ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი აკრიტიკებს ობამას ადმინისტრაციას


შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტის დიკ ჩეინის განცხადებით ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების შესახებ, რომლის ყურადღების ცენტრში იქნებიან შეერთებული შტატების გამომძიებლები, მისი თქმით, პოლიტიკურ საბაბზეა დამყარებული და ამერიკის ეროვნულ უშიშროებას საფრთხეს უქმნის.

შეერთებული შტატების ერთ-ერთ სატელევიზიო არხისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა იგი იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს იმ გამომძიებლების საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა დაკითხვას აწარმოებდნენ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის დროს, ჩეინიმ განაცხადა: “მე ვფიქრობ, რომ ეს არის საზარელი გადაწყვეტილება.”

ჩეინიმ ინტერვიუ მისცა ყოველკვირეულ სატელევიზიო გადაცემას “ფოქს ნიუს სანდეი,” იმის შემდეგ რაც გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა გასცა ბრძანება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს იმ მუშაკთა საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლებმაც, როგორც წყაროები იუწყებიან, გადააჭარბეს ბუშის ადმინისტრაციის დირექტივებს დაკითხვის მისაღები მეთოდების გამოყენების თაობაზე. გენერალური პროკურორის ბრძანება დაემთხვა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მთავარი ინსპექტორის მოხსენების გამოქვეყნებას. მოხსენება ეხება ეგრედ წოდებული “გაძლიერებული დაკითხვის მეთოდების” გამოყენებას 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ.

როგორც ცნობილია ჩეინი გამუდმებით იცავდა და იცავს ბუშის ადმინისტრაციის მცდელობებს რომლებიც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირებისგან ინფორმაციის გამოძალვასთან იყო დაკავშირებული. მისი თქმით სასამართლო პროცესის დაწყება იმ პირთა წინააღმდეგ რომლებსაც ევალებოდათ ამერიკის დაცვა, წარმოადგენს დიდ შეცდომას. ამასთან დაკავშირებით ჩეინიმ აღნიშნა: “ჩვენ იმ ხალხს ვთხოვეთ საკმაოდ რთული დავალებების შესრულება და მათ შესასრულებლად ისინი ზოგჯერ საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებდნენ. და ახლა, თუ ამჟამინდელი ადმინისტრაცია დაიწყებს ამ პირთა გამოძიებასა და დასჯას, მაშინ აღარავინ იქნება დაინტერესებული ხსენებული დავალებების შესრულებით. ამას აქვს ძალზედ გამანადგურებული ზეგავლენა სადაზვერვო სფეროში დასაქმებულ პირთა მორალურ მდგომარეობაზე.”

ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა დაადანაშაულა პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმ დანაპირების უგულვებელყოფაში, რომელიც მან გააკეთა სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით, როცა განაცხადა, რომ იგი აპირებს “წინ ყურებას და არა უკან.” ჩეინის აზრით პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეცვალა მისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი მემარცხენე პოლიტიკური აქტივისტების დასაშოშბინებლად.

თეთრი სახლის ოფიციალური პირების განცხადებით, გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის დაწყების შესახებ და ამდენად ეს განვითარება იურიდიულ სფეროს მიეკუთვნება და არა პოლიტიკურს.

ჩეინი კი ამტკიცებს, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა წინააღმდეგ ჩატარებული სადაზვერვო ოპერაციების შედეგად მიღებულმა კრიტიკულად მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ გადაარჩინა შეერთებული შტატების 11 სექტემბრის მსგავსი ტერორისტული თავდასხმისაგან.

პრეზიდენტი ობამა არ უარყოფს, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს მოპოვებულ იქნა მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაცია, მაგრამ იგი კითხვის ქვეშ აყენებს იმას თუ რამდენად საჭირო იყო დაკითხვის სასტიკი მეთოდების გამოყენება. პრეზიდენტ ობამას თქმით: “შეგვეძლო ჩვენ თუ არა იგივე ინფორმაციის მოპოვება დაკითხვის ამ მეთოდების გამოყენების გარეშე? და ეს მაინც არ გვაძლევს პასუხს უფრო ყოვლისმომცველ კითხვაზე: ვართ თუ არა ჩვენ უფრო დაცვულები ამ მეთოდების გამოყენების გამო?”

XS
SM
MD
LG