ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ აფასებენ რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობას ექსპერტები და რას ფიქრობს მთავრობა?



რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ცოტა ხნის წინ სოჭში პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან შეხვედრისას რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის უღიმღამო სურათი დახატა და განაცხადა, რომ ქვეყანას აღარ შესწევს უნარი ისევ ისე გააგრძელოს ეკონომიკური საქმიანობა, როგორც მანამდე. დამკვირვებლები კი აღნიშნავენ, რომ რუსეთი შეეცდება ყველა აუცილებელი ზომა მიიღოს ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად.

რუსეთის პრეზიდენტი აღიარებს, რომ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა რუსეთზე მძიმე დარტყმა მიიტანა, რამეთუ ქვეყანა ბუნებრივი რესურსების ექსპორტზეა დამოკიდბეული.

გამოსვლისას, პრეზიდენტმა მ ედვედევმა არც თუ ისე სახარბიელო სურათი წარმოადგინა რუსეთის ეკონომიკის მომავლისთვის.

მედვედევის ხმა:

მედვედევი ამბობს რომ რუსეთს, მომავლის ხედვა ესაჭირობა. ამის ნაცვლად კი იგი უსასრულო წრეს არტყამს. უფრო თვალსაჩინოდ ეს გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა წარმოაჩინა, რომლის გამო რუსეთში უფრო ცუდი სიტუაცია შეიქმნა ვიდრე სხვა ქვეყნებში. მისი განცხადებით, საქონლის ექსპორტზე დამოკიდებულება კარგს არაფერს მოიტანს და რომ რუსეთის ეკონომიკას მომავალი არ აქვს, თუ იგი სტრუქტურულად არ შეიცვლება.

გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში კი მოთხოვნა რუსულ ნავთობზე, ბუნებრივ აირზე, ხე-ტყის მასალასა და სხვა რესურსებზე დავარდა, ისევე როგორც მათი ღირებულება.

რუსეთის სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, შარშანდელთან შედარებით, წელს, მეორე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 11 პროცენტით შეიკვეცა. ეს კი ყველზე დიდი კლებაა ერთი წლის განმავლობაში.

რუსეთში ასევე მაღალია ინფლაციის დონე და ძალიან დაბალია საწარმოებული პროდუქციის მოცულობა. ეკონომიკის აქტივობა ისეთ ქვეყნებს ჩამოუვარდება როგორებიცაა ბრაზილია, ინდოეთი და ჩინეთი.

რუსეთის სარეზერვო ფონდი, რომელიც ნავთობის ექსპორტისგან შემოსული ფულით სულდგმულობს, ივლისში 88 მილიარდი დოლარით დაეცა, მას შემდეგ რაც მარტში სარეზერვო ფონდის მოცულობამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს- 137 მილიარდ დოლარს მიაღწია. ფონდი, სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად დაეცემა წლის ბოლომდე. ფინანსთა სამინისტრო აკეთებს გაფრთხილებას, რომ 2010 წლის ბოლოსთვის სარეზერვო ფონდი ფაქტობრივად მთლიანად ამოიწურება. კონომიკის რესტრუქტურიზაცია კი როგორც ჩანს მალე ვერ მოხდება.

რუსი ეკონომისტი მიხაილ დელიაგინი ეჭვობს, რომ პრეზიდენტმა მედვედევმა მხოლოდ ახლა დაინახა რუსეთის ეკონომიკის პრობლემები. ეკონომისტები ვარაუდობენ იმასაც, რომ რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემების დასაძლევად, მარტივი რეცეპტი არ არსებობს. რუსეთში კერძო ალფა ბანკის წამყვანი ეკონომისტი ნატალია ორლოვა აცხადებს, რომ ისტორიულად სულ რამდენიმე შემთხვევა არსებობს, როცა მსხვილმა ენერგო ექსპორტიორმა ქვეყნებმა წარმატებულად მოახდინეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია. ორლოვას ხმა: “ რუსეთის ეკონომიკას დიდი ხანი დასჭირდება, სანამ დივერსიფიკაცია გახდება შესაძლებელი და სტრატეგიის ცვლილებაც მოხდება.”

მოსკოვის ახალი ეკონომიკური სკოლის პროფესორი ოლეგ ზამულინი აცხადებს, რომ მაშინ როცა რუსეთმა ბოლო ათწლეულის მანძილზე ბევრი გააკეტა ფინანსური და სავაჭრო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, დღეს სახეზეა სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობა. აქ იგი გულისხმობს კანონის უზენაესობას და გამართულ სასამართლო სისტემას, რომელიც კერძო ინვესტიციებს იცავს. ზამულინის განცხადებით, რუსეთის პოლიტიკური სისტემა ვერ უწყობს ეფექტური სამართალდამცავი სისტემების განვითარებასა და სასამართლო სისტემის არსებობას. ამიტომაც, არარეალურია, რომ უახლოეს მომავალში რუსეთში ინვესტიციები ჩაიდება, რაც ასე გაზრდიდა მის ეკონომიკურ წარმატებას.

XS
SM
MD
LG