რჩება. იგივე აზრი შეერთებული შტატების სენატორმა რიჩარდ ლუგარმა გამოთქვა თავის მიმართვაში: „მე არ მჯერა, რომ ავღანეთი ნატოს წარმატებასა თუ მარცხს განსაზღვრავს. თვით ის ფაქტი, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა სამხედრო ძალები გააგზავნეს ავღანეთში შთამბეჭდავია. ისინი იქ დარჩნენ და მე ვფიქრობ, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ისინი შეერთებულ შტატებთან და ერთმანეთთან ალიანსში აღიქვამენ საკუთარ თავს.“ -ციტატის დასასრული- გენერალურმა მდივანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ნატო ავღანეთში განუსაზღვრელი დროით ვერ დარჩება. მან დასძინა, რომ აუცილებელია დაჩქარდეს ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნა და აღჭურვა და განაცხადა, რომ საბოლოოდ სწორედ ავღანელი ხალხი უნდა უძღვოდეს საკუთარი ქვეყნის სტაბილიზაციას. ბრიფინგის დასასრულს ამერიკის ხმის კითხვაზე, თუ რა წარმოადგენს უკრაინის ნატოში გაწევრიანების მთავარ დაბრკოლებას, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა: „მე მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2008 წელს ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე დღემდე ძალაშია. და როგორც თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში გაწევრიანდებიან, თუ მათ შეასრულეს ყველა აუცილებელი წინაპირობა. ამჟამად უკრაინა ისევე როგორც საქართველო ვერ აკმაყოფილებს წევრობის აუცილებელ წინაპირობებს და სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით უკრაინა-ნატოს და საქართველო-ნატოს კომისიები. ამ კომისიების ფარგლებში ეს ქვეყნები ყოველწლიურად ამზადებენ ეროვნულ პროგრამებს, რომელთა მიზანია თავდაცვითუნარიანობის რეფორმა და საზოგადოებრივი აზრის სათანადო მომზადება. ამდენად მე იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყნები ახლო მომავალში წევრობის აუცილებელ წინაპირობებს შეასრულებენ და მე კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნო, რომ ბუქრესტის გადაწყვეტილება ძალაშია.“ -ციტატის დასასრული-

XS
SM
MD
LG