ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოურ პრესაში  საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული მასალები


სამშაბათს პოლონეთმა, ევროპის სხვა ქვეყნებმა, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დაწყების 70 წლისთავი აღნიშნეს. სანამ რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი პოლონეთის ქალაქ გდანსკში ხსენებული წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებდა მონაწილეობას, მან ღია წერილით მიმართა პოლონელებს, რომელიც პოლონურ გაზეთ “გაზეტა ვიბორშჩაში” ერთი დღით ადრე, ანუ ორშაბათს, 31 აგვისტოს გამოქვეყნდა. ამ წერილთან დაკავშირებით გაზეთ “ფაინენშლ თაიმსის” 1 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი სათაურით “პუტინი და სტალინი,” რომელშიც ვკითხულობთ: “რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომის დაწყების 70 წლისთავი აღნიშნა მისასალმების მცდელობით, რომელიც ხსენებულ სამხედრო კონფლიქტში საბჭოთა კავშირის როლის ირგვლივ არსებული დაძაბულობის განმუხტვას ემსახურებოდა. მაგრამ ეს უმნიშნვნელო დიპლომატიური ჟესტი არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა დაიწყო საკუთარი სტალინური წარსულის ფუნდამენტალური გადახედვა. რუსეთი ჯერ კიდევ შორსაა სტალინზე გულწრფელად სასაუბროდ. რუსების უმრავლესობა აღიარებს, რომ სტალინმა დაუშვა ბევრი შეცდომა და ჩაიდინა საზარელი დანაშაულობები საბჭოთა ხალხის მიმართ, მაგრამ მათ უჭირთ იმის აღიარება, რომ სტალინი იყო სისხლიანი დიქტატორი რომლის შედარება ჰიტლერთან მართებულია. ასეთი აღირება ნაცისტებზე საბჭოთა გამარჯვებაში ეჭვს შეიტანს და ისინი შიშობენ, რომ ამით შეილახება ის უზარმაზარი თავგანწირვა, რომელიც ომს მოხმარდა. ბატონი პუტინის ავტორიტარული ელიტა, რომელსაც არასოდეს დაუგმია მისი კომუნისტი წინამორბედები, უსირცხვილოდ იყენებს ამ გრძნობებს და სტალინის კრიტიკას აიგივებს რუსეთის კრიტიკასთან. რუსეთს სჭირდება საჯარო განხილვა რომელშიც საბჭოთა ხალხის გმირული ტრიუმფი ნაცისტურ გერმანიაზე გამიჯნული იქნება სტალინის პირადი ქმედებების შეფასებებისგან. ისტორიკოსებს უნდა მიეცეთ თავისუფლება, განსაკუთებით ტელევიზიაზე. მაგრამ ამის იმედი ნაკლებად არსებობს რადგან ახლახან მიღებული კანონების თანახმად “ისტორიის ფალსიფიკაცია” სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. როგორც სჩანს, ბატონ პუტინს გადაწყვეტილი აქვს წარსულზე ისეთივე კონტროლის შენარჩუნება როგორიც მას აქვს დაწესებული დღევანდელ დღეს პოლიტიკურ თავისუფლებებზე. “ მეორე მსოფლიო ომის დაწყების 70 წლისთავის თემას ეხება აგრეთვე გაზეთ “ვაშინგტონ თაიმსის” 1 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული სარედაქციო სტატია სათაურით “დათმობის საფასური.” სტატიაში ვკითხულობთ: “როგორც ცნობილია, დათმობის პოლიტიკა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ნევილ ჩემბერლენის სახელს უკავშირდება. პოლიტიკის წარმართვის ეს მიმართულება საკმაოდ პოპულარული იყო ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში. ამ პოლიტიკის ამერიკული ვერსია იყო იზოლაციონიზმი, რომელიც ითვალისწინებდა წარმოქმნილი საფრთხეების უგულვებელყოფას და არა მათთან დაპირისპირებას. არსებითად დათმობა წარმოადგენდა თავდაცვით პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანი იყო შესაძლო შედეგების შემსუბუქება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ სასიცოცხლო ინტერესებს არავინ ეხება, მაშინ ხმალი ქარქაშში უნდა დარჩეს. მშვიდობის მისაღწევად პატარა სახელმწიფოების ბედი დიდი სახელმწიფოების გადასაწყვეტი იყო და ამ უკანასკნელთა თვალთახედვით პატარა სახელმწიფოების გამო უბრალოდ არ ღირდა მსხვერპლის გაღება და შედეგად მსოფლიოდიქტატორების მტაცებლურ ქმედებებს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. მაგრამ ასეთი ქცევა მათ ძვირად დაუჯდათ. უსასრულო მადის დაკმაყოფილება შეუძლებელია. დათმობებს მხოლოდ მორიგი მოთხოვნები მოჰყვება. როცა იტალიის ჯარმა დაიპყრო ეთიოპია 1936 წელს, ეთიოპიის იმპერატორმა ჰაილე სელასიემ აღელვებული თხოვნით მიმართა ერთა ლიგის ასამბლეას დახმარების მისაღებად. ‘დღეს ჩვენ ვართ. ხვალ იქნებით თქვენ.’ განაცხადა იმპერატორმა. მაგრამ ერთა ლიგამ ყურადღება არ მიაქცია ეთიოპიის თხოვნას. ამდენად, დათმობა დაყოვნების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა და ყოველ წელს დავალიანება იზრდებოდა. და როცა დადგა ვალის გადახდის დრო, მტერი ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა ხოლო მასთან დაპირისპირება ბევრად უფრო რთული. დღეს დათმობის სულისკვეთება კვლავაც ცოცხალია. ავტორიტარული სახელმწიფოები, როგორებიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი და ვენესუელა, ისევ თავხედობენ, ბობოქრობენ, აძლიერებენ სამხედრო ძალებს და გავლენის სფეროებს აფართოვებენ. საფრთხის ქვეშ მყოფმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა ისრაელი, ჰონდურასი და საქართველო, რომლებიც წარსულში შეერთებული შტატების დახმარებაზე ამყარებდნენ იმედს, ახლა საკუთარი გზა უნდა გაკვალონ. თეთრი სახლი ფიქრობს დიდ გარიგებებზე, რომელიც მსოფლიოს პრობლემებს გადაწყვეტს და აგრესორებს დააკმაყოფილებს. ჩვენი ლიდერები ისმენენ, აანლიზებენ, იძლევიან დაპირებებს და ბოდიშს იხდიან. ამ დროს კი მსოფლიოს დიქტატორები რუკებს აკვირდებიან და ფიქრობენ თუ რომელი წინად მათთვის აკრძალული მოთხოვნა თანდათან ცხადდება.”



XS
SM
MD
LG