ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს უერთდება


გაეროს ადამიანის უფლებების დამცველ საბჭოს, ბუშის ადმინისტრაცია წლების განმავლობაში აკრიტიკებდა. ახლა როგორც სჩანს ეს დღეები დავიწყებას მიეცა. შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელმა ესტერ ბრიმერმა ორმოცდაშვიდწევრიან საბჭოს განუცხადა, რომ ამერიკა სხვა ქვეყნებთან ერთად მთელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების დასაცავად იღვაწებს:

„ჩემთვის დღეს საბჭოს წინაშე წარდგომა დიდ პატივს წარმოადგენს და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი ქვეყნისთვის“. აღნიშნა ქალბატონმა ბრიმერმა.

აქამდე შეერთებული შტატები მხოლოდ საბჭოს დამკვირვებლის ფუნქციას ასრულებდა. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ამერიკას არ სურს იმ საბჭოს წევრობა, რომლის გადაწყვეტილებების მიღებაზეც თავად ადამიანის უფლებების ერთ-ერთი მთავარი დამრღვევი ქვეყნები ახდენენ გავლენას. აგრეთვე ვაშინგტონს არ მოსწონდა ისიც, რომ საბჭო ცალსახად გმობდა ისრაელის მოქმედებებს. ახლა კი ობამას ადმინისტრაცია ამ შეხედულებებს აღარ იზიარებს:

„ადამიანის უფლებების დამცველ საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება, ჩვენს მიერ გამართლებულად მიჩნეული მიმართულებისკენ სვლითაა განპირობებული. ჩვენი ხედვა მხოლოდ ამერიკაში კი არ ჩამოყალიბდა, არამედ ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციით და თავად ადამიანის უფლებების საბჭოს მანდატითაა ნაკარნახევი“. განაცხადა ესტერ ბრიმერმა.

მან იმის პირობა დადო, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია საბჭოში იაქტიურებს და კონსტრუქციულად ითანამშრომლებს მასთან. ბრინერმა აღნიშნა, რომ ამერიკას ისიც აქვს გაცნობიერებული, რომ განსხვავებული შეხედულებების თანხმობაში მოყვანა და ადამიანის უფლებების ფონის გაუმჯობესება ადვილი საქმე არ იქნება. მაგრამ შეერთებული შტატები ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს:

„არ გეგონოთ, რომ შეერთებული შტატები თვალებს დახუჭავს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე. სიმართლე უნდა გამომჟღავნდეს და საზღაურმა არ უნდა დააყოვნოს. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ინტერესების გამოძებნა გვწადია, ჩვენ ყველაფერს საკუთარ სახელს დავარქმევთ და სიმართლის სადარაჯოზე ვიდგებით“. განაცხადა ამერიკის დელეგაციის ხენმძღვანელმა. მისი თქმით, ვაშინგტონი თანამშრომლობას ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების ხარჯზე აპირებს. შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებთან ერთად სიტყვის თავისუფლებისთვის და დისკრიმინაციისა და უარყოფითი სტერეოტიპების წინააღმდეგ იბრძოლებს.

XS
SM
MD
LG