მოსკოვში გამართულ სამიტზე პრეზიდენტებმა დიმიტრი მედვედევმა და ბარაკ ობამამ პირობა დადეს, რომ მოხდებოდა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა. ახლა დროა, რომ ორივე ქვეყანამ დაიწყოს იმ მიზნების განხორციელება, რომლებიც პრეზიდენტმა ობამამ და პრეზიდენტმა მედვედევმა დასახეს.
დღის წესრიგში პირველ ადგილზე სტრატეგიული იარაღის შემცირების ხელშეკრულების შეცვლის თაობაზე შეთანხმების მიღწევა დგას. ეს ახალი ხელშეკრულება აშშ-სა და რუსეთის ბირთვული ქობინებისა და მიწოდების სისტემების ერთი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. აშშ ასევე მუშაობს რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებაზე ავღანეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის და რაკეტსაწინაღო საკითხების ირგვლივ.
აშშ-მ და რუსეთმა მნიშვნელოვნად უნდა გააძლიერონ ერთამანეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები. მიუხედავა იმისა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი ვაჭრობა ვითარდება, გასულ წელს მან მხოლოდ 36.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს რიცხვი, ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი, „დაბალია, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებთან ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო მაღალი შედეგების მიღწევა შეგვიძლია."
პრეზიდენტების ობამასა და მედვედევის გადაწყვეტილებით ახალი ორმხრივი საპრეზიდენტო კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფი იმუშავებს აშშ-სა და რუსეთს შორის ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობებისათვის ბარიერების მოხსნისა და ხელშემწყობი პირობების შექმნაზე. როგორც პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა მოსკოვში ვიზიტის დროს, გამჭვირვალობას, პასუხისმგებლობას და კანონის უზენაესობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ეკონომიკის ძლიერებისათვის. ბატონი გორდონი ამბობს, რომ აშშ „მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია რუსეთში კორუფციის მოსპობასა და სამართლებრივის სისტემის გაძლიერებისაკენ." ასევე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა და აშშ-მ თავი შეიკავონ პროტექციონისტური ზომებისაგან, რომლებიც ეკონომიკის აღორძინებას ხელს უშლის.
აშშ ხელს უწყობს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რადგანაც ის დაეხმარება რუსეთს კანონზე დაფუძნებულ სავაჭრო სისტემაში ინტეგრირება მოახდინოს და ამერიკისა და რუსეთის კომპანიებს შეუქმნას უფრო კარგი პირობები თანამშრომლობისათვის.
უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საკითხების გარდა, ამერიკელებსა და რუსებს სხვა მნიშვნელოვანი საერთო ინტერესებიც გააჩნიათ. მათ შორისაა კანონის უზენაესობის დამკიდრება, დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა. ორივე პრეზიდენტი აცნობიერებს იმას, რომ აშშ-სა და რუსეთს შეუძლიათ თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ხალხების სასარგებლოდ და თავიანთი განსხვავებების ღიად და ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე შემცირება.