ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი მეორე ბირთვულ ობიექტს  აგებს


პირველად მსოფლიომ ირანში მიმდინარე საიდუმლო ბირთვული ობიექტის მშენებლობის შესახებ 2002 წელს შეიტყო. ახლა უკვე აშკარაა, რომ თეირანი მეორე ასეთ ობიექტსაც აგებს. პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ იგი აქედან მომდინარე საშიშროებას თვალნათლივ ხედავს:

„ირანის მთავრობამ ახლა უნდა წარმოაჩინოს ის, რომ მართლა მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებს ის, რომ საერთაშორისო სტანდარტებს და კანონებს ემორჩილება“. აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

რამდენიმე წლის განმავლობაში შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები ირანში მიწისქვეშ მდებარე ობიექტის შესახებ უნფორმაციას აგროვებდნენ. პრეზიდენტ ობამას თქმით, ნათელია, რომ ეს ობიექტი მშვიდობიანი მიზნებისთვის ნამდვილად არ აუგიათ:

„ირანს აქვს მშვიდობიანი მიზნებისთვის ბირთვული ენერგიის მოპოვების უფლება, მაგრამ ამ ობიექტის ზომა და კონფიგურაცია მშვიდობიან პროგრამას არ შეესაბამება“. განაცხადა ბატონმა ობამამ.

ამერიკის მხარის მტკიცებით, მიმდინარე კვირას ირანმა საერთაშორისო ატომურ სააგენტოს ზემოთქმული ობიექტის არსებობა მხოლოდ იმიტომ გაანდო, რომ ნათელი გახდა, რომ ამის დამალვა უკვე შეუძლებელი იყო:

„გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ირანი წლების განმავლობაში ატყუებდა საერთაშორისო საზოგადოებრიობას, ჩვენ იძულებულნი ვართ მხოლოდ გადამწყვეტი ზომები მივიღოთ“. განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა.

„თუ მომავალი დეკემბრისთვის ირანის ლიდერები შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, ჩვენ სანქციების შემოღება მოგვიწევს“. თავისმხრივ აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ.

პრეზიდენტმა ობამამ, ბრაუნმა და სარკოზიმ, ზემოთქმული პრობლემის ირგვლივ, ამერიკის ქალაქ პიტსბურგში მიმდინარე მსოფლიოს ოცი წამყვანი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე ისაუბრეს. ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისი სამიტის მუშაობას ისევე აყენებს ჩრდილს, როგორც მიმდინარე კვირას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას მიაყენა. საბჭოს წევრები ძირითადად ირანის საკითხზე ბჭობდნენ და საბოლოოდ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დაცვაზე შეთანხმდნენ. ასევე ცნობილია, რომ პრეზიდენტ ობამას კერძო შეხვედრები რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან, ძირითადად ამ საკითხს ეხებოდა. აღსანიშნავია ისიც,რომ მომავალ კვირას ჟენევაში სეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სხვა უძლიერესი სახელმწიფოების წარმომადგენლები ირანის დელეგაციასთან გამართავენ საუბარს.

XS
SM
MD
LG