ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს რეზოლუცია – წარმატება თუ პოპულიზმი?


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 9 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა და ასევე მათი შთამომავლების დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რეზოლუცია ხაზს უსვამს რომ საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციებს ქონდეთ საშუალება შეუფერხებლად შევიდნენ ამ რეგიონებში რათა იქ ჰუმანიტარული საქმიანობა განახორციელონ. რეზოლუციას - რომლის სათაურია ”აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსი” - 48 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 19-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 78-მა თავი შეიკავა. ”ჩვენ მოვიგეთ 48-ით 19,” - განაცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში ალექსანდრე ლომაიამ.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ზემოხსენებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება და არგუმენტები აქვს. პაატა ზაქარეიშვილი - "გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ის შეფასებები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ისმის წმიდნა წყლის პოპულიზმი და პროპაგანდაა. ეს არ იყო არც ქართული დიპლომატიის გამარჯვება და არც რუსული დიპლომატიის მარცხი. გენერალური ასამბლესი რეზოლუცია ფარატინა ქაღალდია. ცუდია,რომ საქართველო ამოვარდა გაეროს უშიშროების ფორმატიდან,რომლის რეზოლუციებსაც სავალდებულო ხასიათი ჰქონდა”.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს დეფაქტო რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ. რამდენიმე დღის წინ, 10 სექტემბერს მათ კიდევ ერთი დაემატა. ”მინდა გამოვაცხადო,რომ ვენესუელა შეუერთდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას,” - განაცხადა ჰუგო ჩავესმა 10 სექტემბერს და დასძინა,რომ ამ მიზნით დღეიდან მისი ქვეყანა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს დაიწყებს.

XS
SM
MD
LG