ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელთა გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ თაობებს შორის განსხვავება ღრმავდება


ათიდან რვა გამოკითხული ამერიკელი ფიქრობს, რომ დღეს, განსაკუთრებით დიდია განსხვავება იმაში, თუ რას ფიქრობს მშობლებისა და შვილების თაობა. უფრო კონკრეტულად, ეს ეხება მორალურ ღირებულებებს, კომპიუტერებისა და ახალი ტექნოლოგიების მოხმარების უნარს, სხვების პატივისცემას, ეთიკის ნორმებს სამსახურში, პოლიტიკურ განწყობას, რელიგიურ რწმენასა და ასე შემდეგ. ესე იგი თითქმის ყველაფერს. გამოკითხულთა დიდ ნაწილს-ათიდან შვიდ ამერიკელს მიაჩნია, რომ მშობლების თაობის წარმომადგენლებს უკეთესი მორალური ფასეულობები გააჩნიათ. ისევე როგორც მათ უფრო კარგად შეუძლიათ სხვების პატივისცემა. გამოკითხულთა ანალოგიურმა რაოდენობამ აღიარა, რომ მშობლების თაობას უფრო კარგი ზნეობრივი ჩვევები აქვს სამსახურში.

სტუარტ შულცი ინტერნეტ რესურს „გრადსპოტ.კომის“ დამფუძნებელია. ეს ვებგვერდი სტუდენტებს ეხმარება კოლეჯიდან პროფესიულ გარემოში დამკვიდრდნენ. იგი, როგორც თავად აცხადებს, არ ეთანხმება კვლევის შედეგებს, სადაც აღნიშნულია, რომ ახალგაზრდების თაობა უფრო ნაკლებადაა კონცენტრირებული სამსახურებრივ ღირებულებებზე.

ხმა: „მე მიმაჩნია რომ ორივე მხარე პრობლემებს სხვადასხვანაირად აღიქვამს. ჩვენ, ახალგაზრდები განსხვავებულ გარემოში გავიზარდეთ. ახალგაზრდა თაობა ახლა მუდმივ კომუნიკაციასა და სხვადასხვა დავალების პარალელურ შესრულებასაა მიჩვეული.

ეს არ ნიშნავს რომ მათ საკმარისი პატივისცემა ან ყურადღების გაზიარება ნაკლებად შეუძლიათ. ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ ნებისმიერ საქმესა და დავალებებს ვახორციელებთ, სანამ მათ ბოლომდე არ მივიყვანთ. ისე რომ განზოგადება და იმის თქმა რომ ჩვენ ფასეულობები არ გვაქვს სამსახურში, მგონი გადაჭარბებულია.“

დღევანდელი ამერიკელი ახალგაზრდები იზრდებიან უფრო მეტად მრავალფეროვნულ, მრავალკულტურულ საზოგადოებაში, რასობრივ და ეთნიკურ საკითხებს უფრო გაგებით ეკიდებიან ვიდრე მათი მშობლების თაობა. პიუს კვლევის ერთერთი ავტორი პოლ ტეილორი ამბობს, რომ ახალგაზრდების 55 პროცენტი აცხადებს, რომ მათი თაობა უფრო ტოლერანტულია და სხვების შეხედულებებს უფრო გაგებით ეკიდება.

ტეილორის ხმა: „ დემოგრაფიული კუთხით, დღევანდელი ამერიკელები რასობრივად და ეთნიკურად უფრო მეტად ინტეგრირებულები არიან თავიანთი შერეული წარმომავლობის გამო. დიდი ნაწილი შავკანიანი, ლათინური ან აზიური წარმოშობისაა, ვიდრე მათთან შედარებით ადრე მათი მშობლების თაობა იყო. ამიტომაც, რადგან ისინი უფრო მრავალფეროვან ქვეყანაში გაიზარდნენ, ეთნიკური, რასობრივი თუ სოციალური კუთხით, ამიტომ მათი დამოკიდებულება უფრო ინფორმირებული და კეთილგანწყობილია.„

და ბოლოს, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით ყველა დროის პოპულარული მუსიკალური ჟანრია როკენროლი. ყველას მოწონს ბითლზები. ლივერპულელი ოთხეული გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური კოლექტივია. მათ მოსდევთ იგლს, ჯონი ქეში, მაიკლ ჯექსონი, ელვის პრესლი და როლინგ სტოუნსი.

არცერთი გამოკითხული რესოპნდენტი არ ფიქრობს, რომ განსხვავებული მოსაზრებები რომელიმე აღნიშნულ საკითხში კონფლიქტის მიზეზია მშობლებს და შვილებს შორის.

XS
SM
MD
LG