ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლური პრესის მიმოხილვა


მიმოხილვას ვიწყებთ მარკ ბჟეზინსკის სტატიით სათაურით „ახლა პოლონელებსა და ჩეხებთან 'გადატვირთვის' დრო დადგა," რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის" 22 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა. მარკ ბჟეზინსკი კლინტონის ადმინისტრაციის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრი იყო და პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ეროვნული უშიშროების მრჩევლის ზბიგნევ ბჟეზინსკის შვილია. სტატიაში ვკითხულობთ:

„ჩეხეთსა და პოლონეთში შეშფოთებითა და მღელვარებით შეხვდნენ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს ბუშის ადმინისტრაციის ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის გადახედვას.

ამ ქვეყნებსა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებში შიშობენ, რომ სტრატეგიული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან უკანა პლანზე გადადის და ვაშინგტონის ურთიერთობა რუსეთთან უმჯობესდება 'გადატვირთვის' საფუძველზე რეგიონის უსაფრთხოების ხარჯზე.

შექმნილი პრობლემის ერთი ნაწილი ის არის, რომ, ყოველ შემთხვევაში რიტორიკულ დონეზე მაინც, ბუშის ადმინისტრაციამ ანტი-სარაკეტო რადარისა და გამანადგურებელი რაკეტების განთავსება ჩეხეთსა და პოლონეთში ამ ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის სინონიმად აქცია.

შედეგად, მართალია ამ მოწყობილობის შესაძლო განთავსებამ გამოიწვია გარკვეული წინააღმდეგობა ორივე ქვეყნის მოსახლეობაში (ჩეხეთში უფრო ვიდრე პოლონეთში), ამ სისტემის შექმნაზე უარის თქმა აქ ფართოდ აღქმული იყო როგორც სტრატეგიული ურთიერთობის მნიშვნელოვანი შესუსტება."

-ციტატის დასასრული

ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მარკ ბჟეზინსკის მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა დაპირებისამებრ უნდა განათავსოს „პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემები პოლონეთში. გარდა ამისა ავტორს მიაჩნია, რომ ვაშინგტონმა მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის აღმოსავლურ პარტნიორობის ინიციატივას, რომელშიც პოლონეთმა, როგორც უკრაინის მეზობელმა ქვეყანამ, წამყვანი როლი უნდა შეასრულოს კიევის ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეში.

„ობამას სტრატეგიული ცდომილება" ასეა დასათაურებული კალიფორნიაში მდებარე კლეირმონტის ინსტიტუტის პრეზიდენტის და ანტი-სარაკეტო სისტემის შემსწავლელი დამოუკიდებელი სამუშაო ჯგუფის წევრი ბრაიან კენედის სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „უოლ სტრით ჯორნალის" 20 სექტემბრის ნომერში. სტატიაში ვკითხულობთ:

„ობამას ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ამერიკის პოლონელი და ჩეხი მოკავშირეების დამცირებას, რომლებმაც გაუძლეს რუსულ დაშინებას მას შემდეგ რაც დათანხმდნენ ანტი-სარაკეტო სისტემის კომპონენტების განთავსებაზე. რუსეთის საზღვრებთან ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის განთავსების მთავარი მიზანი ხომ ალიანსის გაძლიერება იყო. ამ იდეის ეფექტურობა მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ ამერიკის მოკავშირეები დარწმუნებულიყვნენ, რომ საერთო თავდაცვისთვის საჭირო იყო გლობალური ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნა. ამდენად მოკლევადიან პერსპექტივაში აწ გაუქმებული სისტემის ამოცანა იყო იმის დემონსტრირება, რომ რაც შეეხება ირანის სარაკეტო მუქარას, შეერთებული შტატები და მისი ნატოს მოკავშირეები ერთმანეთს მხარში ამოუდგებოდნენ. ანუ ირანი, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი, ვერ შეძლებდა ევროპის მძევლად აყვანას და ნატოს ალიანსი დაუპირისპირდებოდა რადიკალური ისლამური რეჟიმის ხელში ჩავარდნილ ბირთვული იარაღის საფრთხეს. ბატონი ობამას ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ რადგან ანტი-სარაკეტო სისტემის აგება ევროპაში ალიანსის გაძლიერებას ემსახურებოდა, მისი გაუქმება უდაოდ ძირს გამოუთხრის მას. ანტი-სარაკეტო სისტემის გაუქმება არის იმის მანიშნებელი, რომ რაც შეეხება სტრატეგიული თავდაცვის სფეროს ობამას ადმინისტრაციაში სრული არეულობა სუფევს."

-ციტატის დასასრული

„ევროპის დინებით გაშვება" ასეა დასათაურებული ენ ეპლბაუმის წერილი, რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის" 22 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„სინამდვილეში მთელს ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემა მაშინაც არ იყო პოპულარული ისევე როგორც დღეს. პოლონელები და ჩეხები ამერიკული სამხედრო ბაზების დაარსებას იმიტო უჭერდნენ მხარს, რომ მათ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ნაწილები იქნებოდა განთავსებული. ხოლო ამერიკელი სამხედროების ყოფნას ისინი ემხრობოდნენ იმ მიზეზით, რომ ორი ამერიკელი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ერთმანეთის მიყოლებით უარი განაცხადა ცენტრალურ ევროპაში ნატოს ძალების გაზრდაზე და არ იყო დაინტერესბული სხვა სახის თავდაცვითი ზომების განხორციელებაში ევროპაში. შედეგად ამგვარმა დამოკიდებულებამ დაბადა ეჭვი, რომ ამერიკელები არ არიან დაინტერესებულნი ნატოს ალიანსის წესდების ქვაკუთხედის შესრულებაში, რომლის თანახმადაც თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე ალიანსის დანარჩენ წევრებზე თავდასხმას ნიშნავს."

-ციტატის დასასრული

უცხოური პრესის მიმოხილვის დასასრულს უნდა ავღნიშნოთ სალომე ზურაბიშვილის სტატია სათაურით „მზიანი დემოკრატები," რომელიც ნიქსონის ცენტრის ჟურნალ „ნეიშნლ ინტერესტის" ვებ გვერდზე 17 სექტემბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ავტორი ადარებს ავღანეთში არჩევნების შემდეგ შექმნილ გაურკვეველ პოლიტიკურ მდგომარეობას საქართველოს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან. ზურაბიშვილი მოუწოდებს შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის ქვეყნებს სტაბილურობის გამო არ დათმონ ჭეშმარიტი დემოკრატიული იდეალები.


XS
SM
MD
LG