ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მომხდარ ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა


ავღანეთის ხელისუფლება იუწყება, რომ დღეს ქვეყნის დედაქალაქ ქაბულის გარეუბანში განხორციელებულ ტერაქტს შვიდი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. კამიკაძე ტერორისტის მიერ მართვადი ავტომობილი საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის ავტოკოლონასთან შეჯახებისას აფეთქდა. გაერო აცხადებს, რომ აფეთქებაში ორგანიზაციის ორი ავღანელი თანამშრომელი დაიღუპა. ტერაქტის შედეგად დაჭრილია ორმოცდაათამდე ადამიანი. დღეს დილით ქაბულში პრეზიდენტის სასახლის შორიახლოს რაკეტა ჩამოაგდეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რაკეტები ქალაქის პოლიციის მთავარ შენობასაც სტყორცნეს. ავღანეთის ურუზგანის პროვინციაში კი კამიკაძემ საარჩევნო პუნქტში აიფეთქა თავი. ამ ტერაქტის შედეგად დაიღუპა სამი ავღანელი სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი. შეგახსენებთ, რომ მომავალ ხუთშაბათს ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. თალიბებმა ამ არჩევნების ჩაშლის პირობა დადეს და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გაახშირეს თავდასხმები.
XS
SM
MD
LG