ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპერის ქართველი ვარსკვლავი ვაშინგტონის საოპერო თეატრის სცენაზე მღერის


ვაშინგტონის ეროვნულმა საოპერო თეატრმა 2009 -2010 წლის საოპერო სეზონი გახსნა. ოპერის მსოფლიოში სახელგანთქმული შემსრულებლები, ისევე როგორც ახალგაზრდა, წარმატებული მომღერლები ვაშინგტონის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს პლასიდო დომინგოსთან ერთად, -ხან სცენაზე, ხანაც მისი ხელმძღვანელობით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. რეპერტუარში იქნება " სევილიელი დალაქი ", "ფალსტაფი", "პორგი და ბესი", " ფიგაროს ქორწინება", "ჰამლეტი". "სევილიელ დალაქში" როზინას პარტიას ასრულებს ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ქეთევან ქემოკლიძე. ეს როლი ასევე შემსრულებლის ამერიკული დებიუტია. აი როგორ მიესალმა მსმენელს გამოჩენილი ესპანელი ტენორი და ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი პლასიდო დომინგო.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენს საოპერო სეზონს განალხებული შემადგენლობით, ბრწყინვალე ვარსკვლავებითა და დებიუტანტებით ვიწყებთ. მათ შორის არის ბრწყინვალე ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, რომელიც კონკურს "ოპერალიას" გამარჯვებულია. წელს იგი ვაშინგტონის საოპერო სცენას დაამშვენებს და როზინას პარტიას იმღერებს როსინის განუმეორებელ" სევილიელ დალაქში". ამბობს მაესტრო დომინგო.

ეს სეზონი მართლაც გამორჩეულია ვაშინგტონის ეროვნული საოპერო თეატრის სცენაზე. შემსრულებლებს შორის ვხვდებით სილვია ტრო სანტაფეს, ხუან ფრანცისკო გათელს, და ცნობილ დონათო დი სთეფანოსა და გალერიანო ლანჩას. ქართველ მომღერალს ევროპის ცნობილ საოპერო სცენებზე უკვე დიდი აპლოდისმენტებით ეგებებიან. მან შარშან სწორედ პლასიდო დომინგოს ორგანიზატორობით შემდგარ კონკურს "ოპერალიაში" გაიმარჯვა ესპანეთში, რის შემდეგაც იგი ვაშინგტონში მოიწვია ოპერის დირექტორმა.

XS
SM
MD
LG