ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორია რუსეთში მედიის თავისუფლების ხარისხი?



ახლახან გამოქვეყნებულმა ორმასტატიამ სექტემბერში საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია რუსეთში. პირველია გულახდილი და ფართოდ გავრცელებული შეფასება ქვეყნის დღევანდელი და ისტორიული პრობლემებისა, რომლის ავტორია რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი. ხოლო მეორე სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ 1999 წელს მომხდარი საცხოვრებელი სახლების აფეთქებების სერიის უკან იდგა პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც ხსენებული აფეთქებების მეშვეობით სურდა ძალაუფლების ხელში ჩაგდება უშიშროების დამყარების საბაბით. მაგრამ როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მოსკოვში პიტერ ფედინსკი იუწყება, ამ სტატიის შეერთებულ შტატებში მდებარე გამომცემლის გადაწყვეტილების თანახმად ხსენებული სტატია არ გამოქვეყნდება რუსეთში.

ბატონი მედვედევის სტატია სათაურით „რუსეთი, წინ!“ სწრაფად გავრცელდა ინტერნეტსა და სხვადასხვა ბეჭდვით გამოცემებში. სტატიაში ყურადღება ეთმობა რუსეთში კორუპციის პრობლემას, ეკონომიკური დივერსიფიკაციის ნაკლებობას, დემოგრაფიულ დაკნინებასა და ავტორიტარულ ტრადიციებს.

მეორე სტატიის ამერიკელმა გამომცემელმა, კომპანია კონდე ნასტმა, არ გამოაქვეყნა სტატია ინტერნეტზე ან შეერთებული შტატების მამაკაცთა მოდის ჟურნალ „ჯი ქიუ“-ს რუსულ გამოცემაში, თუმცა ამ ჟურნალის ამერიკასა და კანადაში გავრცელებულ გამოცემაში ეს სტატია დაიბეჭდა.

სტატიის ავტორს, ამერიკელ ჟურნალისტ სკოტ ანდერსონს მიაჩნია, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურებმა და არა ჩეჩენმა ტერორისტებმა ააფეთქეს საცხოვრებელი სახლები რუსეთის რამოდენიმე ქალაქში ათი წლის წინ, რითაც ფაქტობრივად მოხდა მოსახლეობის დაშინება და ხალხმა მხარი დაუჭირა პუტინის დაპირებას ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

მაშინ ბატონი პუტინი შედარებით უცნობი პირი იყო. სტატიის დამოუკიდებლად განხორციელებული რუსული თარგმანი გამოქვეყნდა ინტერნეტზე სათაურით „ვლადიმირ პუტინის ბნელი მოსვლა ხელისუფლებაში.“ აღსანიშნავია, რომ წარსულში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ უარყვეს მსგავსი ბრალდებები.

პრეზიდენტი მედვედევი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები იძლევა უპრეცედენტო შესაძლებლობას ისეთი პოლიტიკური თავისუფლებების განვითარებისათვის როგორიცაა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება იმისდამიუხედავად, რომ მმართველი კლასისთვის მიუღებელია ის გამჭვირვალეობა რომელიც ამ ხსენებულ თავისუფლებებს მოჰყვება.

მაგრამ რუსეთის ადამიანთა უფლებების დამცველი ადვოკატები კრემლს ორპირობაში ადანაშაულებენ. ისინი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ჟურნალისტები, რომლებიც აკრიტიკებენ რუსეთის ძლევამოსილ ოფიციალურ პირებს, განუწყვეტელი ბიუროკრატიული წნეხის ქვეშ არიან მოქცეულნი და ზოგ შემთხვევაში მათთან ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც აქვს ადგილი მკვლელობების ჩათვლით. აგრეთვე ადამიანთა უფლებების აქტივისტების აზრით, ჟურნალ „ჯი ქიუ“-ს უარი რუსეთში გახმაურებული სტატიისგამოქვეყნებაზე წარმოადგენს თვით-ცენზურის ერთ-ერთ ფორმას, რომლის მთავარი მიზანია კორპორაციის მოგების დაცვა შესაძლო ანგარიშსწორებისგან.

ევგენი ხლოვი ინფორმაციის დირექტორია არასამთავრობო ორგანიცა „ადამიანთა უფლებებისთვის“ მოსკოვში.

ხლოვის აზრით, ნამდვილად სამწუხაროა ის, რომ დასავლეთი სტალინის, ბრეჟნევისა და ახლა პუტინის დროს საკუთარ ინტერესებს იცავს ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების მიერ შექმნილი თამაშის წესების გათვალისწინებით. და თანაც ეს მოვლენა გარცელებულია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში.

ჟურნალ „ჯი ქიუ“-ს მოსკოვში მდებარე ბიურომ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე ხლოვის კრიტიკასთან დაკავშირებით. ჟურნალის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ანდერსონის მიერ წამოჭრილი ბრალდებები ახალი ამბავი როდი იყო რუსეთში და ამდენად ახალი დამატებით ყურადღებას არ იმსახურებდა.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის პოლიტიკური ანალიტიკოსის მაშა ლიპმანის თქმით, გადაწყვეტილება ჟურნალ „ჯი ქიუ“-ს გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებით ასაბუთებს ოფიციალურ რუსულ არგუმენტს თავისუფალი პრესის წინააღმდეგ. ლიპმანის თქმით:

„რუსეთის მთავრობა და რუსეთის ოფიციალური პირები ხშირად აცხადებენ, რომ მდგომარეობა პრესის თავისულფებასთან დაკავშირებით შესაძლოა არ იყოს იდეალური რუსეთში, მაგრამ იგი სხვა ქვეყნებშიც არაა იდეალური. და თუ ამა თუ იმ გამოცემის დირექციას შეუძლია მგრძნობიარე სტატიის გავრცელების შეზღუდვა სხვა ქვეყნებში, მაშინ მე ვფიქრობ დირექციის წევრები გამოიყურებიან როგორც პრაგმატული და შეიძლება ოდნავ ცინიკურიც კი, მაგრამ თავისუფალი პრესის არსებობის მომხრეებად ისინი ნამდვილად არ ჩაითვლებიან.“

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავჯდომარემ ნადეჟდა აჟგიხინამ ამერიკის ხმის წარმომადგენლებს უთხრა, რომ იგი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მედვედევი რუსეთში მედიის თავისუფლებას გააფართოებს.

აჟგიხინას თქმით, უკვე არსებობს რამოდენიმე საკმაოდ განთქმული გამოცემა, რომელშიც ქვეყნდება საინტერესო მასალები. ამის გარდა არსებობს დამოუკიდებელი სატელევიზიო სადგურები, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ეროვნული სახელმწიფო სატელევიზიო არხების მოსაწყენი ერთფეროვნებისგან. აჟგიხინამ აგრეთვე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ოფიციალური პირები სათანადოდ არ რეაგირებენ იმ ინფორმაციაზე, რომელიც ხსენებულ სატელევიზიო არხებზე გადმოიცემა.

პრეზიდენტ მედვედევის სტატიაში აღიარებულია ინფორმაციის გაცვლისა და განვითარების აუცილებლობა რუსეთში და იგი უზიარებს მკითხველებს საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართს რათა მოქალაქეებმა მიაწოდონ მას თავიანთი შეხედულებები ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე. მაგრამ ევგენი ხლოვის თქმით პირადი ელექტრონული ფოსტის გაგზავნა კრემლში ქმნის დისკუსიისა ან არჩევნის ილუზიას. მას მიაჩნია, რომ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პრეზიდენტ მედვედევის უარი ოპონენტებთან დებატებზე წარმოადგენს სკანდალს და ამდენად იგი მოითხოვს იდეების საჯარო განხილვას ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.

ხლოვის თქმით, რუსეთში არ იმართება დებატები საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ საკითხებზე. ხოლო მათ, ვინც ოფიციალურ პოზიციას არ იზიარებენ, დისკუსიებში ლაპარაკის, საკუთარი პოზიციების განვითარებისა და მონაწილეობის უფლება ერთმევათ. ამგვარად ამ აქტივისტს მიაჩნია, რომ სინამდვილეში საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება რუსეთში არ არსებობს.

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავჯდომარე ნადეჟდა აჟგიხინა აღნიშნავს, რომ მას არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია, რომ გამოიტანოს დასკვნა ჟურნალ „ჯი ქიუ“-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება იმ სტატიის გამოქვეყნებას, რომელშიც გაკრიტიკებულია პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი. მაგრამ მისი აზრით, რაც უფრო მეტი დისკუსია გაიმართება რუსეთში პრესის თავისუფლების შესახებ, მით უფრო სწრაფად გაიზიარებს ქვეყანა ჭეშმარიტ სოციალურ დიალოგს.



XS
SM
MD
LG