ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელი ჟურნალისტი  ნატოს მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპა


ავღანელი ჟურნალისტები შეშფოთებას გამოთქვამენ კოლეგის სიკვდილთან დაკავშირებით, რომელიც ნატოს მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ოპერაცია დასავლელი ჟურნალისტის განთავისუფლებით დაგვირგვინდა.

დღეს ავღანელი ჟურნალისტების ჯგუფმა, სახელწოდებით „ავღანეთის მედიის კლუბი,“ გაავრცელა განცხადება რომელშიც ნატოს ძალებს ბრალი ედება ავღანელი ჟურნალისტის სულტან მუნადის სიკვდილში. განცხადებაში აგრეთვე გაკრიტიკებულია ნატოს ძალების გადაწყვეტილება რომლის თანახმადაც დაღუპული ჟურნალისტის გვამი ადგილზე იქნა დატოვებული.

მუნადი ოთხშაბათს ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპა. ამ ოპერაციის შედეგად თალიბთა ტყვეობიდან განთავისუფლებულ იქნა გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტი სტივენ ფარელი.

ჯერ-ჯერობით დაუდგენელია ოპერაციის დროს რომელი მხრიდან ნასროლმა ტყვიამ გამოასალმა სიცოცხლეს მუნადი - ნატოს ძალებისა თუ თალიბანის.

ოპერაციის დროს აგრეთვე დაიღუპა ნატოს ჯარისკაცი და იმ სახლის მფლობელები, სადაც მძევლები იმყოფებოდნენ.

მუნადი და ფარელი გაიტაცეს შაბათს ყუნდუზის პროვინციაში როდესაც ისინი ამზადებდნენ რეპორტაჟს ნატოს საჰაერო დაბომბვის შესახებ რომლის შედეგადაც დაიღუპა ათეულობით ავღანელი სამოქალაქო პირი.

დღეს მუნადის კოლეგებმა მისი საფლავი ყვავილებით მორთეს კაბულში.


XS
SM
MD
LG