ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები საქართველოს სამხედრო ძალების წვრთნას განაგრძობს


პარასკევს, 14 აგვისტოს, გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნდა სტატია სათაურით “შეერთებული შტატები საქართველოს სამხედრო ძალების წვრთნას განაგრძობს,” რომელშიც განხილული იყო ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომბლობის განახლება. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო ფაკულტეტის წევრს პოლკოვნიკ ჯონ ჩიკის. ბატონმა ჩიკიმ თავიდანვე აღნიშნა საგანგებოდ, რომ ინტერვიუში იგი გამოთქვამს მის პირად აზრს, რაც არ წარმოადგენს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის, თავდაცვის სამინისტროსა, თუ შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ პოზიციას.

ხსენებულ სტატიაში გარკვევით ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება მთლიანად მიმართული იქნება ქართული ჯარის მოსამზადებლად ავღანეთში თალიბ მეამბოხეთა წინააღმეგ ოპერაციებში მონაწილეობისთვის. ხაზგასმით აღნიშნულია ისიც, რომ ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორებს დაევალათ არ ასწავლონ ქართველ ჯარისკაცებს ისეთი სახის საბრძოლო ხერხები, რაც მათ შესაძლოა გამოადგეთ რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით პოლკოვნიკმა ჩიკიმ განაცხადა:

“როგორც თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენ ამგვარი წვრთნა უკვე ჩავატარეთ საქართველოში არცთუ შორეულ წარსულში, როცა ჩვენ მოვამზადეთ ქართული სამხედრო ნაწილები ერაყისთვის. ამდენად ის საბრძოლო ხერხები და სამხედრო წვრთნის მეთოდიკა, რომელსაც შეერთებული შტატები გადასცემს ქართულ ჯარს, ძირითადად გამოიყენება მეამბოხეთა წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებში და არა გაერთიანებულ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებში ტერიტორიის დასაცავად.”

რაც შეეხება სამხედრო დახმარების ფორმატს, ჯონ ჩიკის თქმით, უმეტეს წილად ყურადღება დაეთმობა სამხედრო შენაერთების წვრთნას ბატალიონის დონეზე და მის ქვემოთ ანუ ოცეულის ჩათვლით. ჩიკიმ აღნიშნა, რომ ვინაიდან ერაყსა და ავღანეთს შორის დიდი სხვაობაა, სამხედრო დახმარებაშიც შესაბამისი შესწორებებია შეტანილი თალიბი მეამბოხეების ტაქტიკისა და თვით ავღანეთის თავისებურებების გათვალისწინებით. ჩიკიმ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება საქართველოსთვის არ ითვალისწინებს წვრთნას ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განხორციელებაში, რომელშიც, როგორც წესი, მოაწილეობას ღებულობს ჯავშნიანი ტექნიკა, არტილერია და საჰაერო ძალები.

ხსენებული სამხედრო დახმარების პროგრამის ზოგიერთი კომპონენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ საბრძოლო ვითარებაში ტერიტორიის დაცვის ჩათვლით, რაც უეჭველია რუსეთის მთავრობის რეაქციას გამოიწვევს. პოლკოვნიკ ჩიკი აღიარებს რომ ტაქტიკურ დონეზე საბრძოლო მეთოდების გამოყენება ნამდვილადაა შესაძლებელი როგორც შეტევითი ისე თავდაცვითი ოპერაციების დროს. თუმცა მისი თქმით საბოლოო ჯამში ქართული ჯარის მიერ ამ ხერხების ათვისებამ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს რაიმე სამხედრო საფრთხე არ უნდა შეუქმნას. აი რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ბატონმა ჩიკიმ:

“მოსკოვმა შეიძლება შეშფოთება გამოხატოს, მაგრამ რუსეთმა ან მსოფლიოს ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ უფრო იმაზე უნდა იფიქროს თუ რამდენად წარმატებული იქნება ნატო და საერთაშორისო სამხედრო ძალების კონტინგენტი ავღანეთში. და ამ მხრივ თითოეული ქვეყნის სამხედრო წვლილი სარგებლობას მოუტანს ავღანელ ხალხს, სამხრეთ და შუა აზიას, ისევე როგორც რუსეთსა და ჩინეთს და მთელს მსოფლიოსაც. ასე რომ, თუ მოსკოვი რაიმე შეშფოთებას გამოთქვამს, ეს სამწუხარო იქნება.”

“ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიაში ნახსენებია ისიც, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად აცნობა რუსეთის მხარეს საქართველოსთვის სამომავლოდ დაგეგმილი სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ, რაც შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ პენტაგონი ირიბად აღიარებს მოსკოვის გავლენის სფეროს კავკასიაში. აი რა პასუხი გასცა ამ კითხვაზე პოლკოვნიკმა ჩიკიმ:

“მე მესმის, რომ მიმოხილველთა გარკვეული ნაწილი ასეთ დასკვნას გამოიტანს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, თითქოსდა ჩვენ რაღაც ნებართვას ველით მოსკოვისგან სანამ დავიწყებთ სამხედრო დახმარების აღმოჩენას. ჩემის აზრით, სინამდვილეში ჩვენი განზრახვის ნათლად ახსნა ხელსაყრელია რადგან ამ სვლით ჩვენ თავიდან ვიცილებთ რუსეთის მხრიდან შესაძლო გაუგებორობებს, საჩივრებსა თუ დეზინფორმაციას. მე დარწმუნებული ვარ, რომ პენტაგონს არ ესაჭიროება რუსეთის თანხმობა იმისთვის რათა შეერთებულმა შტატებმა დაიწყოს სამხედრო დახმარების აღმოჩენა საქართველოსთვის, მაგრამ ომის წლისთავთან დაკავშირებული დაძაბულობისა და რუსეთის მთავრობის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო, ვფიქრობ ურიგო არაა, რომ ჩვენ მათ წინასწარ ვაცნობეთ. გულახდილად რომ ვთქვათ, ეს დახმარება რუსეთს არაფრით ემუქრება და პირიქით ჩვენ საერთო მიზანს ემსახურება იმიტომ რომ ავღანეთში უსაფრთხოების განმტკიცებასა და მშვიდობის დამყარებას ხელს უწყობს.”

კითხვაზე თუ რა ზეგავლენას იქონიებს რუსეთის სამხედრო ძალების მზარდი კონცენტრაცია აფხაზეთში რეგიონის სამხედრო ბალანსზე და განსაკუთრებით კი თურქეთის პოზიციაზე, ბატონმა ჩიკიმ დასძინა:

“ჩემთვის უცნობია თურქების დამოკიდებულება რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის პერსპექტივაზე შავი ზღვის აუზში. მე მგონი რუსების საზღვაო ძალების მომატება შავ ზღვაზე თურქეთში გარკვეულ შეშფოთებას უცილობლად გამოიწვევს, მაგრამ იმავდროულად ისიც უნდა ავღნიშნი, რომ საერთოდ, რაც შეეხება თურქეთის ურთიერთობას რუსეთთან, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი გზაჯვარედინზე იმყოფება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ანკარა დიდი ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს რუსეთის მოქმედებებს.”


XS
SM
MD
LG