ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორპარტიული ჯგუფი პრ. ობამას ირანთან მკაცრი სტრატეგიის დასახვისკენ მოუწოდებს



ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის ერთ-ერთ თავს „დრო აღარ იცდის“ ეწოდება და როგორც ყოფილმა სენატორმა ვირჯინიელმა დემოკრატმა ჩარლზ რობმა აღნიშნა ექსპერტების დასკვნებს მოიცავს:

„ჩვენის რწმენით, დრო ნამდვილად აღარ რჩება. უნდა დავჩქარდეთ და ირანს ბირთვული იარაღის შექმნის, ხოლო ისრაელს კი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის საშუალება არ მივცეთ“. განაცხადა მან.

ანგარიში თავად რობმა, ყოფილმა ინდიანას შტატის წარმომადგენელმა რესპუბლიკელმა სენატორმა დენიელ კოატსმა და შეერთებული შტატების არმიის ევროპაში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის ყოფილმა მეთაურმა, ავიაციის გადამდგარმა გენერალმა ჩარლზ ვალდმა შეამზადეს.

ავტორები პრეზიდენტ ობამას მიერ გამოთქმულ, ირანთან დიპლომატიური დიალოგის გამართვის მცდელობას მიესალმებიან. თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ თეირანი მომავალი წლისთვის უკვე შესძლებს მინიმუმ ერთი ბირთვული ბომბის შექმნას და აცხადებენ, რომ დიპლომატიას ზურგს ეკონომიკური სანქციებისა და სამხედრო დარტყმის საშიშროებაც უნდა უმაგრებდეს. სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი იზიარებს ამ მოსაზრებას:

„ჩვენ ირანთან საუბრისას სამხედრო დარტყმის რეალური საფრთხის არსებობა უნდა შევაგნებინოთ თეირანს“. ამბობს იგი.

დასავლეთი თვლის, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს. თავად ირანი უარობს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავს და ამიტომაც მოლაპარაკებებზე მასზე საუბარს არ აპირებს. ანგარიში მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც შეერთებული შტატები პირველ ოქტომბერს ირანთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. უშიშროებისა და ეკონომიკის საკითხებისადმი მიძღვნილ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას აგრეთვე დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთიც მიიღებენ. არიზონას შტატის წარმომადგენელი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კილი ირანის წინააღმდეგ სამხედრო აქციის განხორციელების შესაძლებლობის არსებობის მოწინააღმდეგეებს რჩევას აძლევს:

„მათ ვინც სამხედრო აქციას არ ემხრობიან ვუპასუხებ, რომ

მაშინ მოვიმოქმედოთ ყველაფერი ის, რაც ასეთი აქციის თავიდან აცილების შესაძლებლობას მოგვცემს“. ამბობს სენატორი.

კილი შეერთებული შტატების კონგრესს დაჩქარებისკენ და ირანის საბანკო და ენერგეტიკის სექტორების და ირანთან თანამშრომლობაში შემჩნეული

უცხოური კომპანიების წინააღმდეგ დამატებითი, უფრო ეფექტური სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს. იმ შემთხვევაში კი თუ ეს სანქციები მომავალ რამდენიმე თვეში შედეგს ვერ გამოიღებს, კილის თქმით, ამერიკამ ირანს ის უნდა აგრძნობინოს, რომ სამხედრო დარტყმის შესაძლებლობა რეალობას წარმოადგენს. გადამდგარი გენერალი ჩარლზ ვალდი ამბობს, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ავღანეთისა და ერაყის ომების გამო ახლა ამერიკას არ შესწევს ირანის წინააღმდეგ გალაშქრების უნარი:

„ჩვენ ძლიერი საჰაერო ძალები გვყავს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ თავად ვარ მფრინავი, არამედ იმიტომ, რომ ირანმა ერთი რამ იცოდეს. ამერიკა უზარმაზარ სამხედრო რესურსებს ფლობს და მისი ძალები ამოწურული არ არის“. ამბობს გენერალი. მისი თქმით, უნდა დაიბომბოს მხოლოდ ირანის ბირთვული ობიექტები და იგი ირანში სახმელეთო კონტინგენტის შეყვანას არ გულისხმობს. ამერიკის ხმა. . .

XS
SM
MD
LG