ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი თვლის, რომ ობამას წინააღმდეგ გალაშქრებას საფუძვლად რასიზმი უდევს. გუშინ ენ ბის სის ტელეარხით გამოსვლისას ბატონმა კარტერმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამას იმიტომ უპირისპირდებიან, რომ ის შავკანიანია. შეერთებული შტატების ოცდამეცხრამეტე პრეზიდენტი კარტერი ამერიკის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე ჯორჯიის შტატის მკვიდრია და თვლის, რომ ახლა ქვეყნის დიდმა ნაწილმა შეითვისა ის ნეგატიური დამოკიდებულება შავკანიანებისადმი, რომლის გამოვლინებებიც საკმაოდ ხშირია მის მშობლიურ შტატში. ბატონი კარტერის თქმით, ამაზრზენია ის, რომ მრავალი თეთრკანიანის აზრით, შავკანიანებს ქვეყნის მართვის უნარი არ გააჩნიათ.