ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ვენესუელის ქმედებას


ვენესუელის პრეზიდენტის უგო ჩავესის განცხადებით, იგი აპირებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის - დამოუკიდებლობის აღიარებას.

დღეს ბატონმა ჩავესმა განაცხადა, რომ ვენესუელა მალე დაამყარებს დიპლომატიურ ურთიერთობებს ხსენებულ სეპარატისტულ რეგიონებთან. ეს განცხადება ჩავესმა გააკეთა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრის დროს, რომელიც მედვედევის რეზიდენციაში მოსკოვის გარეუბანში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მაგრამ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა ამ ორ რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად სცნობს.

ბატონმა მედვედევმა მადლობა გადაუხადა ბატონ ჩავესს მისი გადაწყვეტილებისთვის და იქვე დასძინა, რომ რუსეთი ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თითოეულ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება აღიაროს ახალი რესპუბლიკა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთი „არ იქნება გულგრილი ამ ორი ქვეყნის ბედის მიმართ.“

ეს არის ბატონი ჩავესის მერვე ვიზიტი მოსკოვში 2001 წლიდან და, როგორც მოსალოდნელია, ვიზიტის დროს მხარეები ხელს მოაწერენ 10 ორმხრივ შეთანხმებას.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სავალალო უწოდა ვენესუელის პრეზიდენტის უგო ჩავესის გადაწყვეტილება და დასძინა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სეპარატისტული ტერიტორიების რეინტეგრაციას საქართველოსთან სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილიზაციის მიზნით.


XS
SM
MD
LG