ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე საუბრობენ


ერთ წელზე მეტი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს ომს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში.

ევრაზიის საკითხების ექსპერტი პოლ გობლი ყოფილ საბჭოთა კავშირში ტექნიკური და რელიგიური უმცირესობების სპეციალისტია. აი რა მოსაზრება გამოთქვა მან ამერიკის ხმასთან საუბარში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ:

_"საქართველოს მთავრობა დაუფიქრებლად, ხოლო რუსეთის მთავრობა კი კრიმინალურად მოიქცა. საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო ჯარი შეეყვანა სამხრეთ ოსეთში, რომელსაც მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობა, როგორც საქართველოს ნაწილს ისე მოიაზრებს. ეს ნაბიჯი კი რუსეთის მთავრობამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა და რუსული ჯარები გადაისროლა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ სამხრეთ ოსეთში, შემდეგ კი უკვე მის საზღვრებს გარეთ იმ საბაბით, რომ იგი რუსეთის მშვიდობისმყოფელებს იცავდა. სინამდვილეში კი რუსეთის ჯარმა გაარღვია საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ აღიარებული საზღვრები, რაც თავის თავად უკვე ომს ნიშნავს. რუსეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ პროპაგანდის კუთხით მან განსაზღვრულ წარმატებებს მიაღწია იმაში, რომ ასე თუ ისე დაარწმუნა ევროპა და შეერთებული შტატები მოსკოვის პრეტენზიის სისწორეში, კერძოდ იმაზე, რომ ეს ომი პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო."

მოსკოვში კარნეგის ცენტრის რუსი ჟურნალისტი მაშა ლიპმანი საუბრობს იმაზე, თუ როგორ ცდილობდა კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული საინფორმაციო საშუალებები დაერწმუნებინათ რუსეთის მოსახლეობა იმაში, თუ რა ბოროტებას წარმოადგენს საქართველო და რომ სწორედ იგია აგრესორი.

-„ომის წლისთავისათვის ორივე მხარემ დიდ ძალისხმევას მიმართა პროპაგანდაში. საქართველო აცხადებს, რომ სწორედ რუსეთია აგრესორი. ჩემის აზრით დღეს არავითარი აზრი არა აქვს იმის გარკვევას თუ ვინ დაიწყო ეს ომი. ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული ეს საკითხი, ხოლო თუკი იმ დეტალების შესწავლას შევუდგებით, რომელიც ორივე მხარემ წარმოადგინა პრაქტკულად შეუძლებელი გახდება იმის დადგენა თუ რა მოხდა ზუსტად. ჩემისაზრით ამ კონფლიქტს დასაბამი ხუთი წლის წინ მიეცა. „

ლევან ცუცქირიძე საერთაშორისო უშიშროების საკითხების სპეციალისტია და ამავე დროს საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტია.

-„ უშიშროების თვალსაზრისით თუ შევხედავთ სიტუაციას საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც მთლიანობაში მდგომარეობა, როგორც ძალზე არასტაბილური ისე აღიქმება. თბილისი პრაქტიკულად რუსეთის არტილერიის მოქმედების რადიუსშია. მეორეს მხრივ პრობლემატურია ის, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლება და მისი ამოქმედება. ჩვენთვის მთავარია ახლა გადავიტანოთ ეს ფინანსური პრობლემები და როგორმე ნორმალურ კალაპოტში მოვაქციოთ ჩვენი ეკონომიკა. მესამე საკითხი , რომელიც ნამდვილად მოსაგვარებელია არის ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზება. „

ბატონი ლევანის აზრით, როგორც სჩანს პრეზიდენტი სააკაშვილი ისევ დარჩება ქვეყნის მართვის სადავეებთან მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ცდილობს მიაღწიოს მის გადადგომას.

-„ჩემის აზრით ამ მოვლენების შემდეგ ოპოზიციის საპროტესტო მანიფესტაციები, მთავრობის რეაქცია და ასე შემდეგ, ადგილი აქვს სიტუაციის განსაზღვრულ ნორმალიზებას და ეს გამოიხატება იმაში, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია დათანხმდა დიალოგზე და შესაძლოა მომავალში კომპრომისიც კი იქნას მიღწეული. „

ამერიკის ხმასთან საუბარში პოლ გობლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა კონკრეტული დასკვნები უნდა გამოიტანოს მომხდარიდან, რათა მან მომავალში უფრო ეფექტურად შესძლოს ურთიერთობა საქართველოსთან და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან:

-„ აშშ უნდა მიხვდეს იმას, რომ ამიერიდან ვაშინგტონმა ზუსტი და კონკრეტული სახით უნდა წარმოაჩინოს თავისი მიდგომა ამა თუ იმ საკითხისადმი. არა მგონია, რომ სააკაშვილს გადაედგა ეს ნაბიჯი, მას რომ არ ჰქონოდა იმის იმედი, რომ შექმნილ სიტუაციაში აშშ-ს გამოსავალი არ დარჩებოდა გარდა იმისა, რომ ამ ომში მხარი დაეჭირა საქართველოსათვის და ამის საფუძველი მას მიეცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი სახელმწიფო მდივნის განცხადებებიდან. და კიდევ ერთი რამ, აშშ-მ და დასავლეთ ევროპამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიარონ ის, რომ დღეს რუსეთს განაგებს მთავრობა, რომელიც არ სცნობს 1991 წლის მოვლენებს, როგორც ცივი ომის დასასრულს. აქედან გამომდინარე ეს რევიზიონისტული პოზიციის მქონე რუსეთის მთავრობა წარმოადგენს საფრთხეს არა მარტო საქართველოსათვის, არამედ რუსეთის ფედერაციის ყველა მეზობელი ქვეყნისათვის." საგულისხმოა ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი ალაპარაკდა მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფაზე. როგორც მან განაცხადა, რუსეთის გავლენის სფეროში უნდა მოექცნენ არა მარტო რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები, არამედ რუსეთის მოქალაქეები და კომერციული ინტერესები მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი.


XS
SM
MD
LG