ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2009 წლის 14-18 სექტემბრის უცხოური პრესის მიმოხილვა


მიმოხილვა თითქმის მთლიანად ეთმობა სიუზანა ენდრიუსის ვრცელ სტატიას სათაურით “ქვრივი და ოლიგარქები,“ რომელიც ჟურნალ Vanity Fair-ის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა. სტატია ეძღვნება ქართველი მილიარდელის ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ მისი ანდერძის ირგვლივ შექმნილ დავას, რომელშიც გარდაცვლილი ბიზნესმენის დაახლოებით 2 მილიარდ დოლარად შეფასებულ ქონებას იჩემებენ პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე, მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორი ბორის ბერეზოვსკი და მისი დეიდაშვილი ჯოზეფ კეი და ამ უკანასკნელის ადვოკატი ნიუ იორკიდან ემანუელ ზელცერი.

ხსენებულ სტატიაში მოყვანილია ბევრი საინტერესო ფაქტი ბადრი პატარკაციშვილის ცხოვრების შესახებ. მაგალითად, მხოლოდ პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი ის, რომ გუდავაძისა და მისი ორი ქალიშვილის გარდა, მას მოსკოვში ჰყავდა ცოლი და 14 წლის ვაჟიშვილი, დავითი. პარაკაციშვილის დეიდაშვილის, ჯოზეფ კეის ადვოკატმა, ემანუელ ზელცერმა მოგვიანებით სასამართლოს წარუდგინა ქორწინების მოწმობის ასლი და ქორწილის აღმბეჭდავი ფოტოები, რომელიც ადასტურებს, რომ ქორწილი 11 წლის პეტერბურგში გაფორმდა. თუმცა 2008 წლის ზაფხულში ინა გუდავაძემ მოსკოვის ერთ-ერთ სასამართლოში შეტანილი სარჩელის წარმატებული განხილვის შედეგად მიაღწია პატარკაციშვილის მეორე ქორწინების ანულირებას.

რაც შეეხება პატარკაციშვილის ქონების გაყოფასთან დაკავშირებულ დავას, ამ საკმაოდ არეულ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა თუ რამდენად ავთენტურია გარდაცვლილი ბიზნესმენის ანდერძი, რომლის თანახმად ანდერძის აღმსრულებლის და შესაბამისად ქონების მართვის სრული უფლება ეძლევა ჯოზეფ კეის. ინა გუდავაძეს და ბორის ბერეზოვსკის არ სჯერათ, რომ ანდერძი ავთენტურია. მაგრამ ჯოზეფ კეისა და მისი ნიუ იორკელი ადვოკატის ემანუელ ზელცერის თანახმად, პატარკაციშვილმა ანდერძს ხელი მოაწერა ნიუ იორკში 2007 წლის 14 ნოემბერს ანუ სიკვდილამდე სამი თვით ადრე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასამართლომ მოგვიანებით სცნო ხსენებული დოკუმენტის ავთენტურობა და აღიარა ჯოზეფ კეის უფლება პატარკაციშვილის ქონების განკარგვის მიზნით. შედეგად, როგორც ნახსენებია გუდავაძის მიერ სასამართლოში წარდგენილ საბუთებში, პატარკაციშვილის სიკვდილიდან 24 საათიც არ იყო გასული, როცა ჯოზეფ კეიმ გარდაცვლილი ბიზნესმენის რამოდენიმე ანგარიშიდან მოხსნა 12.8 მილიონი დოლარი. ხოლო ერთი კვირის შემდეგ იგი დაუფლა ტელეკომპანია „იმედს“ საქართველოში. გარდა ამისა, გუდავაძის მიერ სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში ნახსენებია ისიც, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო პატარკაციშვილი ცდილობდა აქტივების მფლობელოვის მიჩქმალვას და ამ მიზნით მან ასეულობით მილიონი დოლარი კეის სახელზე გახსნილ ანგარიშებში დააბანდა. შედეგად კეის მფლობელობაში აღმოჩნდა მაიამისთან ახლო მდებარე ფეშენებელური ფიშერის კუნძული, ნიუ იორკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რესტორანი „ბუდა ბარი“ და საკურორტო საკუთრება ესპანეთსა და მაროკოში.

ირკვევა ისიც, რომ 2007 წლის შემოდგომაზე სწორედ ბერეზოვსკიმ უბიძგა პატარკაციშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოებისკენ. ინა გუდავაძე ამის წინააღმდეგი იყო. მისი თქმით, “იგი ბიზნესმენი იყო და არა პოლიტიკოსი. იგი ამისთვის მზად არ იყო.“ ბერეზოვსკი უარყოფს ამ ბრალდებას, მაგრამ 2007 წლის ნოემბერში მან დაარწმუნა პატარკაციშვილი, რომელსაც საქართველოში ჩასვლა არ უნდოდა, რომ იგი თბილისში უნდა ჩასულიყო. 2 ნოემბერს პატარკაციშვილმა რუსთაველზე შეკრებილ ოპოზიციის ხალხმრავალ საპროტესტო დემონსტრაციას მიმართა სიტყვით. ხოლო იმავე წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის ერეკლე კოდუას ფარულად ჩაწერილი საუბარი პატარკაციშვილთან, რომელშიც ეს უკანასკნელი კოდუას მოქრთამვას ცდილობდა საქართველოში სახელმწიფოებრივი გადატრიალების მოწყობის მიზნით. ამ ინციდენტმა, პატარკაციშვილის დიდი ხნის მეგობრის, რუსი ბიზნესმენის ვლადიმირ ვორონოვის თქმით, „მძიმე და უზარმაზარი მორალური დარტყმა მიაყენა ბადრის. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ლურსმანი მის კუბოში. ამის შემდეგ მას ფერი არ ედო და როდესაც ვხედავდი იგი სულ უფრო უარესად გამოიყურებოდა.“

ამჟამად ლონდონის სასამართლოში ერთდროულად აღძრულია რამოდენიმე საქმე. პატარკაციშვილის დიდი ხნის ბიზნეს პარტნიორი, ბორის ბერეზოვსკი ითხოვს ინა გუდავაძისგან მისი ქმრის ქონების ნახევარს. ინა გუდავაძემ კი ნიუ იროკის ერთ-ერთ სასამართლოში აღძრა საქმე ჯოზეფ კეისა და ემანეუელ ზელცერის წინააღმდეგ. იმავდროულად მან აგრეთვე მიმართა საქართველოს უზენაესს სასამართლოს ქვედა ინსტანციის სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გადახედვის შესახებ, რომელიც პატარკაციშვილის ანდერძის ავთენტურობას აღიარებს. ამის გარდა, გუდავაძეს სურს ტელეკომპანია „იმედის“ დაბრუნება და ამ მიზნით მან დაიქირავა კერძო PR კომპანია საქართველოს მთავრობაზე ევროკავშირში ზეწოლის განსახორციელებლად. გუდავაძემ დააგირავა 20 მილიონ დოლარად შეფასებული პატარკაციშვილის მამული Downside Manor-ი და ამჟამად სესხად აღებულ ფულზე ცხოვრობს.

უცხოური პრესის მიმოხილვის ბოლოს უნდა აგრეთვე ავღნიშნოთ ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის სკოტ ანდერსონის სტატია სათაურით „ვლადიმირ პუტინის ბნელი მოსლვა ხელისუფლებაში,“ რომელიც პოპულარულ ჟურნალ GQ-ს სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში დეტალურად არის განხილული 1999 წელს რუსეთის სხვადასხვა ქალაქების საცხოვრებელ სახლებში მომხდარი აფეთქებების სერია, რომელიც რუსეთის მთავრობამ ჩეჩენ მეამბოხეებს დააბრალა და მზარდი სახალხო რისხვის ტალღაზე გააჩაღა მეორე სამხედრო კამპანია ჩეჩნეთში, რამაც, თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტობისკენ გზა გაუხსნა. სკოტ ანდერსონი იყენებს რუსული სადაზვერვო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანის მიხაილ ტრეპაშკინის ნაამბობს იმ ვერსიის დასაბუთების მიზნით, რომლის თანახმად ხსენებული აფეთქებები განახორციელა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა. აღსანიშნავია, რომ ამ ვერსიის შესახებ ადრეც დაიწერა და არაერთხელ, მაგრამ ამ სტატიის გამოქვეყნების ამჯერად მთელი სკანდალი მოჰყვა.

საქმე ისაა, რომ ჟურნალ GQ-ს გამოსცემს საერთაშორისო საგამომცემლო კორპორაცია Conde Nast-ი, რომელიც აგრეთვე უშვებს ისეთ გამოცემებს, როგორიცაა ჟურნალები Vanity Fair-ი, Vogue-ი და New Yorker-ი. ეტყობა Conde Nast-ის უფროსობა შიშობდა, რომ ხსენებული სტატიის გამოქვეყნება რუსეთში კომპანიის ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ივლისის ბოლოს კომპანიის ერთ-ერთმა წამყვანმა ადვოკატმა ჯერი ბირენცმა ელექტრონული ფოსტით გაავრცელა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სკოტ ანდერსონის სტატია არ გამოქვეყნდება ჟურნალ GQ-ს რუსულ გამოცემაში და Conde Nast-ის სხვა გამოცემებში. გარდა ამისა, აკრძალულია ამ სტატიის ელექტრონული ვერსიის გამოქვეყნება ჟურნალ GQ-ს ვებ გვერდზე. მართალია სტატია დაიბეჭდა ჟურნალ GQ-ს სექტემბრის ნომერში, რომელიც შეერთებულ შტატებსა და კანადაში გავრცელდა, მაგრამ თვითცენზურის ამ ამაზრზენ ფაქტს ძლიერი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტზე. სტატიის რუსული თარგმანი სულ რაღაც რამოდენიმე დღეში გამოჩნდა ნიუ იორკის პოპულარულ ბლოგზე სახელწოდებით Gawker-ი, სადაც Conde Nast-ის მოქმედება „ლაჩრობის საქციელად“ შეირაცხა.

XS
SM
MD
LG